"მოვუწოდებ ევროპარლამენტარებს, ნუ იქნებიან პოლარიზაციის წამქეზებლები
13/07/2022 11:00:36 პოლიტიკა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი მიიჩნევს, რომ მმართველი პარტიის დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქად მოხსენიებით ევროპარლამენტარები ქვეყანაში პოლარიზაციას "აქეზებენ". ასე უპასუხა მან ჟურნალისტებს, რომლებმაც ევროპალრამენტარის იმ გამოსვლის შეფასება სთხოვეს, რომელშიც დეოლიგარქიზაციაზე საუბრის დროს თქვა, რომ გულისხმობდა ბიძინა ივანიშვილს.
"კიდევ ერთხელ მოვუწოდებ მათ შორის, ევროპარლამენტის წევრებს, რომ ნაცვლად იმისა, ხელი შეუწყონ რადიკალურ ოპოზიციას მისი რადიკალური დღის წესრიგის განხორციელებაში, ჩახედონ მათ შორის, რეკომენდაციების პირველ პუნქტს, რომელიც შეეხება დეპოლარიზაციას და ნუ იქნებიან თავად პოლარიზაციის წამქეზებლები, ასეთი განცხადებები აქეზებს პოლარიზაციას და ეწინააღმდეგება მათ შორის, ევროკავშირის სულისკვეთებას. ერთადერთი რამის თქმა შემიძლია, კონკრეტულად ეს დეპუტატი თავადვე ეწინააღმდეგება ევროკავშირის სულისკვეთებას, აქეზებს საქართველოში პოლარიზაციას და მათ შორის, ამ კუთხით შეურაცხყოფს ქართულ დემოკრატიას", – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა და დასძინა, რომ "ივანიშვილის ოლიგარქად მოხსენიება შეურაცხყოფს ქართულ დემოკრატიას".
დღეს ევროპარლამენტში საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების შესრულებაზე მომზადებული ყოველწლიური ანგარიშის პროექტი მოისმინეს. სიტყვით გამოსვლის დროს ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიანემ თქვა, რომ "დეოლიგარქიზაცია დებიძინიზაციას, ან დეივანიშვილიზაციას ნიშნავს".


