ხუნდაძე – "ოცნებიდან” გასულ საჯარო მოხელეებზე: "მადლობას ვუხდი მათ და მჯერა, კიდევ ბევრი შემოგვიერთდება ჩვენი შვილების მომავლის გადასარჩენად"
11/07/2022 13:51:11 პოლიტიკა
“ქართული ოცნებიდან” გასული დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე მადლობას უხდის საკრებულოების დეპუტატებს, რომლებმაც 11 ივლისს მმართველი პარტიის რიგები დატოვეს და პოლიტიკოსებს – სოზარ სუბარს, მიხეილ ყაველაშვილსა და დიმიტრი ხუნდაძეს მხარდაჭერა გამოუცხადეს.
ხუნდაძე იმედოვნებს, რომ "კიდევ ბევრი შუერთდება" მათ რიგებს.
„მადლობა ჩვენს თანამოაზრეებს, ვისთვისაც პირადი კომფორტი ნაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე ქვეყნისა და საზოგადოების ინტერესი. რთულია დღეს ამ ველზე მოქმედება, მაგრამ საჭირო, რომ ქვეყანა შეუქცევად პრობლემებში არ აღმოჩნდეს. ოპონენტების დიდი ნაწილი ევროინტეგრაციის საფარქვეშ, ცდილობენ მხოლოდ ხელისუფლებაში მობრუნების ინტერესით იხელმძღვანელონ და „თუნდაც ქვა ქვაზე ნუ დარჩენილა“. მათი ძირითადი იარაღი არის ცინიზმი და შეურაცხყოფა, რაშიც პარტიული ტელევიზიების ჟურნალისტებიც არ ჩამორჩებიან. სწორედ ეს არ არის დასავლური სტანდარტი და ის ხელს უშლის ქვეყნის დასავლური ინტეგრაციისკენ სვლას და დეპოლარიზაციის შემცირებას. მივმართავ ყველას, ვინც ასეთ ანტიდემოკრატიულ ქმედებას სჩადის. გთხოვთ, პატივი სცეთ თქვენგან განსხვავებულ აზრს, რაც არ უნდა მიუღებელი იყოს თქვენთვის. სწორედ ეს არის დასავლური სტანდარტი. ჩვენგან ბევრი საინტერესო საკითხი იქნება განხილული და ნერვებს გაუფრთხილდით. დარწმუნებული ვართ, ეს თქვენ არ მოგეწონებათ, მაგრამ არგებს ჩვენს სახელმწიფოს. საქართველოს დასავლური კურსი შეუქცევადია და მჯერა, კიდევ ბევრი შემოგვიერთდება ჩვენი შვილების მომავლის გადასარჩენად“
ცნობისთვის: ბოლო პერიოდში „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები და მათი მხარდამჭერები საუბრობენ, რომ დასავლეთის ქვეყნებს საქართველოს ომში ჩაბმა სურთ. ისინი ქვეყნის ომში ჩართვის მცდელობაში თავდაპირველად ადანაშაულებდნენ ოპოზიციასა და უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებს, შემდეგ ევროკავშირის მიერ კანდიდატის სტატუსზე გადაწყვეტილების მიღებაც ომში ჩართვაზე უარს დაუკავშირეს.
8 ივლისს მიხეილ ყაველაშვილმა, რომელმაც "ქართული ოცნების" რიგები თანაგუნდელებთან – სოზარ სუბართან და დიმიტრი ხუნდაძესთან ერთად "შიდა პოლიტიკურ პროცესებზე საზოგადოებისთვის მეტი ინფორმაციის მიწოდების" მიზნით დატოვა, ევროკავშირზე შეთქმულების თეორიის გავრცელების შემდეგ სამიზნეში საქართველოში აშშ–ის ელჩ კელი დეგნანი ამოიღო.
ცოტა ხნის წინ აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა აღნიშნა, რომ ნარატივი, რომ ვინმეს საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ ომში ჩაბმა სურს, ФСБ-ს სახელმძღვანელოდან ამოღებული დეზინფორმაციაა.


