"ღარიბაშვილის წერილი ნიშნავს, რომ ივანიშვილს სანქციებმა მიუკაკუნა"
12/07/2022 08:15:24 პოლიტიკა
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რომან გოცირიძე აცხადებს, რომ პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის წერილი იმას ნიშნავს, რომ "ექს–პრემიერ ბიძინა ივანიშვილს და არა მარტო მას სანქციებმა კარებზე მიუკაკუნა".
„როგორ არა, ვხვდები ბიძინა ივანიშვილს, მაგრამ ეს შეხვედრები პოლიტიკური კი არა, ოჯახური ხასიათისააო. ვფიცავ მდინარე იორდანეს წმინდა წყალს, მხოლოდ სამკურნალო და სპორტულ საკითხებზე ვსაუბრობთო. „ქართუდან” და ივანიშვილის ბიზნესებიდან დანიშნული ხალხი მხოლოდ პროფესიული ნიშნით არიან შერჩეულები, მხოლოდ კონსტიტუციას ემონებიან და არა ივანიშვილსო, ანუ ოლიგარქიულ არაფორმალურ მართვასთან არა გვაქვს საქმეო. დანარჩენი ლაქუცობები და შიშებია, შეგიძლიათ, არ წაიკითხოთ. ისე, ერთი ლეგიტიმური კითხვა თუ გაგიჩნდებათ, ვინ დაგნიშნათ მაშინ და ვინ მოგხსნათ მაშინ ან ვინ დაგნიშნათ ახლა და ვინ გაგაგდებთ ხვალ, როგორ ფიქრობთ, პასუხად რა იქნება? იტყვის, პარტიის ლეგიტიმური (როგორც ამბობენ ხოლმე) ორგანოო, ანუ პოლიტსაბჭოო. ვინ არის პოლიტსაბჭოში? ანტილიბერასტი რიჟვაძე აჭარიდან და ტიკარაძე ქუთაისიდან. რატომ ქუთაისიდან და არა საჩხერიდან? იმიტომ, რომ იგი ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის პრორექტორია შეთავსებით. პრორექტორი მომხსნის მალე ღარიბაშვილს და არა ის ბრძენი კაცი, ბატონი ბიძინაო, ეს გავიგეთ იმ გრძელი წერილიდან, ბოლომდე წაკითხვა რომ არ მოგინდება“, – წერს გოცირიძე სოციალურ ქსელში.
შეგახსნებთ, რომ ცოტა ხნის წინ საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განცხადება გაავრცელა, რომელშიც "ქართული ოცნების" მმართველობაზე, პარტიის დამფუძნებელზე და არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე საუბრობს.
მისი თქმით, "კამპანიის ავტორებმა კეთილი ინებონ და განმარტონ, რას გულისხმობენ, როდესაც ოლიგარქსა და დეოლიგარქიზაციაზე ლაპარაკობენ". როგორც იგი აღნიშნავს, ოლიგარქიაზე საუბარი შეურაცხმყოფელია.


