"ღარიბაშვილის წერილი პირდაპირი დადასტურებაა, რომ ქვეყანაში არის ოლიგარქიული მმართველობა"
12/07/2022 12:12:00 პოლიტიკა
პარტია „ლელოს“ წევრის ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის წერილი პირდაპირი დასაბუთება და დადასტურებაა იმისა, რომ ქვეყანაში არის ოლიგარქიული მმართველობა.
„ევროკავშირის პირველი მოთხოვნა დეოლიგარქიზაციაა. დღევანდელი მმართველობა, მისი შემადგენლობით და არსით, ევროკავშირის მიერ არ მიიჩნევა ისეთ მმართველობად, რომელიც იმსახურებს ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მიცემას. ღარიბაშვილის წერილი პირდაპირი დასაბუთება და დადასტურებაა იმისა, რომ ქვეყანაში არის ოლიგარქიული მმართველობა. ჩემმა ახალგაზრდა კოლეგამ დათვალა, პრემიერ-მინისტრის წერილში 38-ჯერ არის ნახსენები ბიძინა ივანიშვილი. ეს სწორედ იმის მაჩვენებელია, რომ ამ პრობლემის გადაჭრის, დეოლიგარქიზაციის გარეშე ჩვენს ქვეყანას არანაირი პერსპექტივა არ აქვს, რომ მიიღოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. თვითონ ღარიბაშვილი ამბობს, რომ ძალოვანი უწყებების ხელმძღვანელები არიან ის ადამიანები, რომლებიც დაახლოვებული არიან ბიძინა ივანიშვილთან. მთავრობის მთავარი ღერძი შედგენილია სწორედ იმ ადამიანებისგან, რომლებიც შერჩეული არიან ბიძინა ივანიშვილისადმი ლოიალურობის პრინციპიდან და კრიტერიუმიდან გამომდინარე. ესაა ოლიგარქიული მმართველობა, ანუ პიროვნება, რომელიც თავისი სიმდიდრით ქვეყნის ბიუჯეტის მესამედს ფლობს, მაგრამ ასეთ ადამიანთან აფილირებული პირები არიან ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელები და პრემიერ-მინისტრი მასთან პირდაპირ აფილირებული ადამიანია ჩვენ ეს დიდი პრობლემა რომ გადავლახოთ და შევასრულოთ პირობა, რომელიც ევროკავშირმა დაგვიწესა, საჭიროა ახალი მთავრობის ფორმირება, რომელიც არ იქნება ფორმირებული ივანიშვილთან დაახლოებული ადამიანებისგან, არამედ ფორმირებული იქნება პროფესიონალებისგან", – აცხადებს ჯაფარიძე.
რაც შეეხება ივანიშვილის პოლიტიკაში შესაძლო დაბრუნების საკითხს, ბადრი ჯაფარიძემ შემდეგი განაცხადა:
„ამის მიმართ დიდი მოლოდინი არ მაქვს. პოლიტიკაში მისი დაბრუნება უფრო გაართულებდა საქმეს. ცუდია პოლიტიკაში ასეთი ტიპის პროგნოზების კეთება, მაგრამ ჩვენ უნდა ვისაუბროთ იმაზე, რომ გვჭირდება დეოლიგარქიზაცია".
დღეს ირაკლი ღარიბაშვილმა ვრცელი განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც "ქართული ოცნების" მმართველობაზე, პარტიის დამფუძნებელზე და არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე საუბრობს. მისი თქმით, "კამპანიის ავტორებმა კეთილი ინებონ და განმარტონ, რას გულისხმობენ, როდესაც ოლიგარქსა და დეოლიგარქიზაციაზე ლაპარაკობენ". როგორც იგი აღნიშნავს, ოლიგარქიაზე საუბარი შეურაცხმყოფელია.


