"ივანიშვილისთვის სანქციების დაწესება საქველმოქმედო პროექტების შეჩერებას ნიშნავს"
07/07/2022 13:00:30 პოლიტიკა
პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, "ექს–პრემიერ ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესება საქველმოქმედო პროექტების შეჩერებას ნიშნავს".
"Credit Suisse-ს მოქმედებები ადასტურებს იმას, რომ ვიღაც, რატომღაც არ უფრთხილდება საერთოდ შვეიცარიის საბანკო სისტემის რეპუტაციას. ვის რაში შეიძლება სჭირდებოდეს ეს ყველაფერი, ამაზე საზოგადოებამ უნდა იმსჯელოს, მათ შორის რატომ არის იგივე, არახამია ჩართული ამ ყველაფერში ამაზეც საზოგადოებამ უნდა იმსჯელოს“ , - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მან ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი აქტივების ოდენობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ სინამდვილეში ივანიშვილის სანქცირებით პრობლემა მის საქველმოქმედო საქმიანობას შეექმნება:
„ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა პოლიტიკიდან გასვლის მომენტში, ეს ხდებოდა შარშან იანვარში, რომ ის იტოვებდა საკუთარი ოჯახისთვის მხოლოდ 200 მილიონ დოლარს, 200 მილიონი დოლარის აქტივებს. დანარჩენი თანხა და ეს ვრცელდება მათ შორის კრედიტ სუისში განთავსებულ თანხებზე, მთლიანად მიემართებოდა საქველმოქმედო ფონდში, საქველმოქმედო მიზნებისათვის. ასეთ დროს, როდესაც საუბარია, იმაზე რომ ვიღაცას სურს, ვიღაც არახამიას, რომელმაც საკუთარ თავს უნდა მიხედოს და საკუთარ პრობლემებს, რომელიც შეუქმნა საკუთარ ხალხს, როდესაც არახამია საუბრობს იმაზე, რომ უნდა დაუწესდეს სანქციები ბიძინა ივანიშვილს, ეს ნიშნავს მათ შორის არაერთი, უამრავი საქველმოქმედო პროექტის შეჩერებას, ბიძინა ივანიშვილს ისედაც აქვს დახარჯული 3 მილიონი დოლარი ქველმოქმედებაზე საქართველოში. ეს პროექტები დგება კითხვის ნიშნის ქვეშ ვიღაცა არახამიას გამო, რომელმაც თავის ქვეყანას შეუქმნა, თავისია თუ არა ესეც არ იცის, სერიოზული პრობლემები, ახლა კი მას სურს იგივე პრობლემები ან მსგავსი შეუქმნას საქართველოს, ეს უნდათ ამ ადამიანებს და უნდათ უარესი, ამ უარესს, მე არ ვიტყვი, უბრალოდ“.
ბიძინა ივანიშვილის მიერ დაქირავებულ საადვოკატო ბიუროში (MKD) აცხადებენ, რომ ახალი სანქციების შესახებ წერილი 5 ივლისს მიიღეს. კომპანია უპრეცედენტოს უწოდებს ივანიშვილისთვის დაწესებულ ახალ რეგულაციას და მას ბანკის იმიჯის შემლახავად აფასებს:
"კლიენტისთვის აშკარაა, რომ ბანკის მოქმედებები კლიენტზე პოლიტიკური ზეწოლის მოხდენის მიზანს ემსახურება, რომლის დეტალებზეც, საჭიროებისამებრ, თავად ისაუბრებს ბატონი ივანიშვილი".
მმართველი პარტიის, "ქართული ოცნების", დამფუძნებლისა და საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის ადვოკატმა ვიქტორ ყიფიანმა ჯერ კიდევ 10 ივნისს, ევროპარლამენტში რეზოლუციის მიღებამდე თქვა, რომ მისი კლიენტი 4 მარტიდან "ფაქტობრივი სანქციების პირობებშია".
9 ივნისს ევროპარლამენტმა კენჭი უყარა რეზოლუციას საქართველოში მედიის თავისუფლების დარღვევებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების გამოწვევების შესახებ. დოკუმენტი მოიცავს საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილისთვის მიზანმიმართული სანქციების დაწესების განხილვისკენ მოწოდებას. მასში აღნიშნულია, რომ ივანიშვილი თამაშობს "დესტრუქციულ როლს" ქართულ პოლიტიკასა და ეკონომიკაში და აქვს გავლენა "ჟურნალისტებისა და პოლიტიკური ოპონენტების პოლიტიკურად მოტივირებულ დევნასთან დაკავშირებით".
რეზოლუციის შეფასებისას "ქართული ოცნების" მოქმედმა თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ "ევროკავშირი ფეიკის მსხვერპლია".


