კუბილიუსი: "საქართველოში ერთადერთი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილია"
13/07/2022 09:24:46 პოლიტიკა
ლიეტუველი ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი (ქრისტიან-დემოკრატები, EPP) აცხადებს, რომ ერთადერთი ოლიგაქრი საქართველოში ბიძინა ივანიშვილია.
"ევროკომისიის რეკომენდაციების პირველი პუნქტი მოუწოდებს ქართულ პოლიტიკურ საზოგადოებას დეპოლარიზაციასა და შარლ მიშელის შეთანხმებასთან თანხვედრისკენ. თუმცა ჩანს, რომ მთავრობა საპირისპიროს აკეთებს. მათ პარლამენტში დეპოლარიზაციის კომისია შექმნეს, მაგრამ თუ გამოსვლებს მოვუსმენთ, ჩანს, რომ ისინი დეპოლარიზაციის ტემპერატურის აწევას ცდილობენ, ირგვლივ ყველას ადანაშაულებენ, არა მხოლოდ ოპოზიციასა და სამოქალაქო საზოგადოებას, არამედ აშშ-ის ელჩს, ევროკავშირს, თითქოს ჩვენ ვუბიძგებთ საქართველოს ომისკენ, რაც აბსურდია. ეს კრემლის პროპაგანდას ჰგავს. კრემლი აცხადებს, რომ დასავლეთია დამნაშავე ყველაფერში. ახლა საქართველოს მმართველი პარტია ამბობს მსგავს რამეს. შეიძლება, ჩვენ უნდა გამოვიყენოთ შესაძლებლობა და ავუხსნათ, რას ნიშნავს ეს 12 პუნქტი, რას ნიშნავს დეპოლარიზაცია და დეოლიგარქიზაცია. როგორც ჩანს, მათ ეს არ ესმით. ოლიგარქი არის პერსონა, რომელსაც აქვს ბევრი ფული, რომელიც იტაცებს სახელმწიფოს, ვისაც შეუძლია, დანიშნოს თავისი დაცვა, ყოფილი დაცვა, ყოფილი მრჩევლები და ასისტენტები მინისტრებად და პრემიერმინისტრად. ასეთი ერთადერთი პერსონა საქართველოში ბიძინა ივანიშვილია. ამაზე ვსაუბრობთ", – განაცხადა კუბილიუსმა ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულების ანგარიშის განხილვისას.
ევროპარლამენტი განიხილავს საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების შესრულების თაობაზე ესტონელი ევროპარლამენტარის სვენ მიკსერის (სოციალ-დემოკრატიული პარტია) მიერ მომზადებულ ყოველწლიურ ანგარიშს. ანგარიშზე დაყრდნობით ევროპარლამენტი საქართველოზე მორიგ რეზოლუციას სავარაუდოდ, 2022 წლის სექტემბერში მიიღებს.


