იაგო ხვიჩია: "რიგგარეშე სესიის მოწვევაზე დოკუმენტს ხელს არ მოვაწერ"
13/07/2022 09:35:53 პოლიტიკა
რიგგარეშე სესიის მოწვევაზე დოკუმენტს ჩემი ხელმოწერა არ ექნება, – ამის შესახებ პარტია „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
მისი თქმით, ოპოზიციამ ჯერ თავად არ იცის, რა უნდა და ხელისუფლებას რა უნდა მოსთხოვოს.
" ოპოზიციამ ჯერ თავად არ იცის, რა უნდა და ხელისუფლებას რა უნდა მოსთხოვოს. ამ დროს ითხოვენ პარლამენტის სხდომას, რომელიც პერმანენტულად ტარდება და არ დადის არც ოპოზიცია და არც ხელისუფლება. აქედან გამომდინარე, არ მესმის, რა ხდება და მეორე არგუმენტი, რატომაც ხელს არ ვაწერ, არის ის, რომ ჩემ გარეშეც შეუძლიათ ეს გააკეთონ. არ მჯერა, რომ ეს არის სწორი მიმართულება. სწორია ჯერ ლაპარაკი, რაღაცაზე შეთანხმება და შემდეგ სხდომაზე ამის გაფორმება. როცა იწვევ სხდომას, როცა არავისთან გილაპარაკია, მათ შორის, არც ოპოზიციასთან, არავისთან გაქვს კარგი ურთიერთობა და კონსენსუსი, საჯაროდ ისიც კი არ გითქვამს, რა გინდა მართლა გულწრფელად და ამ დროს ითხოვ სხდომის მოწვევას, რომელზეც ან კის გეტყვიან ან არას, კიც რომ გითხრან, არ იცი, იქ რა უნდა გააკეთო. მე რამდენი ხანია, არ ვბრაზდები ჩემს კოლეგებზე“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ პარტია „მოქალაქეები“ პარლამენტის რიგგარეშე სესიის მოწვევის თაობაზე პრეზიდენტისათვის წარსადგენ მოთხოვნას ხელს არ აწერს. ამის მიზეზად პარლამენტის ვიცე-სპიკერი ლევან იოსელიანი იმ გარემოებას ასახელებს, რომ „საკითხები, რომელთა განხილვაც ოპოზიციის ნაწილის მიერ არის მოთხოვნილი, მოუმზადებელია იმისთვის, რომ კონკრეტული გადაწყვეტილება იყოს მიღებული“.
ოპოზიციას რიგგარეშე სესიის დღის წესრიგზე მუშაობა უკვე დაწყებული აქვს და მალე პრეზიდენტს სესიის მოწვევის თხოვნით მიმართავს.
„სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრის პაატა მანჯგალაძის თქმით, 3 საკითხი იქნება განსახილველი: საკონსტიტუციო ცვლილებები, სასამართლო და ანტიკორუფციული ბიურო.
ცოტა ხნის წინ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ალუდა ღუდუშაური რიგგარეშე სესიის მოწვევის შესახებ ოპოზიციის ინიციატივას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ "ქართული ოცნება" მოსახლეობისთვის ცირკის უფასო ბილეთების დარიგებას არ აპირებს".
მისი თქმით, ოპოზიციის მიზანი არა სამუშაო პროცესი, არამედ საცირკო წარმოდგენაა.
ცნობისთვის: კონსტიტუციის მიხედვით, საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტის თავმჯდომარის, პარლამენტის წევრთა არანაკლებ ერთი მეოთხედის ან მთავრობის მოთხოვნით პარლამენტის სესიებს შორის პერიოდში იწვევს რიგგარეშე სესიას. რეგლამენტის 127-ე მუხლის თანახმად, რიგგარეშე სესიის მოწვევის წერილობით თხოვნას თან უნდა ერთვოდეს რიგგარეშე სესიაზე განსახილველ სავარაუდო საკითხთა ნუსხა.


