"თუ აქამდე 3 დეპუტატის სახით პარლამენტში შექმნეს "ალტ- ინფოს" დაჯგუფება, ახლა უკვე "ალტ- ინფოს" რეგიონალურ ოფისებს ხსნიან"
12/07/2022 08:31:07 პოლიტიკა
„სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრი დეპუტატი პაატა მანჯგალაძე მიიჩნევს, რომ ექს–პრემიერ ბიძინა ივანიშვილის ანტიდასავლურ პოლიტიკას ყველაზე მეტად "ქართული ოცნებიდან" ვითომ წასული ადამიანები გამოხატავენ".
"თუ აქამდე სამი დეპუტატის სახით პარლამენტში შექმნეს [მმართველმა გუნდმა] "ალტ- ინფოს" დაჯგუფება, ახლა უკვე "ალტ- ინფოს" რეგიონალურ ოფისებს ხსნიან", – აცხადებს მაჯგალაძე.
ცნობისთვის: "ქართული ოცნებიდან" წამოსული სოზარ სუბარის, მიხეილ ყაველაშვილისა და დიმიტრი ხუნდაძის მხარდასაჭერად 11 ივლისს მმართველი პარტიის რიგები 5–მა საჯარო მოხელემ (ლაგოდეხის, თერჯოლის, ჭიათურის, ახალციხის და გორის საკრებულოების წევრებმა) დატოვეს.
ბოლო პერიოდში „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები და მათი მხარდამჭერები საუბრობენ, რომ დასავლეთის ქვეყნებს საქართველოს ომში ჩაბმა სურთ. ისინი ქვეყნის ომში ჩართვის მცდელობაში თავდაპირველად ადანაშაულებდნენ ოპოზიციასა და უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებს, შემდეგ ევროკავშირის მიერ კანდიდატის სტატუსზე გადაწყვეტილების მიღებაც ომში ჩართვაზე უარს დაუკავშირეს.
8 ივლისს მიხეილ ყაველაშვილმა, რომელმაც "ქართული ოცნების" რიგები თანაგუნდელებთან – სოზარ სუბართან და დიმიტრი ხუნდაძესთან ერთად "შიდა პოლიტიკურ პროცესებზე საზოგადოებისთვის მეტი ინფორმაციის მიწოდების" მიზნით დატოვა, ევროკავშირზე შეთქმულების თეორიის გავრცელების შემდეგ სამიზნეში საქართველოში აშშ–ის ელჩ კელი დეგნანი ამოიღო.
ცოტა ხნის წინ აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა აღნიშნა, რომ ნარატივი, რომ ვინმეს საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ ომში ჩაბმა სურს, ФСБ-ს სახელმძღვანელოდან ამოღებული დეზინფორმაციაა.


