"აშშ-ის უწყებების თქმით, საქართველოს სანქცირებული ტვირთის გადაზიდვისთვის იყენებენ"
11/07/2022 10:05:13 პოლიტიკა
„დროას“ ლიდერის ელენე ხოშტარიას განცხადებით, "ამერიკის ფინანსურ დანაშაულთა ბრძოლის ქსელმა და ვაჭრობის დეპარტამენტმა გამოაქვეყნეს დოკუმენტი, რომელშიც აღნიშნულია, რომ საქართველო სხვა ქვეყნებთან ერთად რუსეთ-ბელარუსისთვის არის საზღვაო-სავაჭრო გზა, რათა მოხდეს სანქცირებული ტვირთების გადაზიდვა".
„უწყებებმა გამოაქვეყნეს დოკუმენტი, რომელიც ერთის მხრივ, საუბრობს სანქციებზე თავიდან არიდების თვალსაზრისით უკვე არსებულ “შავ ხვრელებზე” და მეორეს მხრივ - მთელ მსოფლიოს აძლევენ სახელმძღვანელოს, თუ რა გარიგებები, ტრანზაქციები, გადაზიდვები და რა ერთეულები არ შეიძლება, იყოს გამოყენებული იმისთვის, რომ არ მოხდეს რუსული სიახლის მანქანის მომარაგება. აქ მინდა აღვნიშნო, რომ ერთად განიხილება რუსეთი და ბელარუსი, როგორ ამ სანქციების სამიზნე. ეს დოკუმენტი არის სახელმძღვანელო დოკუმენტი, ერთის მხრივ, როგორ აღასრულო სანქციები და როგორ გააკონტროლო ის ფაქტი, რომ არ მოხდეს სანქციებისგან თავიდან არიდება. ამ დოკუმენტში პირდაპირ წერია, რომ საქართველო სხვა ქვეყნებთან ერთად არის სავაჭრო გზა, კერძოდ კი, საზღვაო-სავაჭრო გზა რუსეთისთვის და ბელარუსისთვის სანქცირებული ტვირთების გადაზიდვისა. ეს არის წარმოუდგენლად სკანდალური ინფორმაცია. პირველად, ამერიკა ოფიციალურ დონეზე უმაღლესი მნიშვნელობის დოკუმენტში საუბრობს, რომ საქართველოს საზღვაო გზა სანქციების თავიდან არიდების მიზნით გამოიყენება.ხელისუფლებას უნდა მოვთხოვოთ საგანგებოდ ინფორმაცია, რადგან საფრთხე გვაქვს, რომ არ დასანქცირდეს ქვეყანა, პორტი ანუ საზღვაო გზით არ დავსანქცირდეთ და არ დაზარალდეს ქვეყანა იმის გამო, რასაც აკეთებენ ოლიგარქი და მისი საცეცები ამ ქვეყანაში. ასევე, ამ დოკუმენტში ჩამოთვლილია 22 პუნქტი და აქედან მე-16 პუნქტი საუბრობს იმაზე, რომ აკრძალულია სანქცირებულ პირებთან ბიზნესის წარმოება. მინდა საზოგადოებას შევახსენო, რომ სანქცირებულ რუს პირთან, მიხეილ ფრიდმანთან, რომელიც ფლობს “ბორჯომს”, საქართველომ გააფორმა კონტრაქტი და დღეს, ფრიდმანი, სანქცირებული ადამიანი, 49,9%-ს ფლობს „ბორჯომში“, რაც ასევე საყურადღებოა და რაზეც ხელისუფლებას მოუწევს პასუხის გაცემა“, - აცხადებს ელენე ხოშტარია.
მისი თქმით, „დროა”, როგორც ოპოზიციური პარტია აპირებს 22-ვე პუნქტზე კონტროლი განახორციელოს ყველა იმ ტრანზაქციის თუ გარიგების მიმართულებით, რაც დოკუმენტშია ჩამოთვლილი. ხოშტარიას თქმით, ამის თაობაზე ითანამშრომლებენ არასამთავრობო ორგანიზაციებთან, მიმართავენ მთავრობას.
„ასევე, მოხარული ვიქნები თუ ბიზნესთან შევძლებ თანამშრომლობას. რადგანაც ჩვენი მიზანია ბიზნესმა თავიდან აირიდოს სანქციები და სადამსჯელო ღონისძიებები. ჩვენი მიზანია, რომ არ ვიყოთ რუსული სისხლის მანქანის მომმარაგებლები, ამისთვის დაისაჯოს ოლიგარქი, ოლიგარქიული საცეცები, კონკრეტულად ისინი, ვინც კრემლთან კავშირში არიან მხილებულები და არა, ბიზნესი და ქართული საზოგადოება", - დასძინა ხოშტარიამ.
რა წერია დოკუმენტში, რომელზეც ხოშტარია საუბრობს
28 ივნისს აშშ-ის ფინანსურ დანაშაულთან ბრძოლის ქსელმა (Financial Crimes Enforcement Network – FinCEN) და ვაჭრობის დეპარტამენტის მრეწველობისა და უსაფრთხოების ბიურომ (BIS) გამოაქვეყნეს დოკუმენტი რომელშიც საუბარია რუსეთისა და ბელარუსის მცდელობებზე, თავი აარიდონ ექსპორტის კონტროლს. ამავე დოკუმენტში ნახსენებია საქართველოც:
"BIS-მა გამოავლინა სატრანზიტო პუნქტები, რომელთა გავლითაც ხორციელდება აკრძალული ან კონტროლირებადი საქონლის ექსპორტი რუსეთსა და ბელარუსში დანიშნულების ადგილზე ჩასვლამდე. ეს სატრანზიტო ქვეყნებია (თუმცა არ შემოიფარგლება მხოლოდ ამ ჩამონათვალით): სომხეთი, ბრაზილია, ჩინეთი, საქართველო, ინდოეთი, ისრაელი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, მექსიკა, ნიკარაგუა, სერბეთი, სინგაპური, სამხრეთ აფრიკა, ტაივანი, ტაჯიკეთი, თურქეთი, არაბთა გაერთიანებული სამეფო და უზბეკეთი. რიგ შემთხვევაში აშშ-ის მიერ კონტროლირებადი საქონელი შეიძლება, ლეგალურად იყოს ექსპორტირებული ხსენებულ და სხვა იურისდიქციებში, სხვა მზა პროდუქციის წარმოებისთვის საჭირო ნედლეულის სახით. თუმცა ამ ნედლეულისა და ზოგადად საქონლის შემდგომი ექსპორტი რუსეთსა და ბელარუსში სატრანზიტო პუნქტების გავლით შესაძლოა, აკრძალული იყოს. რუსეთსა და ბელარუსში ექსპორტზე ცოტა ხნის წინ დაწესებული კონტროლი შესაძლოა, ისტორიული სატრანზიტო ტენდენციების ცვლილების გამომწვევი მიზეზი გახდეს. ბიურო აქტიურად ახორციელებს ინფორმაციის მონიტორინგს ასეთი ცვლილებების გამოსავლენად. შესაბამისად, სატრანზიტო პუნქტების სია არასრულია, მაგრამ მას შეუძლია, დახმარება გაგვიწიოს ექსპორტთან დაკავშირებული ფინანსური ტრანზაქციების შემოწმებაში“.


