ადვოკატი: "ამაზე შორს თუ წავედით, სხვა ფაქტების დასახელების მიზნით ბატონი ივანიშვილი თავად ისაუბრებს"
08/07/2022 11:49:09 პოლიტიკა
საქართველოს ექს–პრემიერ ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის ვიქტორ ყიფიანის განცხადებით, ივანიშვილს ფინანსური აქტივები მხოლოდ ტრასტში აქვს და „საუბარი იმაზე, რომს სხვაგან სადმე, ან სანქციის, ან სამართლებრივი სანქციის, ან ფაქტობრივი შეზღუდვის სახით მისი უფლებების შებოჭვა მოხდება, ეს თავიდანვე საფუძველს გამოცლილია“.
„ნებისმიერ გლობალურ ინსტიტუტს აქვს გარკვეული შესაძლო კვეთა პოლიტიკურ ინტერესებთან", აღნიშნავს ადვოკატი და დასძენს: "ეს მხოლოდ ჩვენი მინიშნებაა“.
"ჩვენ მივიღეთ ისეთი ვითარება, როდესაც ამ ფაქტობრივი შეზღუდვების განმახორციელებელი აღმოჩნდა მსოფლიოში ცნობილი გლობალური ფინანსური ინსტიტუტი და მე შემთხვევით არ ვამბობ გლობალურ ინსტიტუტს, ვინაიდან ნებისმიერ გლობალური ინსტიტუტს აქვს გარკვეული შესაძლო კვეთა პოლიტიკურ ინტერესებთან, მაგრამ ეს მხოლოდ ჩვენი მინიშნებაა. ჩვენ ვთქვით კიდევაც განცხადებაში, რომ ჩვენ ჯერჯერობით ამაზე შორის არ მივდივართ და ამაზე შორს თუ წავედით, სხვა ფაქტების დასახელების მიზნით, ამაზე ბატონი ივანიშვილი თავად ისაუბრებს. როდესაც არის აჟიოტაჟი ატეხილი, რომ ეს ფაქტობრივი შეზღუდვები გაფართოვდება და ამაში შეიძლება ბანკის გარდა ჩაერთონ სხვა აქტორები, მე მინდა მათ იმედები გავუცრუო. იერიში და ძირითადი შეტევა მიტანილი იყო სწორედ იმ იურისდიქციაზე, სადაც რეალურად ბატონ ივანიშვილს გააჩნია ფინანსური აქტივი. სხვაგან სადმე ივანიშვილს ფინანსური აქტივი არ გააჩნია. აქედან გამომდინარე საუბარი იმაზე, რომს სხვაგან სადმე, ან სანქციის, ან სამართლებრივი სანქციის, ან ფაქტობრივი შეზღუდვის სახით მისი უფლებების შებოჭვა მოხდება, ეს თავიდანვე საფუძველს გამოცლილია. თუ საუბარია იმაზე, რომ ბატონ ივანიშვილს აქვს გარკვეული აქტივები საქართველოში, აქ რაიმე შეზღუდვაზე საუბარი არასერიოზულია. ბატონ ივანიშვილს, როგორც საფრანგეთის მოქალაქეს, აქვს საცხოვრებელი საფრანგეთში და იქაც შეზღუდვაზე საუბარი ჩემი აზრით გამორიცხულია. თუ ვინმეს რაიმე ინფორმაცია აქვს, რომ სადმე მას აქვს რაიმე ფინანსური აქტივი და შესაძლებელია, რომ ვინმე რაიმეს მოლოდინში იყოს, რომ განხორციელდება შეზღუდვები, გაგვიზიაროს ეს ინფორმაცია. მე დასკვნებით გელაპარაკებით, ვინაიდან ვარ ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი, მაქვს ინფორმაცია მის ფინანსურ აქტივებზე, ფულის მოძრაობაზე და შესაბამისად, შემიძლია აბსოლუტურად დამაჯერებლად გითხრათ, რომ იერიში მიტანილია იმ მისამართით, სადაც ფინანსური აქტივი ფაქტობრივად არის. ვარ მუდმივ კავშირში და მუდმივ კონტაქტზე ბატონ ივანიშვილთან, მინდა კიდევ ერთი მიმართვა გავაკეთო საზოგადოებისადმი, რომ ამ საკითხს ჩვენ ვუდგებით აბსოლუტურად მშვიდად, არანაირ ქაოსს ჩვენი მუშაობის დინამიკაში ადგილი არ აქვს. ძალიან მშვიდად და დამაჯერებლად მივყვებით ამ თემებს. მე მოლოდინი მაქვს, რომ სამართლებრივი პროცედურებით წლის ბოლომდე ამ საკითხსაც მოვაგვარებთ“, - განაცხადა, ტელეკომპანია „იმედის“ ცნობით, ვიქტორ ყიფიანმა.
7 ივლისს ბიძინა ივანიშვილის უფლებადამცველმა იურიდიულმა კომპანიამ MKD–მ გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმად, 5 ივლისს ივანიშვილმა Credit Suisse-სგან მიიღო წერილი, რომელშიც საუბარია, რომ სანქციების დაწესებაზე ევროპარლამენტის რეზოლუციის გამო ბანკი სასამართლოს თანხმობის გარეშე ტრანზაქციებს აღარ შეასრულებს.
კომპანიის განცხადებით, ივანიშვილს აქვს ეჭვი, რომ ბანკის მოქმედებები დაკავშირებულია ქართულ შიდა პოლიტიკაში მიმდინარე მოვლენებთან.


