" ოპოზიციას შევთავაზეთ, რომ გაკეთდეს პოლიტიკოსების რიტორიკის მონიტორინგი"
07/07/2022 17:00:08 პოლიტიკა
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ანრი ოხანაშვილის განცხადებით, ოპოზიციას შესთავაზეს, რომ პოლიტიკური პარტიების, პოლიტიკოსების დამოკიდებულებების, რიტორიკისა და მიდგომების მონიტორინგი გაკეთდეს. ამის შესახებ მან ოპოზიციური ჯგუფების ნაწილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
"ეს ნიშნავს არა ცენზურას, როგორც ეს შეიძლება, ვინმემ თარგმნოს, არამედ სტანდარტს და დამოკიდებულებას, ამომრჩევლისადმი დამოკიდებულებას, აგრესიის კამპანიის შემცირებას. ეს ყველაფერი გარკვეულ პერიოდში გამოქვეყნდება ხოლმე, საჯარო გახდება, რაც მისცემს ყველას საშუალებას, დაფიქრდეს მის თითოეულ გამონათქვამზე“, – განაცხადა ოხანაშვილმა.
მისი თქმით, „ქართული ოცნება“ მზად არის, რომ აგრესიულ რიტორიკასა და კამპანიაზე უარი თქვას:
„მზად ვართ, ეს რიტორიკა შეიცვალოს და ერთმანეთთან კომუნიკაციას ხელი შევუწყოთ. ეს ყველაფერი მონიტორინგს დაექვემდებარება და ეს ნიშნავს არა ვინმეს სანქცირებას, არამედ ყველაფერის გასაჯაროებას ვის რა რიტორიკა აქვს, ევროპელი კოლეგები დაინახავენ, ვინ რას აკეთებს. აგრესიული რიტორიკა სულ მცირე ექვსი თვე გვერდით უნდა გადაიდოს, უნდა ვეცადოთ და შედეგს გამოიღებს თუ არა, ვნახოთ. შედეგიანი იქნება, თუ კონსტრუქციულები ვიქნებით. მონიტორინგი აჩვენებს, ვინ რა გზას ირჩევს. ეს ლუსტრაციას მოახდენს, ვის რა დღის წესრიგი აქვს“.
ცნობისთვის: ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის დადგენილი 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულების გეგმის ფარგლებში პარლამენტის თავმჯდომარე საპარლამენტო ჯგუფებს შეხვდა. შეხვედრას ოპოზიციიდან ესწრებოდნენ „გირჩის“ წევრი სანდრო რაქვიაშვილი, პარტია "საქართველოსთვის" დეპუტატი ანა ბუჩუკური, "მოქალაქეების" დეპუტატი ლევან იოსელიანი და "რესპუბლიკური პარტიის" თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", "ლელო" და "სტრატეგია აღმაშენებელი" პარლამენტის თავმჯდომარის მიერ მოწვეულ ფორმატში მონაწილეობას არ იღებენ. ისინი "ქართულ ოცნებას" უნდობლობას უცხადებენ, რადგან ფიქრობენ რომ შეხვედრები ფორმალური იქნება და ხელისუფლება, კანდიდატის სტატუსის მისაღებად არაფერს გააკეთებს.


