ოპოზიციის ნაწილსა და პარლამენტის თავმჯდომარეს შორის შეხვედრა დასრულდა: "ვერ დავინახე, რომ „ოცნება“ მზადაა საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის"
07/07/2022 15:39:37 პოლიტიკა
„რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარის ხათუნა სამნიძის განცხადებით, "ვერ დაინახა, რომ „ქართული ოცნება“ მზადაა საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის". ამის შესახებ მან ოპოზიციის ნაწილსა და პარლამენტის თავმჯდომარეს შალვა პაპუაშვილს შორის გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
„შეხვედრაზე კონკრეტული დღის წესრიგით ვიყავი, რადგან ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო, დაინახავდა თუ არა „ქართული ოცნება“ იმის აუცილებლობას, რომ ამ პროცესში ჩართული უნდა იყოს ოპოზიცია და პროცესი უნდა იყოს ინკლუზიური. ასევე, აუცილებელია კომპრომისები და ნაბიჯების გადადგმა ოპოზიციის მხარეს. ამის მთავარი ინდიკატორი იქნებოდა საკონსტიტუციო ცვლილებები. სამწუხაროდ, ამ ეტაპზე ვერ დავინახე, რომ „ქართული ოცნება“ მზად არის ამ ნაბიჯისთვის. [...] „ქართული ოცნება“ ვერ მიაღწევს იმას, რომ ყველა პარტიისკენ გაიშვიროს ხელი, ერთ კალათაში ჩასვას ყველა და რადიკალური ოპოზიცია გვეძახოს. მიუხედავად იმ ვითარებისა, რომ „ქართული ოცნება“ მზად არ არის ამ ნაბიჯისთვის, „რესპუბლიკური პარტიის“ სახელით ვლაპარაკობ, რომ ჩვენ მზად ვართ, გავაგრძელოთ მცდელობა და დარწმუნებული ვარ, პოლიტიკური პროცესი დაარწმუნებს „ქართულ ოცნებას“, რომ კომპრომისისა და თანამშრომლობის გარეშე, ეს პროცესი ინკლუზიური ვერ იქნება“, – განაცხადა ხათუნა სამნიძემ.
"გირჩის" წევრი დეპუტატი სანდრო რაქვიაშვილი მიიჩნევს, რომ თანამშრომლობის პროცესი რეფორმების მომზადების პროცესში კონსტრუქციული უნდა იყოს და არა ფორმალისტური:
"მშვიდად ვილაპარაკეთ, გავცვალეთ შეხედულებები. ჩემთვის მაგალითად, ყველაზე კარგი ნაბიჯი იქნებოდა (დეპოლარიზაციისკენ) დაგვეწყო კონსტიტუციიდან, მათი პოზიციაა, რომ კონსტიტუცია ბოლოში. ერთადერთი რაც საერთო იყო, ეს იყო ის, რომ ყველა ვთანხმდებით, თუ პროცესი სწორად მიდის, კანონებს ვიღებთ, თანამშრომლობის პროცესი ეფექტიანია, ერთმანეთს ვუსმენთ, ამან შეიძლება დაწიოს პოლარიზაცია და ეს პრობლემა მოგვარდება ასე. მე ასე ვხედავ, რომ თუ პროცესი წავიდა და ეს არ იქნება მხოლოდ ლაპარაკი, პოლარიზაციის პრობლემა მოიხსნება. ჩვენ არ ვართ ვალდებული გვიყვარდეს ერთმანეთი, მაგრამ შეგვიძლია თანამშრომლობა.როცა კანონპროექტებზე მუშაობა დაიწყება, ეს უნდა იყოს ძალიან კონსტრუქციული და არ უნდა იყოს ფორმალისტური".
პარტია "საქართველოსთვის" წევრი დეპუტატი ანა ბუჩუკური აცხადებს, რომ პარლამენტის თავმჯდომარისგან არ მიუღია დამაჯერებელი პასუხი, რა კომპრომისისთვის იქნება მზად "ქართული ოცნება", დეპოლარიზაციის შესამცირებლად.
"ჩვენი გუნდისთვის კატეგორიულად მიუღებელია ნებისმიერი მხარის მხრიდან უმნიშვნელოვანესი პროცესი, რასაც ჰქვია რეფორმების განხორციელება, რათა დეკემბერში საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი, დაკავშირებული იქნას საკონსტიტუციო ცვლილებებთან, რომელიც უკავშირდება ბარიერის დაწევას. ეს საკითხი არის, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი, მაგრამ არ შეიძლება ეს საკითხი იყოს მთავარი პრიორიტეტი და ესეც დავაფიქსირე ამ შეხვედრაზე. ჩვენი გუნდი მზად არის მაქსიმალურად ჩაერთოს და მაქსიმუმი გააკეთოს იმისთვის, რომ თუნდაც ის 1 პროცენტიანი შანსი, რაც არსებობს, რომ საბოლოო ჯამში დადებითი გადაწყვეტილება იქნას მიღებული დეკემბერში, მაქსიმალურად იქნას გამოყენებული", - განაცხადა ბუჩუკურმა.
"მოქალაქეების“ ლიდერი ლევან იოსელიანი აღნიშნავს, რომ "დეპოლარიზაციისთვის სახელისუფლებო არხებმა სივრცე უნდა გახსნან ოპოზიციისთვის და ასევე ოპოზიციურმა არხებმა უნდა მიიწვიონ ხელისუფლების წარმომადგენლები".
„მოვისმინე როგორ წარმოუდგენიათ მათ დეპოლარიზაცია და ისინი ამბობენ, რომ შეიქმნას რაღაც მონიტორინგის ჯგუფი, რომელიც გააკონტროლებს, აღრიცხავს ტექნიკური პროგრამის საშუალებით, ვინ რა სიძულვილის ენა გამოიყენა და როდის გამოიყენა და მერე ეს გახადონ საჯარო. მე ვთვლი, რომ ეს არ არის საკმარისი და მე ვუთხარი, რომ გახსნან სახელისუფლებო არხებმა სივრცე ოპოზიციისთვის და ოპოზიციურმა არხებმა მიიწვიონ ხელისუფლების წარმომადგენლები და დაიწყოს რეალურად დებატები ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის. ეს საბოლოო ჯამში შეუწყობს ხელს იმას, რომ დეპოლარიზაცია შემცირდეს, მით უმეტეს, ირაკლი ღარიბაშვილისგან ერთ-ერთ ბრიფინგზე მოვისმინეთ, რომ მზად არიან მიიღონ მონაწილეობა ოპოზიციურ ტელევიზიებზე დებატებში. როცა ადამიანები ლაპარაკობენ ერთმანეთში იქ როგორც წესი არის კონფლიქტი, მაგრამ ეს გამონაკლისია და უფრო მეტად არის დისკუსია და რაღაც შედეგზე საბოლოოდ გადიან. თუ არ ლაპარაკობ შენს ოპონენტთან, არ არსებობს რამე შეთანხმებას მიაღწიო. მე არ მესმის იმ ხალხის, ვინც თვლის, რომ ვიღაცას არ უნდა დაელაპარაკოს, ვიღაცას უნდა გაებუტოს, ვიღაცის მიმართ ზურგით უნდა დადგეს, შეიძლება ეს გააკეთო ბაღის ასაკში და არა პარლამენტში, როცა პოლიტიკის კეთებაზე გაქვს პრეტენზია“, - განაცხადა ლევან იოსელიანმა.
ცნობისთვის: ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის დადგენილი 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულების გეგმის ფარგლებში პარლამენტის თავმჯდომარე საპარლამენტო ჯგუფებს შეხვდა. შეხვედრას ოპოზიციიდან ესწრებოდნენ „გირჩის“ წევრი სანდრო რაქვიაშვილი, პარტია "საქართველოსთვის" დეპუტატი ანა ბუჩუკური, "მოქალაქეების" დეპუტატი ლევან იოსელიანი და "რესპუბლიკური პარტიის" თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", "ლელო" და "სტრატეგია აღმაშენებელი" პარლამენტის თავმჯდომარის მიერ მოწვეულ ფორმატში მონაწილეობას არ იღებენ. ისინი "ქართულ ოცნებას" უნდობლობას უცხადებენ, რადგან ფიქრობენ რომ შეხვედრები ფორმალური იქნება და ხელისუფლება, კანდიდატის სტატუსის მისაღებად არაფერს გააკეთებს.


