დეგნანი – ევროკავშირის 12 პირობის შესრულებაზე: "ყველაზე მთავარი ახლა სამუშაოს დაწყებაა"
08/07/2022 17:54:53 პოლიტიკა
აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა უპასუხა ჟურნალისტების შეკითხვას, რომელიც ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად საქართველოს წინაშე დაყენებული 12 პირობის შესრულებას და ამ საკითხზე სამუშაოდ ოპოზიციის ნაწილის მხრიდან პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრაზე უარის თქმას ეხეება.
„ყველაზე მთავარი ახლა არის სამუშაოს დაწყება. არსებობს კარგი გეგმები და ამაზე უნდა მიიმართოს ძალისხმევა. უკვე ყველამ იცის, რა არის საჭირო. უნდა დაიწყოს მუშაობა, იქნება ეს საკანონმდებლო ცვლილებები, რაც არის განსაზღვრული თუ 12 რეკომენდაციის შესრულება, რაც ევროკომისიამ გასცა და ეს უნდა მოხდეს, რაც შეიძლება სწრაფად. ჩემი რჩევა იქნება რაც შეიძლება სწრაფად დაიწყეთ საქმე და ამ ყველაფრის განხორციელება", - თქვა კელი დეგნანმა
7 ივლისს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ევროკავშირის 12 პირობის შესრულების საკითხზე საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილს შეხვდა. შეხვედრაზე არ ყოფილა საპარლამენტო ოპოზიციის დიდი ნაწილი, მათ შორის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", „ლელო", „სტრატეგია აღმაშენებელი".
23 ივნისს ევროპულმა საბჭომ უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭა, საქართველოს კი - ევროპული პერსპექტივა და განაცხადა, რომ მზადაა კანდიდატის სტატუსი მისცეს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება.
„ქართულმა ოცნებამ" ევროკავშირის 12 პირობის შესასრულებლად გეგმა 1 ივლისს წარმოადგინა.


