Accentnews.ge
მმართველი გუნდის წევრი, რომელმაც კელი დეგნანი გააკრიტიკა, "ოცნებას" ტოვებს, რადგან „ხვალიდან უფრო თავისუფლად ილაპარაკოს"

მმართველი გუნდის წევრი, რომელმაც კელი დეგნანი გააკრიტიკა, "ოცნებას" ტოვებს, რადგან „ხვალიდან უფრო თავისუფლად ილაპარაკოს"

11/07/2022 07:00:08 პოლიტიკა

ლაგოდეხის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ღამბაშიძე, რომელმაც საქართველოში აშშ–ის ელჩი კელი დეგნანი გააკრიტიკა, აცხადებს, რომ ტოვებს "ქართულ ოცნებას", რადგან „ხვალიდან უფრო თავისუფლად ილაპარაკოს".

"ალბათ, ყველა ხვდება, რომ ამ გადაწყვეტილების გარეშე ჩვენს გუნდს სერიოზულ უხერხულობას შევუქმნიდი, თუნდაც ამ განცხადებით.“ – აცხადებს ღამბაშიძე.

მისივე თქმით, იგი საკრებულოს წევრად რჩება.

"მეგობრებო, რამდენიმე დღის ნაფიქრი გადაწყვეტილების შესახებ მინდა გითხრათ: ჩემი„ ქართული ოცნება“ ერთიანი, თავისუფალი და ამაყი, ევროპული ოჯახის წევრი საქართველოა, რომელსაც არ ეყოლება მითითების და დირექტივის გარედან მიმცემი, რომელსაც არ ეყოლება მჩაგვრელი, – დაბრუნებული ექნება ოკუპირებული ტერიტორიები, ქვეყანა, სადაც დამოუკიდებლად მიიღებენ გადაწყვეტილებებს, ქვეყანა, რომელსაც ეყოლება მეგობრები და სტრატეგიული პარტნიორები შტატებიდან დაწყებული, დამთავრებული დასავლური სამყაროს ყველაზე პატარა სახელმწიფოთი.

ამ ჩემს „ქართულ ოცნებაში“ არ ჯდება, რომ მთავარი მეგობარი ქვეყნის წარმომადგენელი ამ ქვეყანაში, მისთვის განკუთვნილ წერილს ბოლომდეც კი არ კითხულობს, ისე აყენებს მძიმე შეურაცხყოფას საქართველოს პარლამენტის წევრს მიშა ყაველაშვილს. პირადად ჩემთვის ეს საგანგაშო ამბავი და წითელი ხაზია. რატომ? მაგალითად, საქართველოს ელჩმა ამერიკაში მსგავსი რამ რომ თქვას კონგრესმენზე ან სენატორზე, არ გახდება ის ელჩი გამოსაწვევი? და პირიქით – აქ არაფერი არ მომხდარა?

დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო აღარასდროს დაბრუნდება საბჭოთა, რუსულ წარსულში და არასდროს შეეგუება, სიტუაციას, სადაც ცეკას მდივნები თუ ინსტრუქტორები, რუსეთიდან იძლეოდნენ დავალებებს. ოკუპაციის და ათასი უბედურების, ორასწლიანი ჩაგვრის გარდა, ამ დირექტივების გამოც არ უყვართ რუსეთი ამ ქვეყანაში.

ასეთ დამოკიდებულებას ვერც სხვისგან, თუნდაც მეგობრისგანაც ვერ მივიღებთ…!!!

ამიტომ, ბევრი ფიქრის შემდეგ მივიღე გადაწყვეტილება, მეც გამოვეყო ჩემს, „ქართული ოცნების“ გუნდს, სადაც გულს და სულს ვტოვებ და ხვალიდან უფრო თავისუფლად ვილაპარაკო მსგავს თემებზე. ალბათ ყველა ხვდება, რომ ამ გადაწყვეტილების გარეშე ჩვენს გუნდს სერიოზულ უხერხულობას შევუქმნიდი, თუნდაც ამ განცხადებით.

რაც მიხეილ ყაველაშვილმა დაწერა, ხალხს აწუხებს ეს კითხვები! ამიტომ, მეც მივმართავ ქალბატონ ელჩს, დაასახელოს თუნდაც ერთი ტყუილი, რაც პარლამენტის წევრის წერილში იყო მითითებული და პასუხი გასცეს დასმულ კითხვებს. მისი დამოკიდებულება ნამდვილად აზიანებს საქართველოს და ამერიკის ამდენი წლის ნაშენებ მეგობრობას და ურთიერთობას, რაც არც ერთი ნორმალურად მოაზროვნე ადამიანისთვის კარგი არ არის!

თუ კი ვინმეს, მუნიციპალიტეტებიდან, სურვილი აქვს შემომიერთდეს – მოხარული ვიქნები, თუმცა ისეც არ უნდა ვქნათ, რომ რომელიმე რაიონში ქართულმა ოცნებამ უმრავლესობა დაკარგოს, ამით მხოლოდ ქვეყნის მტრების – „ნაცების“ საქმის გაკეთება გამოგვივა. და ბოლოს, ნამდვილად მჯერა, რომ გუნდიდან გასვლით უფრო დავეხმარები ჩემს ქვეყანას, ჩვენს შვილებს და თუნდაც იმავე ქართული ოცნების გუნდს, რომლის წინააღმდეგ ნამდვილად არ ვაპირებ წასვლას. უბრალოდ, ფრაქციიდან გასული პარლამენტარების მსგავსად, მეც ვფიქრობ, რომ ხალხს უფრო ღია ტექსტებით და მეტი სიმართლე უნდა ველაპარაკოთ!“ – აცხადებს ღამბაშიძე.

ცნობისთვის: ბოლო პერიოდში „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები და მათი მხარდამჭერები საუბრობენ, რომ დასავლეთის ქვეყნებს საქართველოს ომში ჩაბმა სურთ. ისინი ქვეყნის ომში ჩართვის მცდელობაში თავდაპირველად ადანაშაულებდნენ ოპოზიციასა და უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებს, შემდეგ ევროკავშირის მიერ კანდიდატის სტატუსზე გადაწყვეტილების მიღებაც ომში ჩართვაზე უარს დაუკავშირეს.

8 ივლისს მიხეილ ყაველაშვილმა, რომელმაც "ქართული ოცნების" რიგები თანაგუნდელებთან – სოზარ სუბართან და დიმიტრი ხუნდაძესთან ერთად "შიდა პოლიტიკურ პროცესებზე საზოგადოებისთვის მეტი ინფორმაციის მიწოდების" მიზნით დატოვა, ევროკავშირზე შეთქმულების თეორიის გავრცელების შემდეგ სამიზნეში საქართველოში აშშ–ის ელჩ კელი დეგნანი ამოიღო.

ცოტა ხნის წინ აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა აღნიშნა, რომ ნარატივი, რომ ვინმეს საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ ომში ჩაბმა სურს, ФСБ-ს სახელმძღვანელოდან ამოღებული დეზინფორმაციაა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S