"ვიცი, რომ უკრაინა აღდგება უფრო ძლიერი ამ ომის შემდეგ"
13/07/2022 18:01:18 პოლიტიკა
"ვიცი, რომ უკრაინა აღდგება უფრო ძლიერი ამ ომის შემდეგ", – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში გამართულ გამოფენაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
პრეზიდენტმა ხელოვანებს მიმართა და აღნიშნა, რომ დღევანდელი ღონისძიება ქვეყნისა და სახელმწიფოს დამოკიდებულების გამოხატვაა უკრაინის მიმართ.
„ჩვენთვის ძალიან დიდი პატივია, აქ, ორბელიანების სასახლეში ვუმასპნძლოთ პირველ გამოფენას, ვიცი, შემდეგ კიდევ იქნება სხვადასხვა გამოფენა და გამოფენა-გაყიდვები სხვა გალერიებშიც, მაგრამ აქ გამოფენას სხვა დატვირთვა აქვს. ეს სწორედ ჩვენი ქვეყნისა და სახელმწიფოს დამოკიდებულების გამოხატვაა არა მხოლოდ თქვენ მიმართ, არამედ თქვენი ქვეყნისა და იმ მდგომარეობის მიმართ, რომელშიც დღეს თქვენი ქვეყანა იმყოფება. თქვენი აქ ყოფნა, ამ გამოფენის გამართვა უკვე განაცხადია. განაცხადია იმისა, რომ ჩვენ თქვენთან ვდგავართ და ვიცით, რა მძიმე ფასს იხდის თქვენი ქვეყანა ამ საერთო მიმართულებაში, რასაც ჩვენი ერთობლივი, ევროპული გზა ჰქვია. დღეს, როგორც არასდროს, მნიშვნელოვანია, რომ ერთად და რაც შეიძლება სწრაფად ვიაროთ ამ გზაზე, რადგან ნამდვილი უსაფრთხოება რეალურად მიღწეულია, როცა იმ ოჯახში ხარ, სადაც ერთმანეთის გვერდით, ერთმანეთის უსაფრთხოებაზე ზრუნავს ყველა. ეს ჩვენი მომავალია. მე ამ მომავალს გისურვებთ თქვენ და ვუსურვებ ჩვენს ხალხს. ვიცი, რომ ეს რთული დღეები გაივლის და ვიცი, რომ ამ ომის შემდეგ უკრაინა აღდგება უფრო ძლიერი და უფრო შემართებული“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
ორბელიანების სასახლეში უკრაინიდან ლტოლვილ ქალ ხელოვანთა ნამუშევრების გამოფენა სახელწოდებით „ჩამოქცეული ცა“ გაიმართა. გამოიფინა ლიუბოვ დუშინას, ოლგა ლისიცკას, ირინა ვინიჩენკოს, პოლინა ბალაცკოს, ევა კოჟარინოვას, ანასტასია კლიმენკოს, ნიკა ხვოროსტენკოს და ნატალია კოსსის ნამუშევრები.


