ევროპარლამენტარი საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის არმინიჭებას შეცდომად მიიჩნევს
13/07/2022 12:17:28 პოლიტიკა
ევროპარლამენტარი ნაჩო სანჩეს ამორი შეცდომას უწოდებს ევროკომისიის გადაწყვეტილებას, რომლის თანახმად, უკრაინის და მოლდოვისაგან განსხვავებით, საქართველომ ამ ეტაპზე ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი ვერ მიიღო.
ევროპარლამენტში “სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული ალიანსის” ჯგუფის წევრია, აცხადებს, რომ საქართველოს განსხვავებულ სიტუაციაში ჩაყენება არასწორი გადაწყვეტილებაა, რადგან ამან პოლარიზაცია გაზარდა.
როგორც იგი აღნიშნავს, მისი ჯგუფი “ძალიან გაღიზიანებულია” “ქართული ოცნების” მხრიდან რეფორმების ნაკლებობით, თუმცა მისი თქმით, “რეალურად ეს [კანდიდატის სტატუსის საკითხი] ეხება ომს”.
"საქართველოს განსხვავებულ კატეგორიაში ჩაყენებამ მეტი პოლარიზაცია შექმნა და ქვეყანაში ისეთი მდგომარეობა შექმნა, რომ ხელისუფლების ლეგიტიმაციის საკითხი წამოიჭრა. გადაწყვეტილებებს, რომლებსაც აქ ვიღებთ, შეიძლება, ჰქონდეს სერიოზული შედეგები. ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ, რომ ორივე, როგორც მთავრობა, ასევე ოპოზიცია დასხდნენ პრობლემების გადასაწყვეტად, პოლარიზაციის შესამცირებლად, და არა მის გასაზრდელად“, – განაცხადა ნაჩო სანჩეს ამორმა.
მანამდე, მან თქვა, რომ საქართველოში ჩატარებული არჩევნები საერთაშორისო საზოგადოებამ აღიარა, რაც იმას ნიშნავს, რომ მთავრობა ლეგიტიმურია.


