Accentnews.ge
აუსტრევიჩიუსი კობახიძის გამონათქვამებს „პოლიტიკურ პროვოკაციას“ უწოდებს

აუსტრევიჩიუსი კობახიძის გამონათქვამებს „პოლიტიკურ პროვოკაციას“ უწოდებს

07/07/2022 14:43:07 პოლიტიკა

ლიეტუველი ევროპარლამენტარი პეტრას აუსტრევიჩიუსი "პოლიტიკურ პროვოკაციას" უწოდებს "ქართული ოცნების" თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებებს საქართველოს ომში ჩათრევაზე.

„საქართველოს მმართველი პარტია უნდა ფოკუსირდეს კანდიდატის სტატუსის მიღების პირობების შესრულებაზე და შეწყვიტოს ცრუ სიგნალების გავრცელება. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის გამონათქვამები ევროკავშირის პოზიციის შესახებ, რომელიც თითქოს ქვეყანას ომში ჩართვისკენ უბიძგებს, პოლიტიკური პროვოკაციაა“, –წერს ევროპარლამენტარ სოციალურ ქსელში.

ბოლო პერიოდში „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები და მათი მხარდამჭერები საუბრობენ, რომ დასავლეთის ქვეყნებს საქართველოს ომში ჩაბმა სურთ. ისინი ქვეყნის ომში ჩართვის მცდელობაში თავდაპირველად ადანაშაულებდნენ ოპოზიციასა და უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებს, შემდეგ ევროკავშირის მიერ კანდიდატის სტატუსზე გადაწყვეტილების მიღებაც ომში ჩართვაზე უარს დაუკავშირეს.

კერძოდ, გუშინ მმართველი პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ "დეკემბრამდე უკრაინაში ომის დასრულების შემთხვევაში გაიზრდება საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღების შანსი":

„იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ უკრაინაში ომი დეკემბრის ბოლომდე მაინც დასრულდება. ღმერთმა დაგვიფაროს და თეორიულად რომ დავუშვათ, რომ საქართველოში დეკემბრის ბოლომდე ომი იწყება, რა თქმა უნდა, გარანტირებული გვექნება კანდიდატის სტატუსი, თუმცა დამეთანხმებით, ასეთი კანდიდატის სტატუსის მიღება არ ღირს. ოპოზიცია ამას სიამოვნებით გააკეთებდა, მაგრამ ჩვენ ამაზე არცერთ შემთხვევაში არ წავალთ. იმ შემთხვევაში, თუ უკრაინაში ომი დეკემბრამდე დასრულდება, მოიხსნება ის ემოციური ფონი, რომელმაც მათ შორის, საქართველოს საპირისპირო გადაწყვეტილების მიღება განაპირობა ევროკავშირში. იყო გარკვეული ემოციური ფონი, რის გამოც უკრაინას და მოლდოვას მიენიჭა კანდიდატის სტატუსი, საქართველოს კი – არა, და თუ უკრაინაში ომი დეკემბრამდე დასრულდება, შეიცვლება ეს ემოციური ფონი. ასეთ დროს იზრდება იმის შანსი, რომ ჩვენ სტატუსი მოგვენიჭოს“.

ცოტა ხნის წინ აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა აღნიშნა, რომ ნარატივი, რომ ვინმეს საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ ომში ჩაბმა სურს, ФСБ-ს სახელმძღვანელოდან ამოღებული დეზინფორმაციაა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S