Accentnews.ge
ოპოზიციის რეაქცია საარჩევნო ბარიერის შესახებ კობახიძის განცხადებაზე: "ულტიმატუმი წაუყენა ევროკავშირს"

ოპოზიციის რეაქცია საარჩევნო ბარიერის შესახებ კობახიძის განცხადებაზე: "ულტიმატუმი წაუყენა ევროკავშირს"

07/07/2022 13:09:54 პოლიტიკა

ოპოზიციური პარტიების ნაწილი საარჩევნო ბარიერის თაობაზე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებას უარყოფითად აფასებს.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლევან ბეჟაშვილი აცხადებს, რომ პოლიტიკოსმა "პრაქტიკულად, ულტიმატუმი წაუყენა ევროკავშირს".

„ეს არის აბსურდი, რადგან ჩვენ იმ მდგომარეობაში არ ვართ, რომ ევროკავშირს დამატებითი მოთხოვნები წავუყენოთ. ასეთი რიტორიკით და განცხადებებით კიდევ უფრო აშორებენ საქართველოსთან მიმართებაში ევროკავშირის გადაწყვეტილებას და ხელს უწყობენ ქვეყანაში რუსული ნარატივის გაგრძელებას. აჩვენებენ, რომ მათთვის მთავარი კანდიდატის სტატუსის მიღება კი არ არის, არამედ რაც შეიძლება გამწვავდეს ურთიერთობა საქართველოსა და ევროკავშირს შორის. ისევ ულტიმატუმის ენით აპირებენ ევროკავშირთან საუბარს“,- განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრი დეპუტატი პაატა მანჯგალაძე აღნიშნავს, რომ "ირაკლი კობახიძემ თავისი დღევანდელი განცხადებით კიდევ ერთხელ დაადასტურა სისწორე ჩვენი მიდგომის, რადგან „ქართული ოცნება“ არის თაღლითი და გადამგდები".

"ვიდრე ახალ ურთიერთობასა და ახალ ნდობაში შევალთ „ქართულ ოცნებასთან“, უნდა ვაიძულოთ, რომ დავაბრუნებინოთ ის, რაც აქვს შესასრულებელი. 19 აპრილის შეთანხმების პირობები ვალად აქვს „ქართულ ოცნებას“, ეს აქვს შესასრულებელი“, - განაცხადა მანჯგალაძემ.

„რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარე, დეპუტატი ხათუნა სამნიძე მიიჩნევს, რომ კობახიძე ცდილობს, ყველა ოპოზიციური პარტია ერთ კუთხეში მიდევნოს და დაარქვას რადიკალური ოპოზიცია:

„ეს განცხადება გაკეთდა მიზანმიმართულად. „ქართული ოცნების" ერთადერთი საშუალებაა, რომ პრობლემა შეექმნას ქვეყანას სტატუსის მისაღებად, ეს ოპოზიციას დაბრალდეს და ხელი გაიშვირონ ოპოზიციისკენ. სრული რადიკალიზაციაა ვითარების და ამისთვის ისინი გააკეთებენ ყველაფერს. მათთვის მოულოდნელი იყო, რომ შეხვედრაზე პარტიების ნაწილი მიდის სასაუბროდ საკუთარი დღის წესრიგით და რა თქმა უნდა, „ქართული ოცნება“ აკეთებს ყველაფერს და კობახიძე ამ განცხადებით ცდილობს, ყველა ოპოზიციური პარტია, ისინიც კი, ვინც ცდილობს, ცდა არ დააკლოს 12 პუნქტის შესრულებას და კიდევ აგრძელებს შეხვედრებს „ქართულ ოცნებასთან" ყველა ერთ კუთხეში მიდევნოს და დაარქვას რადიკალური ოპოზიცია. ამით ხელი გაიშვიროს ისევ ოპოზიციისკენ და უთხრას დასავლელ პარტნიორებს, რომ ოპოზიცია ჰყავს რადიკალები, არ დგამს არც ერთ ნაბიჯს დეპოლარიზაციისკენ და არ ხვდება „ქართულ ოცნებას". ამიტომ ჩემს კოლეგებს ყველა ოპოზიციური პარტიიდან მოვუწოდებ, რომ ასეთი მიზანმიმართული განცხადების შემდეგ პირიქით, ჩვენ უნდა ჩავერთოთ პროცესში, რომ „ოცნებამ" წარმოადგინოს, რას აპირებს კობახიძის ამ სამარცხვინო განცხადების შემდეგ. იმიტომ, რომ შანტაჟის ენით საუბარი მან უკვე დაიწყო ევროკავშირთან".

პარტია „საქართველოსთვის“ წევრი დეპუტატი ანა ბუჩუკური აცხადებს, რომ საარჩევნო ბარიერის საკითხი მნიშვნელოვანია, თუმცა არ შეიძლება, ეს იყოს პრიორიტეტი ნებისმიერი მხარისთვის:

„არ შეიძლება, რომ უმნიშვნელოვანესი საკითხები (ჩვენ კონკრეტული დავალება გვაქვს სტრატეგიული მოკავშირეების მხრიდან), გადაინაცვლოს და გახდეს მეორეხარისხოვანი. კატეგორიულად მიუღებელი იქნება, რომ ნებისმიერმა პოლიტიკურმა ორგანიზაციამ შემდეგ პარლამენტში შესვლა გაცვალოს იმ რეალურ პრობლემების მოგვარებაზე, რომელზეც ეს ქვეყანა დგას“.

„ლელოს“ წევრი ფიქრია ჩიხრაძის აღნიშნავს, რომ „[ქართული ოცნება“] ცდილობს, ისეთი ფოკუსი ჩაატაროს, რომ ხალხი ვერ მიხვდეს რას აკეთებს, მაგრამ მისი ფოკუსები დიდი ხანია გაშიფრულია და ყველა ხვდება, რომ ის ცხადად ატყუებს საზოგადოებას“.

მისი თქმით, „შარლ მიშელის დოკუმენტი“ იძლევა დეპოლარიზაციისთვის საუკეთესო შესაძლებლობას.

“მოქალაქეების” ლიდერი ლევან იოსელიანი აცხადებს, რომ დაბალი საარჩევნო ბარიერი საქართველოს სჭირდება და არა ევროკომისიას, რომელსაც ბარიერის არდაწევით ვერ დააშანტაჟებენ.

მისი თქმით, “ქართულ ოცნებას” დღეს ევროკომისიასთან ვაჭრობის რესურსი არ აქვს:

“პირველ რიგში, ყველაზე მნიშვნელოვანია 12-პუნქტიანი გეგმის შესრულება ყველას მიერ, რომ ჩვენ მივიღოთ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი. შემდეგ მნიშვნელოვანია, რომ ამ ქვეყანაში შემდგომი არჩევნები ჩატარდეს გახსნილ, პლურალისტურ გარემოში, სადაც განსხვავებულ პარტიებს, განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებს ექნებათ საშუალება გადალახონ ბარიერი და პარლამენტში შემოვიდნენ. ეს თუ არ მოხდა და 5%-იანი ბარიერის პირობებში, მხოლოდ ორმა პარტიამ შეძლო პარლამენტში შემოსვლა, ეს ამ ქვეყანას იმდაგვარი დაპირისპირების წინაშე დააყენებს, რომელიც მთელი ეს 30 წელია, არსებობს და რამაც ცუდის მეტი არაფერი მოგვიტანა. [...] დეპოლარიზაციას ხელს საარჩევნო ბარიერის დაწევა შეუწყობს, არ ვფიქრობ, რომ დღეს „ქართულ ოცნებას” იმის რესურსი აქვს, ამით ევროკომისიას ევაჭროს. მათ კონკრეტული დღის წესრიგი მოგვცეს, თუ შეასრულებენ, კანდიდატის სტატუსს მივიღებთ. ევროკომისიის მიმართ იყო გზავნილი, სტატუსი მოგვეცით და ჩვენ მივიღებთ, დაბალ ბარიერსო. დაბალი ბარიერი ამ ქვეყანას სჭირდება და არა ევროკომისიას. საკონსტიტუციო ცვლილებებზე ჩვენ უნდა გველაპარაკონ, არგუმენტი ჩვენგან უნდა მოისმინონ. თორემ, ევროკომისიას ამით ვერ დააშანტაჟებ, მათ 12 პუნქტის შესრულება სჭირდებათ".

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ მას შემდეგ რაც დეკემბერში ქვეყანა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს მიიღებს პარლამენტი კონსტიტუციურ კანონს მიიღებს, რომლის თანახმად, 2024 წლის და შემდეგი არჩევნები სრულად პროპორციული სისტემით, 2%-იანი ბარიერით ჩატარდება.

ცნობისთვის: ევროკავშირში არაერთხელ განაცხადეს, რომ საქართველო მიირებს კანდიდატი ქვეყნის სტატუსს, როგორც კი ქვეყნისთვის ევროკომისიის მიერ გაცემული 12 პირობა შესრულდება.

კერძოდ, ევროკომისიის ერთ–ერთი რეკომენდაციაა, "მოგვარდეს პოლიტიკური პოლარიზაციის საკითხი პოლიტიკურ პარტიებს შორის თანამშრომლობის უზრუნველყოფის გზით, "19 აპრილის შეთანხმების" სულისკვეთებით. [...] გაუმჯობესდეს საარჩევნო ჩარჩო; მოგვარდეს ამ პროცესში ეუთო/ოდირისა და ევროპული საბჭოს/ვენეციის კომისიის მიერ გამოვლენილი ხარვეზები".

რაც შეეხება "19 აპრილის შეთანხმებას", ტექსტში აღნიშნულია, რომ არსებული პოლიტიკური უთახმოების დასასრულებლად ერთ-ერთ პუნქტად გაწერილია ამბიციური საარჩევნო რეფორმა, რომელიც, მათ შორის, ადგილობრივი არჩევნების 2,5-3%-იანი, ხოლო საპარლამენტო არჩევნების სრულად პროპორციული წესით, ბუნებრივიდან 2%-მდე ბარიერით ჩატარებას გულისხმობს.

საქართველოს პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი 2021 წლის სექტემბერში პირველი მოსმენით დაუჭირა. ცვლილებების მიხედვით, გარდამავალ დებულებებში აისახება, რომ მომდევნო ორი საპარლამენტო არჩევნები პროპორციული საარჩევნო პრინციპით გაიმართება, რა დროსაც ბარიერი 2%–ით განისაზღვრება. ცვლილებების მისაღებად კანონპროექტის მხარდაჭერა პარლამენტის მეორე და მესამე მოსმენაზეცაა საჭირო.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S