გენერალი აგვისტოში უკრაინაში ომის გარდატეხას ელის: ორი ინდიკატორი

12-07-2022 19:48:57 პოლიტიკა ,ინტერვიუ

ინტერვიუ გადამდგარ გენერალ–მაიორთან, საქართველოს გენერალური შტაბის ყოფილ უფროსთან, ევროკავშირსა და ნატო–ში საქართველოს ყოფილ წარმომადგენელთან, „ჯეოქეისის“ მრჩეველ ვახტანგ კაპანაძესთან.

– ბატონო ვახტანგ, უკრაინის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, პრეზიდენტმა „უკრაინის სამხრეთის დეოკუპაციის ბრძანება გასცაო". ეს განცხადება უნდა გავიგოთ როგორც ფართომასშტაბიან კონტრშეტევაზე გადასვლისთვის მზადება, რაზეც მთელი ამ ხნის განმავლობაში იყო საუბარი?

– როგორც სამხედრო, ამ განცხადების უკან უფრო პოლიტიკურ ჩანაფიქრს ვხედავ: თუკი კონტრშეტევის განხორციელებას აპირებ, ამისთვის მოულოდნელობას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ვფიქრობ, ეს უფრო უკრაინის მოსახლეობისა და შეიარაღებული ძალებისთვის შემოძახილი იყო, რომ „დიახ, ჩვენ ვართ, ვომობთ და გვაქვს იმედი, რომ უკრაინის განთავისუფლებას მოვახერხებთ და ამას სამხრეთიდან დავიწყებთო“. თან თუ შემოთავაზებული განცხადების ფორმას ვნახავთ (ჩვენ ხომ უშუალოდ დირექტივა არ გვინახავს), „შესაბამისად, მობილიზაციას დავიწყებთო...“ მობილიზაცია, დანაყოფების ფორმირება, შემდეგ მათი აღჭურვა–მომზადება სწრაფად არ ხდება. უკრაინელების მხრიდან გარკვეული ლოკალური კონტრშეტევები, რიგი პოზიციების მოძლიერება, პლაცდარმების შექმნა მიმდინარეობს, მაგრამ არ მგონია, პირობითად, ხვალ ან ზეგ დაიწყოს ფართომასშტაბიანი შეტევა. ამდენად, ვიმეორებ, პოლიტიკურ–ფსიქოლოგიურ–მორალურ განაცხადს უფრო ვხედავ, ვიდრე კონკრეტულ სამხედრო გადაწყვეტილებას, რასაც რამდენიმე მიზანი შეიძლება, ჰქონდეს: მოსახლეობასა და შეიარაღებულ ძალებში (ლისიჩანსკი ლუგანსკის რაიონიანად მაინც დანაკარგია) პოზიტიური მზადყოფნა შეიტანონ; რუსებს სლავიანსკი–კრამატორსკის მიმართულებაზე წნეხი მოახსნევინონ (თუ დაიჯერებენ ამ განცხადებას და სამხრეთის მიმართულების გამაგრებას დაიწყებენ); ოკუპირებულ ტერიტორიაზე მყოფ მოსახლეობას იმედი ჩაუსახონ და მათი წინააღმდეგობის სურვილი გააძლიერონ.

– რა აფერხებს უკრაინელების კონტრშეტევაზე გადასვლას?

– სამხედრო კლასიკაა, რომ ვიდრე კონტრშეტევაზე გადახვალ, შემდეგი პირობები უნდა იყოს ჩამოყალიბებული: მოწინააღმდეგის წინსვლა უნდა შეჩერდეს, მისი მეორე ეშელონები უკვე ბრძოლებში უნდა იყოს ჩართული, რეზერვი – მოკვეთილი (აღარ უნდა ჰყავდეს მოწინააღმდეგეს რეზერვი), მას მნიშვნელოვანი დანაკარგი უნდა ჰქონდეს მიყენებული და შენ უნდა გქონდეს ძალა კონტრშეტევის განხორციელებისთვის. როდესაც ეს პირობები ჩამოყალიბდება, უკრაინა შეძლებს ფართომასშტაბიან კონტრშეტევას. ძალიან მნიშვნელოვანია აღჭურვილობის საჭირო რაოდენობით და რაც შეიძლება მალე მიღება, რათა მოხდეს დამრტყმელი დაჯგუფების ჩამოყალიბება, სრულად დასავლური შეიარაღებით აღჭურვა და ბრძოლაში შეყვანა.

– დასავლური იარაღი შედის უკრაინაში, გამოჩნდა ბრძოლის ველზეც, მაგრამ ეს არ არის საჭირო რაოდენობის და ტიპის?

– უკრაინელებს დასავლური შეიარაღება ნამდვილად დაეტყოთ, სხვაგვარად მსგავს ეფექტურ წინააღმდეგობას ვერ გაწევდნენ. ამასთან, უკვე გამოჩნდა, რომ უკრაინელები რუსებს ურტყამენ სიღრმეში – ზურგის რაიონებში, სადაც 20–ზე მეტი საწყობი იქნა განადგურებული. საუბარია 50 კმ–მდე სიღრმეზე. სამხედრო ენაზე ამას სადივიზიო ზურგის რაიონი ეწოდება, იმავდროულად, აქ შეტევის ძალებისთვის არმიის დაჯგუფების მოწინავე მართვის პუნქტებია. ამდენად, უკრაინელებმა მნიშვნელოვანი და მტკივნეული დარტყმები განახორციელეს მოწინააღმდეგეზე. მაგრამ ამ შეიარაღების რაოდენობა ჯერ არაა იმდენი, რაც მართლაც გარდატეხას შეიტანს ომის მსვლელობაში, თუმცა არსებობს მიღების პოტენციალი, დაპირებაც, თანხებიც. ამდენად, იმედი მაქვს, რომ სადღაც აგვისტოს ბოლოსკენ ომის მსვლელობაში გარდატეხის ნიშნები უნდა გამოჩნდეს, თუკი დროულად მოხდება უკრაინისთვის იმ იარაღის მიწოდება, რაც სჭირდებათ და არა იმის, რაც ევროპას საწყობებში აქვს: მათ იარაღი სჭირდებათ დარტყმითი და სიღრმითი შესაძლებლობების გაზრდისთვის და საკმარისი რაოდენობით!

– თქვენ ჩამოთვალეთ კონტრშეტევისთვის აუცილებელი კრიტერიუმები. ამ დროისთვის არსებული მოცემულობით რომელიმე პირობა ჩამოყალიბებულია?

– ამჟამად ვითარება ამგვარია: რუსეთი სამხრეთის მიმართულებაზე ფაქტობრივად, თავდაცვაზეა გადასული (ვგულისხმობ ხერსონის და ზაპოროჟიეს რაიონებს) და ძირითადი ძალისხმევა მიმართული აქვს დონეცკის ადმინისტრაციულ საზღვარზე გასვლისკენ. მთავარი თავდაცვის რაიონია სლავიანსკი, კრამატორსკი და რუსები ცდილობენ, მაქსიმალურად სწრაფად შეძლონ დაკავება, რადგან დრო უკრაინელების სასარგებლოდ მუშაობს, ყოველდღიურ რეჟიმში იღებენ რა იარაღს, რაც რუსებისთვის მიმზიდველი არაა. ამიტომ ცდილობენ ამოცანის შესრულებას, რომელიც მათ ვლადიმირ პუტინმა დაუსახა, როდესაც თამასა დასწია და განაცხადა, რომ მთავარი ამოცანა ამ ომში დონბასის აღებაა. ვფიქრობ, უკრაინისთვის ამჟამად გაცილებით სტრატეგიულია სამხრეთის მიმართულება, ვიდრე აღმოსავლეთის, თუნდაც დონბასის: მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია აზოვის ზღვაზე გასვლა, ხერსონი–ზაპოროჟიეს გათავისუფლება და ვფიქრობ, ამას შეძლებენ. საზღვაო ქვეყნისთვის ზღვაზე გასასვლელის (თავისი პორტებითა და შესაძლებლობებით) დაკარგვა ძალიან მძიმე დარტყმაა პოლიტიკურ–ეკონომიკური თვალსაზრისით. ამასთან, დაკავებული ტერიტორიებით შექმნილი დერეფანი რუსებს ყირიმის დაუბრკოლებლად მომარაგების და მაქსიმალურად გაძლიერების შესაძლებლობას აძლევს (შემდგომში უკრაინისთვის ყირიმის საკითხი თავსატეხი იქნება). აზოვის ზღვაზე ამ დერეფნის გაჭრის შემთხვევაში უკრაინელებს შეეძლებათ, მომავალში სამხრეთიდან სცადონ დაკარგული ტერიტორიების გათავისუფლება. მათ სამხრეთ მიმართულებაზე აქვთ გარკვეული უპირატესობები, აქტივობები და ინიციატივა. ამდენად, ერთი მიმართულებით უტევს რუსეთი დიდი ძალებით, ხოლო მეორე მიმართულებით უკრაინელები ლოკალურ კონტრშეტევებს ახორციელებენ და იკავებენ ტერიტორიებს, რომლებიც შემდგომი დიდი შეტევისთვის პლაცდარმად გამოადგებათ.

– ყირიმი რა როლს თამაშობს ამჟამად?

– მნიშვნელოვანს: აქ ბაზირებულია რუსული საზღვაო ძალები და ძირითადად საზღვაო ბაზირების პლატფორმებიდან ხორციელდება სარაკეტო დარტყმები უკრაინის ქალაქებზე. ამასთან, ყირიმია რაიონი, საიდანაც რუსებს შეუძლიათ, უკრაინის სანაპიროს, სავაჭრო გემების მიმოსვლის, თუნდაც უკრაინული ხორბლის გამოტანის ბლოკირება მოახდინონ. ყირიმი გადაქცეულია დიდ სამხედრო ბაზად, საიდანაც სამხრეთის დაჯგუფების დანაყოფები ახორციელებენ უკრაინაში შესვლას და ზაპოროჟიეს და ხერსონის მიმართულებით რუსული ძალების გაძლიერებას.

– ხშირად ისმოდა შეკითხვა, რატომ არ აფეთქებენ უკრაინელები ყირიმის ხიდს, რომ მიწოდების არხი შეწყდეს?

– მანამდე უკრაინელებისთვის ტექნიკური მიწვდომადობის საშუალებები იყო პრობლემური, ახლა ალბათ, ეს საშუალებები დასავლური დახმარების შედეგად გამოჩნდება. ეს რუსებმაც იციან და ძალიან აქტიურად მიმდინარეობს ამ ხიდის დაცვის ღონისძიებები, სწავლებებიც კი ჩაატარეს. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. ალბათ, ეს დღეც დადგება, როდესაც უკრაინელები ამ ხიდს დაარტყამენ, თუმცა ვინაიდან სადღეისოდ ყირიმს რუსეთთან სახმელეთო კავშირი აქვს, ამ ეტაპისთვის ხსენებულ ხიდს გადამწყვეტი მნიშვნელობა აღარ აქვს.

– მაშ რა ლოკაციის დაკავებაა კრიტიკულად მნიშვნელოვანი უკრაინელებისთვის, რომ ეს მიწოდების ჯაჭვი გაწყვიტონ?

– რაც შეიძლება ახლოს უნდა მივიდნენ მელიტოპოლი–მარიუპოლის მიმართულებაზე, ოღონდ ჩრდილოეთიდან. თუ უკრაინელები შეძლებენ, გაარღვიონ რუსების თავდაცვა და გავლენ ამ ქალაქებზე, აქედან საკმაოდ ეფექტურად შეძლებენ ამ ხიდის დაზიანებას. მაგრამ ვიმეორებ, ჯერ უკრაინა არ არის მზად ასეთი ფართომასშტაბიანი მოქმედებების განსახორციელებლად. ჯერ–ჯერობით მაინც თავდაცვის რეჟიმშია, თან მთელი ძალები ვერ გადმოჰყავს აღმოსავლეთის მიმართულებაზე, რადგან საფრთხეა ბელარუსის მხრიდანაც. ამდენად, უკრაინა იძულებულია, მნიშვნელოვანი ძალები ჰყავდეს დაკავებული ბელარუსის საზღვარზე და სამხრეთ მიმართულებაზე.

– ლუკაშენკო ამ დრომდე ახერხებდა თავის დაძვრენას, უშუალოდ მისი სამხედროები არ ჩაერთო უკრაინის წინააღმდეგ ომში. მაგრამ თუ წნეხს ვერ გაუძლო, რა გარდატეხის შეტანა შეუძლია ბელარუსის არმიას ომის მსვლელობაში?

– გულწრფელად რომ ვთქვა, მნიშვნელოვან გარდატეხას ვერ შეიტანენ, მაგრამ შეუძლიათ, რომ უკრაინის მნიშვნელოვანი ძალები მიაჯაჭვონ ამ მიმართულებას. უნდა ითქვას ისიც, რომ ამ ეტაპზე არ ჩანს ბელარუსის მზადება საომარი მოქმედებებისთვის: წვრთნები, რომლებიც მიმდინარეობს, სამობილიზაციო მზადყოფნის სწავლებაა. ამასთან, ბელარუსი საკუთარ საწყობში არსებულ იარაღს რუსეთს აძლევს და თუ უკრაინაში შეჭრას აპირებდა, იარაღს რუსებს არ მისცემდა. ამდენად, ამ ეტაპზე ლუკაშენკო ლავირებას და ამ ტვირთის თავიდან აცილებას ახერხებს. იცის, რომ ეს ძალიან არაპოპულარული ომი იქნება ბელარუსში და დააჩქარებს მის პოლიტიკურ თუ ფიზიკურ სიკვდილს.

– ერთის მხრივ, ვხედავთ, რომ რუსეთი კონცენტრირებულია უკრაინის აღმოსავლეთ და სამხრეთ ნაწილებზე, მეორეს მხრივ – სარაკეტო იერიშები ხორციელდება მთელი ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა ნაწილებში. რა არის ამის მიზანი, ტერორი?

– ვფიქრობ, დარტყმები სტრატეგიულ ლოკაციებზეა მიმართული, როგორიცაა რკინიგზის კვანძები, ქარხნები, სარემონტო რაიონები, აეროდრომები (ვსაუბრობ უკრაინის სიღრმეზე, თორემ სადაც შეტევას ახორციელებენ, მიწასთან ასწორებენ ყველაფერს და შემდეგ უტევენ) იმ მონაცემების მიხედვით, რაც ხელთ აქვთ (მათი დაზვერვა მონაცემების სიზუსტით ვერ დაიტრაბახებს), რათა შეაფერხოს ევროპიდან შეიარაღების მიწოდება. ცხადია, არ გამოირიცხება, ფსიქოლოგიური ზემოქმედება მოახდინონ მოსახლეობაზე – გადაღალონ, გამოფიტონ ამდენი დაძაბულობით და სიკვდილიანობით.

– გასაგებია, რომ ვსაუბრობთ დიდ ქვეყანაზე, რომელსაც დიდი რესურსი აქვს, არც ადამიანი უღირთ რამედ, მაგრამ ეს რესურსები ამოუწურავი ხომ არ არის?

– ცხადია, თანამედროვე, ზუსტი სისტემები ეწურება რუსეთს, მაგრამ დარჩენილი აქვს საბჭოთა წარმოების დიდი მარაგები (50–იანი წლებიდან მოყოლებული) – არა ზუსტი, მაგრამ საკმაოდ ლეტალური სისტემების. ქალაქებს ბომბავენ საბჭოთა კავშირის დროიდან შემორჩენილი პირველი თაობის ფრთოსანი რაკეტებით, რომელიც განკუთვნილი იყო სახომალდო დაჯგუფებების წინააღმდეგ გამოყენებისთვის. მაღალი სიზუსტე არ გააჩნია (600 მეტრი აქვს ცდომილება), მაგრამ შეუძლიათ, ქალაქს დაუმიზნონ და დიდ სახლს მოარტყან, რაზეც უკან არ დაიხევენ.

ერთ–ერთი ინდიკატორი იმისა, რომ თანამედროვე შეიარაღების მარაგები ეწურებათ, ისიც არის, რომ ოდეკაბე–ს ქვეყნებს სთხოვენ, უკან დააბრუნონ ტექნიკა, რომელიც თავის დროზე ორგანიზაციას რუსებმა მისცეს; ამერიკელებმა გააჟღერეს ინფორმაცია, რომ ირანისგან დრონების შესყიდვა სურთ; ესაუბრებიან არაბულ ქვეყნებს... სჭირდებათ და ეძებენ თანამედროვე იარაღს, რადგან საბჭოთა დროინდელი მარაგები აქვთ, მაგრამ ვიდრე 50 წლის განმავლობაში გაჩერებულ ტექნიკას ბრძოლის ველზე გაიყვან, უამრავი ტექნიკური საკითხია გადასაწყვეტი. კორუფცია კიდევ ცალკე თემაა. ამდენად, ისე მარტივადაც არაა საქმე, რომ საწყობი გახსნა და ტექნიკა მყისიერად გაუშვა ველზე: მათ უწევთ საქარხნე–სარემონტო ციკლის გავლა.ცოცხალი ძალის პრობლემაც აქვთ. ჯერ მობილიზაცია არ გამოუცხადებიათ, რადგან ესეც საკმაოდ ხარჯიანი საკითხია. ამჟამად ახორციელებენ ფარულ მობილიზაციას, იგივე რეზერვის გამოძახებას. რუსეთში ღატაკს რა დალევს და ძირითადად სოციალურად მძიმე მდგომარეობაში არსებული რაიონებიდან აგროვებენ ამ ხალხს, უხდიან ფულს და გზავნიან „სახორცე მასალად“, მათი მეშვეობით ავსებენ დანაკარგებს და ვხედავთ მათ „ეფექტურობას“ და „ბრძოლისუნარიანობას“.

– და რა არის ამჟამად მათი საყრდენი, რითაც ჯერ–ჯერობით ახერხებენ იგივე აღმოსავლეთ ნაწილში პოზიციების შენარჩუნებას?

– აშკარაა, რომ რუსებმა პირველი ეტაპის შემდეგ დასკვნები გამოიტანეს და ამჟამად უფრო ჭკვიანურად, დაკვირვებით და მეთოდურად ახორციელებენ მოქმედებებს: ისე თავზეხელაღებით აღარ იქცევიან – ცდილობენ, მაქსიმალურად გამოიყენონ საცეცხლე უპირატესობა (ხარისხით ნაკლები, მაგრამ რაოდენობრივად მეტი), იყენებენ ე.წ. გადამწვარი მიწის ტაქტიკას (როდესაც დასაცავი არაფერი რჩებათ უკრაინელებს და შემდეგ გადადიან შეტევაზე); ჩანს, რომ პირველი ფაზისგან განსხვავებით, სარდლობებს შორის უკეთესი ურთიერთქმედება აქვთ; ასევე მნიშვნელოვანია, რომ დონეცკის და ლუგანსკის მიმართულებაზე რუსეთიდან მომარაგების ხაზები ახლოს აქვთ, უკრაინელებს კი უფრო გრძელი –ევროპიდან ოპერაციის რაიონამდე და ამას იყენებენ.

– ბრძანეთ, რომ თუკი უკრაინელები მიიღებენ საჭირო იარაღს საჭირო რაოდენობით, აგვისტოში ელით ომის მსვლელობაში გარდატეხას. რა იქნება ინდიკატორი?

– პირველი ინდიკატორი იქნება ის, რომ რუსების შეტევა შეჩერდება და გადავლენ დაკავებული ტერიტორიების დაცვაზე; მეორე – დარტყმები რუსების ზურგში, სიღრმეში უფრო აქტიურად განხორციელდება. შემდეგ კი იმედი მაქვს, უკრაინელები ისე მოემზადებიან, რომ ფართომასშტაბიანი კონტრშეტევა განახორციელონ. უკრაინის სამობილიზაციო რესურსი 1 მილიონამდეა. რუსეთისგან განსხვავებით, მათ გამოაცხადეს, რომ ქვეყანაში ომია და დაწყებული აქვთ მობილიზაცია. იმედი მაქვს, რომ კონტრდარტყმითი დაჯგუფების მომზადებაც დაწყებული აქვთ. ამას დრო და სრულად დასავლური ტექნიკით აღჭურვა სჭირდება, რათა არ იყოს არეული დასავლური და საბჭოთა ტიპის სისტემები და მომარაგების კუთხით პრობლემები არ შეიქმნას. ამასთან, აჩვენეს, რომ განწყობა და ბრძოლისუნარიანობა გაცილებით მაღალი აქვთ, ვიდრე რუსეთის შეიარაღებულ ძალებს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები