გრეგოროვა – საქართველოზე: "საჭიროა საარჩევნო რეფორმა, ეფექტური ანტიკორუფციული სამსახურების შექმნა"
13/07/2022 09:41:24 პოლიტიკა
ევროპარლამენტარი მარკეტა გრეგოროვა მიიჩნევს, რომ საქართველოში საჭიროა საარჩევნო რეფორმა, ეფექტური ანტიკორუფციული სამსახურების შექმნა.
"საჭიროა საარჩევნო რეფორმა და საარჩევნო კამპანიების დროს მუდმივად დაფიქსირებული პრობლემების აღმოფხვრა, ასევე მართლმსაჯულების სფეროში იმ რეფორმების გატარება, რომელთა რეკომენდაცია გასცა ვენეციის კომისიამ. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია ეფექტური ანტიკორუფციული სამსახურების შექმნა, რომლებიც მიუკერძოებლად გამოიძიებს ყველა საქმეს და უზრუნველყოფს ნორმებისა და პრინციპების დაცვას. ეს არის უმნიშვნელოვანესი ნაწილი კორუფციასთან, დეოლიგარქიზაციასთან და სახელმწიფოს მიტაცებასთან ბრძოლის საქმეში", - განაცხადა მარკეტა გრეგოროვამ ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულების ანგარიშის განხილვისას.
ევროპარლამენტი განიხილავს საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების შესრულების თაობაზე ესტონელი ევროპარლამენტარის სვენ მიკსერის (სოციალ-დემოკრატიული პარტია) მიერ მომზადებულ ყოველწლიურ ანგარიშს. ანგარიშზე დაყრდნობით ევროპარლამენტი საქართველოზე მორიგ რეზოლუციას სავარაუდოდ, 2022 წლის სექტემბერში მიიღებს.


