ხუნდაძეს ევროკავშირზე შეთქმულების თეორიის გავრცელების შემდეგ მის მიმართ წამოსულ კრიტიკას პასუხობს
07/07/2022 19:28:23 პოლიტიკა
დიმიტრი ხუნდაძე, რომელმაც "ქართული ოცნების" რიგები თანაგუნდელებთან – სოზარ სუბართან და მიხეილ ყაველაშვილთან ერთად 10 დღის წინ "შიდა პოლიტიკურ პროცესებზე საზოგადოებისთვის მეტი ინფორმაციის მიწოდების" მიზნით დატოვა, ევროკავშირზე შეთქმულების თეორიის გავრცელების შემდეგ მის მიმართ წამოსულ კრიტიკას პასუხობს.
"სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი, ხალხში ერთი პროცენტი მხარდაჭერით, ბრალს გვდებს „ქართული ოცნებიდან“ გასულ სამ დეპუტატს, თითქოს ომის თემა რუსული ნარატივია. როგორც გრიგოლ ვაშაძეს, ასევე სხვა ოპოზიციონერებს ძალიან სურთ, რომ პოლიტიკური ამნეზია დამართონ ხალხს, მაგრამ საბედნიეროდ მათ ყველაფერი კარგად ახსოვთ. მაგ: სახალხო დამცველი როგორ აღვივებდა ომის პროპაგანდას. მისი სიტყვებია: „დგება მომენტი, როცა ბომბებისგან მიღებული ცეცხლი ჯობდეს“, ოპოზიციის წარმომადგენლებისა და უკრაინელი მაღალჩინოსნების მოწოდება, რომ ახლა აფხაზეთსა და სამაჩაბლოში შესვლის დროა. მათ სურთ, უკრაინაში გამწარებული დედების ბედი ქართველმა დედებმაც გაიზიარონ, მაგრამ ჩვენ ამას არ დავუშვებთ. ევროპული საქართველოს წარმომადგენლის, ჭიაბერაშვილის აღიარება, რომ მას სურს ომი და ა.შ. ეს ყველაფერი არაკულუარული, არამედ ღია განცხადებებით იყო, თუმცა ჩვენ არ გვახსოვს არც ერთი განცხადება უცხოეთიდან, რომ სახალხო დამცველი და პოლიტიკური ლიდერები ომის პროპაგანდას არ უნდა ეწეოდნენ. პირიქით, სიჩუმით და ირიბი კომენტარებით ერთგვარად ამართლებდნენ ოპოზიციური სპექტრის ქმედებებს ქვეყანაში.
სამაგიეროდ ზედმეტად „დიდი წონა“ მიეცა „ქართული ოცნების“ დეპუტატის პასუხს პირად შეურაცხყოფაზე და პროვოკაციაზე. არათუ საქართველოში დავიწყოთ ომი, არამედ სასწრაფოდ უკრაინაშიც დაასრულეთ სისხლისღვრა, ვისაც ეგ ხელგეწიფებათ. რაც შეეხება რუსულ ნარატივს, არა მხოლოდ ნარატივი, არამედ ქართული ოპოზიციის ნაწილი რუსული პოლიტიკის უბადლო შემსრულებლები იყვნენ წარსულშიც და ასეთებად რჩებიან ახლაც. რუსული ფულითაც ფინანსდებიან და მათთვის სასარგებლო არეულობასაც უწყობენ ხელს ჩვენს ქვეყანაში.
რუსეთისთვის სასარგებლო აღმოჩნდა ევროკომისიის ის გადაწყვეტილება, რითაც საქართველოს კვლავ აგრესორს უტოვებენ. ჩვენი, სამი დეპუტატის გადაწყვეტილება საჭიროდ პრინციპულია და არავინ იფიქროს, რომ მარტივად შეძლებენ ჩვენ გაჩერებას. ის, რომ ეს უცხოეთში წინასწარ დაწერილი სცენარი იყო და ახორციელებდნენ ქვეყნის შიგნით ოპოზიციონერების ხელით, უკვე რამდენჯერმე ვთქვით. დაჩქარებული წესით განაცხადის შეტანას, წინასწარვე გადაწყვეტილ უარს, ხალხის ცრუ მოლოდინებს და დეკემბრისთვის იმედგაცრუების პიკს, ვერშემდგარი რევოლუციის ახალი ეტაპისთვის იყენებენ.
მივმართავ ამ სცენარის ავტორებს, ვინც ცდილობს, ქვეყნის საზიანოდ მართოს ქუჩა, გააჩერეთ თქვენი ხელის პოლიტიკოსები საქართველოში და მის გარეთ, თორემ შედეგი იქნება ძალიან მძიმე, არა მხოლოდ საქართველოსთვის. ხელისუფლება სერიოზული ზეწოლის ქვეშ იყო და არის ახლაც, რომ დათმოს საკუთარი საზოგადოებისა და ქვეყნის ინეტერესები. ეს ვაჭრობაა თუ შანტაჟი, ფაქტია, „ქართულმა ოცნებამ“ გაუძლო ამ ზეწოლას და ქვეყანა გადაარჩინა. საჭიროების მიხედვით, ხალხისთვის ბევრი სიმართლის თქმას ვაპირებთ, რაც კულუარებში ხდება და აღარავის მივცემთ ჩვენი ქვეყნის დამცირების უფლებას. დაასრულეთ ეს სახიფათო თამაში. არათუ საქართველოში დაიწყოთ ომი, არამედ ის სასწრაფოდ დაასრულეთ უკრაინაშიც“, – აღნიშნულია დიმიტრი ხუნდაძის განცხადებაში, რომელსაც საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.
ცნობისთვის: ბოლო პერიოდში „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები და მათი მხარდამჭერები საუბრობენ, რომ დასავლეთის ქვეყნებს საქართველოს ომში ჩაბმა სურთ. ისინი ქვეყნის ომში ჩართვის მცდელობაში თავდაპირველად ადანაშაულებდნენ ოპოზიციასა და უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებს, შემდეგ ევროკავშირის მიერ კანდიდატის სტატუსზე გადაწყვეტილების მიღებაც ომში ჩართვაზე უარს დაუკავშირეს.
კერძოდ, 6 ივლისს მმართველი პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ "დეკემბრამდე უკრაინაში ომის დასრულების შემთხვევაში გაიზრდება საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღების შანსი":
„იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ უკრაინაში ომი დეკემბრის ბოლომდე მაინც დასრულდება. ღმერთმა დაგვიფაროს და თეორიულად რომ დავუშვათ, რომ საქართველოში დეკემბრის ბოლომდე ომი იწყება, რა თქმა უნდა, გარანტირებული გვექნება კანდიდატის სტატუსი, თუმცა დამეთანხმებით, ასეთი კანდიდატის სტატუსის მიღება არ ღირს. ოპოზიცია ამას სიამოვნებით გააკეთებდა, მაგრამ ჩვენ ამაზე არცერთ შემთხვევაში არ წავალთ. იმ შემთხვევაში, თუ უკრაინაში ომი დეკემბრამდე დასრულდება, მოიხსნება ის ემოციური ფონი, რომელმაც მათ შორის, საქართველოს საპირისპირო გადაწყვეტილების მიღება განაპირობა ევროკავშირში. იყო გარკვეული ემოციური ფონი, რის გამოც უკრაინას და მოლდოვას მიენიჭა კანდიდატის სტატუსი, საქართველოს კი – არა, და თუ უკრაინაში ომი დეკემბრამდე დასრულდება, შეიცვლება ეს ემოციური ფონი. ასეთ დროს იზრდება იმის შანსი, რომ ჩვენ სტატუსი მოგვენიჭოს“.
ცოტა ხნის წინ აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა აღნიშნა, რომ ნარატივი, რომ ვინმეს საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ ომში ჩაბმა სურს, ФСБ-ს სახელმძღვანელოდან ამოღებული დეზინფორმაციაა.


