Accentnews.ge
"ყველა შესაძლებლობა უნდა გამოვიყენოთ, რათა ევროკავშირს დავანახოთ, რომ დემოკრატიული რეფორმების დღის წესრიგი დაბრუნებულია ქართულ პოლიტიკურ სივრცეში"

"ყველა შესაძლებლობა უნდა გამოვიყენოთ, რათა ევროკავშირს დავანახოთ, რომ დემოკრატიული რეფორმების დღის წესრიგი დაბრუნებულია ქართულ პოლიტიკურ სივრცეში"

11/07/2022 08:29:26 პოლიტიკა

საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია აცხადებს, რომ ყველა შესაძლებლობა უნდა გამოვიყენოთ, რათა ევროკავშირს დავანახოთ, რომ დემოკრატიული რეფორმების დღის წესრიგი დაბრუნებულია ქართულ პოლიტიკურ სივრცეში.

„მე ვიცი ერთი რამ, რომ საქართველომ, ქართველმა პოლიტიკურმა საზოგადოებამ, როგორც მმართველმა ძალამ, ასევე ოპოზიციამ, სამოქალაქო სექტორმა, სახელმწიფო ინსტიტუტებმა უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რათა წლის ბოლოს, დეკემბერში ევროპის კომისიამ გასცეს დადებითი მოსაზრება კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, სკეპტიციზმი მაქვს იმ განცხადებებიდან და გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, რასაც ვხედავთ. თუმცა მიმაჩნია, რომ უნდა გამოვიყენოთ ყველა შესაძლებლობა, ყველა ფორმატი, რათა ევროკავშირს დავანახოთ, რომ ამ ქვეყანაში დემოკრატიული რეფორმების დღის წესრიგი დაბრუნებულია ქართულ პოლიტიკურ სივრცეში და რომ ყველა ერთად ვართ მზად, დემოკრატიული ცვლილებებისთვის ვიბრძოლოთ“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

ცნობისთვის: ბოლო პერიოდში „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები და მათი მხარდამჭერები საუბრობენ, რომ დასავლეთის ქვეყნებს საქართველოს ომში ჩაბმა სურთ. ისინი ქვეყნის ომში ჩართვის მცდელობაში თავდაპირველად ადანაშაულებდნენ ოპოზიციასა და უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებს, შემდეგ ევროკავშირის მიერ კანდიდატის სტატუსზე გადაწყვეტილების მიღებაც ომში ჩართვაზე უარს დაუკავშირეს.

8 ივლისს მიხეილ ყაველაშვილმა, რომელმაც "ქართული ოცნების" რიგები თანაგუნდელებთან – სოზარ სუბართან და დიმიტრი ხუნდაძესთან ერთად "შიდა პოლიტიკურ პროცესებზე საზოგადოებისთვის მეტი ინფორმაციის მიწოდების" მიზნით დატოვა, ევროკავშირზე შეთქმულების თეორიის გავრცელების შემდეგ სამიზნეში საქართველოში აშშ–ის ელჩ კელი დეგნანი ამოიღო.

ცოტა ხნის წინ აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა აღნიშნა, რომ ნარატივი, რომ ვინმეს საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ ომში ჩაბმა სურს, ФСБ-ს სახელმძღვანელოდან ამოღებული დეზინფორმაციაა.

23 ივნისს ევროსაბჭო დაეთანხმა ევროკომისიის რეკომენდაციას, რომლის თანახმად, უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი უნდა მისცენ სავალდებულოდ შესასრულებელი პირობებით, ხოლო საქართველომ ჯერ კონკრეტული პირობები უნდა შეასრულოს და ამის მიხედვით გადაწყდეს მისთვის სტატუსის მინიჭების საკითხი.

17 ივნისს ევროკომისიამ გამოაქვეყნა რეკომენდაციები, რომელთა თანახმად, უკრაინას და მოლდოვას უნდა მიენიჭოთ ევროპული პერსპექტივა და ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი სავალდებულოდ შესასრულებელი პირობებით, საქართველოს კი - ევროპული პერსპექტივა. ევროკომისიის რეკომენდაციით, საქართველოს კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად 12 მოთხოვნის შესრულება მოუწევს. 12 პირობას შორისაა პოლიტიკური პოლარიზაციის დაძლევა, ინსტიტუტების გამართულად მუშაობა და მათი დამოუკიდებლობა, სასამართლოს რეალური დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა, ელიტური კორუფციის შემთხვევების ეფექტიანად გამოძიება, დეოლიგარქიზაცია, თავისუფალი მედიაგარემო და ა.შ. როგორც ევროკავშირის ლიდერები აცხადებენ, თუ საქართველო 12 პირობას წლის ბოლომდე შეასრულებს, ქვეყანას კანდიდატის სტატუსი ავტომატურად მიენიჭება.

აღსანიშნავია, რომ მოლდოვამ ისე მიიღო კანდიდატის სტატუსი არც ომშია ჩართული და არც რუსეთის წინააღმდეგ საერთაშორისო სანქციებს შეეერთებია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S