Accentnews.ge
ISFED – "2020-ში არჩევნები 5%-იანი ბარიერით რომ ჩატარებულიყო, ამომრჩევლის 25%-ს წარმომადგენელი არ ეყოლებოდა"

ISFED – "2020-ში არჩევნები 5%-იანი ბარიერით რომ ჩატარებულიყო, ამომრჩევლის 25%-ს წარმომადგენელი არ ეყოლებოდა"

07/07/2022 15:02:52 პოლიტიკა

სადამკვირვებლო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნები“ (ISFED ) აცხადებს, რომ 2024 წლის არჩევნებში 5%-იანი ბარიერის დაწესება, საარჩევნო ბლოკების აკრძალვის პირობებში, არაერთ რისკთანაა დაკავშირებული.

ISFED-ს განცხადებით, რისკები, რაც 2024 წლის არჩევნებისთვის 5%-იანი ბარიერის გამოყენებას სდევს თან, შემდეგია:

  • „ამომრჩეველთა ხმების მნიშვნელოვანი რაოდენობის დაკარგვა (არჩევნებში მონაწილე ამომრჩევლების მნიშვნელოვანი ნაწილი პოლიტიკური წარმომადგენლის გარეშე შეიძლება, დარჩეს);
  • ხმებისა და ადგილების მკვეთრად არაპროპორციულად განაწილება (ბარიერგადალახული პარტიები, 5%-ზე დაბალი მხარდაჭერის მქონე პარტიების ხმების ხარჯზე, საქართველოს პარლამენტში მათი მხარდაჭერის დონეზე მნიშვნელოვნად ჭარბი წარმომადგენლობით შევლენ, მათ შორის, მნიშვნელოვნად გაიზრდება „გამარჯვებულის ბონუსი“);
  • საპარლამენტო პარტიების რაოდენობის მინიმალიზაცია (მესამე და შემდგომი პოლიტიკური პარტიების ფრაგმენტირებული მხარდაჭერის პირობებში, პარლამენტში ადგილების მოპოვება შესაძლოა, სამზე მეტმა გაერთიანებამ ვერ შეძლოს);
  • პოლიტიკური პოლარიზაციის გაღრმავება (5%-იანი ბარიერის დარჩენამ შესაძლოა, ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს ერთიან სიაში გაერთიანებისკენ უბიძგოს და გააღრმაოს ბიპოლარიზაცია)“.

ISFED-ს განცხადებით, 2024 წლიდანვე 5%-იანი საარჩევნო ბარიერის გამოყენება მნიშვნელოვნად შეამცირებს საპარლამენტო პარტიების რიცხვს და გაზრდის დაკარგული ხმების რაოდენობას. როგორც ორგანიზაცია აღნიშნავს, 2020 წლის არჩევნების პროპორციული კომპონენტის ხმების შედეგად ადგილები 5%-ზე მაღალი მხარდაჭერის მქონე საარჩევნო სუბიექტებზე რომ განაწილებულიყო, საქართველოს პარლამენტში მხოლოდ ორი გაერთიანება მოხვდებოდა, ამომრჩეველთა 25% კი საქართველოს პარლამენტში წარმომადგენლის გარეშე დარჩებოდა.

„სამართლიანი არჩევნები“ ასკვნის, რომ ძალიან დაბალი საარჩევნო ბარიერი არჩევნების შედეგების არაპროპორციულობის დაბალ დონეს განსაზღვრავს, თუმცა იგი ზრდის პარტიული სისტემის ფრაგმენტაციასა და ფრაქციონალიზაციას. მეორეს მხრივ, ძალიან მაღალი ბარიერი ზღუდავს ფრაგმენტაციას, თუმცა ზრდის ხმებისა და ადგილების არაპროპორციულობას.

„ამდენად, საუკეთესო გზა მათ შორის ბალანსის მიღწევაა, რასაც გარდამავალ ეტაპზე დაახლოებით 2-3 პროცენტიანი ბარიერის დაწესება წარმოქმნის“, – აცხადებს ორგანიზაცია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S