ღუდუშაური – რიგგარეშე სესიაზე: "მოსახლეობისთვის ცირკის უფასო ბილეთების დარიგებას არ ვაპირებთ"
13/07/2022 08:39:52 პოლიტიკა
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ალუდა ღუდუშაური რიგგარეშე სესიის მოწვევის შესახებ ოპოზიციის ინიციატივას ეხმიანება და აცხადებს, რომ "ქართული ოცნება" მოსახლეობისთვის ცირკის უფასო ბილეთების დარიგებას არ აპირებს".
მისი თქმით, ოპოზიციის მიზანი არა სამუშაო პროცესი, არამედ საცირკო წარმოდგენაა.
„რიგგარეშე სხდომაზე არაფერი სამუშაო პროცესი არ იქნება წარმართული, ეს იქნება საცირკო წარმოდგენა, მაგრამ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის ცირკის უფასო ბილეთების დარიგებას არ ვაპირებთ“.
ოპოზიციას რიგგარეშე სესიის დღის წესრიგზე მუშაობა უკვე დაწყებული აქვს და მალე პრეზიდენტს სესიის მოწვევის თხოვნით მიმართავს.
„სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრის პაატა მანჯგალაძის თქმით, 3 საკითხი იქნება განსახილველი: საკონსტიტუციო ცვლილებები, სასამართლო და ანტიკორუფციული ბიურო.
ოპოზიცია რიგგარეშე სხდომის გამართვას ითხოვს, რომელზეც ის საკითხები უნდა გავიდეს, რომელიც მისი მოსაზრებით, ევროკავშირის მოთხოვნების სწრაფად შესრულებას უზრუნველყოფს.
პარტია „მოქალაქეები“ პარლამენტის რიგგარეშე სესიის მოწვევის თაობაზე პრეზიდენტისათვის წარსადგენ მოთხოვნას ხელს არ აწერს. ამის მიზეზად პარლამენტის ვიცე-სპიკერი ლევან იოსელიანი იმ გარემოებას ასახელებს, რომ „საკითხები, რომელთა განხილვაც ოპოზიციის ნაწილის მიერ არის მოთხოვნილი, მოუმზადებელია იმისთვის, რომ კონკრეტული გადაწყვეტილება იყოს მიღებული“.
ცნობისთვის: კონსტიტუციის მიხედვით, საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტის თავმჯდომარის, პარლამენტის წევრთა არანაკლებ ერთი მეოთხედის ან მთავრობის მოთხოვნით პარლამენტის სესიებს შორის პერიოდში იწვევს რიგგარეშე სესიას. რეგლამენტის 127-ე მუხლის თანახმად, რიგგარეშე სესიის მოწვევის წერილობით თხოვნას თან უნდა ერთვოდეს რიგგარეშე სესიაზე განსახილველ სავარაუდო საკითხთა ნუსხა.


