ლექსმანი: "საქართველოში ახლა უამრავი ნეგატიური ტენდენციაა, ოლიგარქი ინარჩუნებს გავლენას"
13/07/2022 08:36:27 პოლიტიკა
ევროპარლამენტარი მირიამ ლექსმანი აცხადებს, რომ "საქართველოში ოლიგარქი ინარჩუნებს გავლენას".
"საქართველო იყო მოწინავე, მაგრამ ახლა ვხედავთ უამრავ ნეგატიურ ტენდენციას, რომელიც აზიანებს ქვეყნის სამომავლო განვითარებას. ერთ დროს მოწინავე ქვეყანამ ვერ მიიღო კანდიდატის სტატუსი. რამდენიმე მიზეზია და ის უნდა ავსახოთ ანგარიშში. საქართველოს პოლიტიკური ლიდერები ყოფენ არა მხოლოდ პოლიტიკურ სივრცეს, არამედ საზოგადოებასაც. მმართველი პარტია "ქართული ოცნება" აპრილის შეთანხმების იგნორირებას ახდენს. ერთი ოლიგარქი ინარჩუნებს გადამეტებულ გავლენას პოლიტიკურ ლანდშაფტზე, ჩიხშია საჭირო სასამართლო რეფორმა. ვნახეთ მასშტაბური თავდასხმები ჟურნალისტებზე და ვხედავთ დე ფაქტო პოლიტიკურ პატიმრებს ყოფილი პრეზიდენტის და ტელეარხის დირექტორის სახით. ეს არის მოვლენები, რომლებიც უნდა გამოვყოთ, რადგან ვხედავთ ქართველი ხალხის მისწრაფებას და ჩვენ მათ მხარეს უნდა დავდგეთ", – განაცხადა ლექსმანმა ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულების ანგარიშის განხილვისას.
ევროპარლამენტი განიხილავს საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების შესრულების თაობაზე ესტონელი ევროპარლამენტარის სვენ მიკსერის (სოციალ-დემოკრატიული პარტია) მიერ მომზადებულ ყოველწლიურ ანგარიშს. ანგარიშზე დაყრდნობით ევროპარლამენტი საქართველოზე მორიგ რეზოლუციას სავარაუდოდ, 2022 წლის სექტემბერში მიიღებს.


