"საკვანძო თანამდებობებზე ადამიანების დანიშვნისას ნაჩქარევმა და არაგამჭვირვალე ქმედებებმა უფრო გააღრმავა შეგრძნება, რომ მართლმსაჯულება პოლიტიზებულია"
13/07/2022 08:49:53 პოლიტიკა
ევროპარლამენტში საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების შესრულებაზე მომზადებულ ყოველწლიურ ანგარიშის წარდგენისას ესტონელმა ევროპარლამენტარმა სვენ მიკსერმა განაცხადა, რომ რეზოლუცია მიესალმება ევროკომისიის გადაწყვეტილებას, რომ ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი რეფორმების განხორციელების შემდეგ მიიღოს.
მისი განცხადებით, რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ საკვანძო თანამდებობებზე ადამიანების დანიშვნისას ნაჩქარევმა და არაგამჭვირვალე ქმედებებმა უფრო გააღრმავა შეგრძნება, რომ მართლმსაჯულება პოლიტიზებულია.
"მინდა ხაზი გავუსვა რამდენიმე საკვანძო ელემენტს ამ რეზოლუციის პროექტიდან, რეზოლუცია მისალმება ევროპული კომისიის გადაწყვეტილებას, რომ მიანიჭოს ევროპული პერსპექტივა საქართველოს და აღნიშნავს, რომ ამ ქვეყანამ უნდა განახორციელოს მნიშვნელოვანი რეფორმები იმ რეკომენდაციების შესაბამისად, რომლებიც ევროკომისიამ წამოაყენა, რათა მიიღოს კანდიდატის სტატუსი. ამასთან, რეზოლუცია მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, რომ დაიცვას დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვის უმაღლესი სტანდარტები.
გარდა ამისა, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ღრმა პოლარიზაცია კვლავ რჩება ქართული პოლიტიკის მთავარ დამახასიათებელ თვისებად და მითიტებულია, რომ 19 აპრილის შეთანხმება არის მნიშვნელოვანი საგზაო რუკა საქართველოში დემოკრატიის გასაძლიერებლად.
რეზოლუცია ასევე ხაზს უსვამს მართლმსაჯულების რეფორმების გატარების აუცილებლობას და მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, აღმოფხვრას პრობლემები, რომლებიც იდენტიფიცირებული იყო ვენეციის კომისიის მიერ, რომელიც ეხება მოსამართლეებისა და გენერალური პროკურორების დანიშვნას. მასში ასევე აღნიშნულია, რომ საკვანძო თანამდებობებზე ადამიანების დანიშვნისას ნაჩქარევმა და არაგამჭვირვალე ქმედებებმა უფრო გააღრმავა შეგრძნება, რომ მართლმსაჯულება პოლიტიზებულია, ასევე აღნიშნულია, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები დაინიშნნენ მანამ, სანამ აღმოფხვრილი იქნებოდა ეუთო/ოდირის მიერ იდენტიფიცირებული პრობლემები ამ მიმართულებით", - განაცხადა მიკსერმა.
მისი განცხადებით, გასული წლის სექტემბერში საქართველომ მაკრო-ფინანსური დახმარების მეორე ნაწილი, 75 მლნ დოლარი სწორედ მართლმსაჯულების სისტემაში რეფორმების გაუტარებულობის გამო ვერ მიიღო.
როგორც მან აღნიშნა, რეზოლუცია შეიცავს მოწოდებას საქართველოს მთავრობისადმი, სათანადოდ გამოიძიოს მასობრივი მოსმენების საქმე.
"დოკუმენტი ასევე ხაზს უსვამს სახელმწიფო ინსტიტუტების დამოუკიდებელი კონტროლის მნიშვნელობას. მასში გამოთქმულია შეშფოთება სახელმწიფო ინსპექტორის გაუქმებასთან დაკავშირებით და აღნიშნულია ომბუდსმენის დადებით როლს ადამიანის უფლებათა გაძლიერების საქმეში", – აცხადებს ევროპარლამენტარი.
ევროპარლამენტი განიხილავს საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების შესრულების თაობაზე მიკსერის მიერ მომზადებულ ყოველწლიურ ანგარიშს. ანგარიშზე დაყრდნობით ევროპარლამენტი საქართველოზე მორიგ რეზოლუციას სავარაუდოდ, 2022 წლის სექტემბერში მიიღებს.


