Accentnews.ge
"12 პრიორიტეტის შესრულებით საქართველო მძლავრ გზავნილს გაუგზავნის ევროკავშირს, რომ ქვეყანა დაბრუნდა სწორ გზაზე"

"12 პრიორიტეტის შესრულებით საქართველო მძლავრ გზავნილს გაუგზავნის ევროკავშირს, რომ ქვეყანა დაბრუნდა სწორ გზაზე"

14/07/2022 07:52:39 პოლიტიკა

ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი აცხადებს, რომ "ევროკომისიის მიერ გაცემული 12 პრიორიტეტის შესრულებით საქართველო მძლავრ გზავნილს გაუგზავნის ევროკავშირს, რომ ქვეყანა დაბრუნდა სწორ გზაზე".

როგორც მან აღნიშნა, ევროპული გზა დამსახურებაზე დაფუძნებულ პროცესად რჩება, რომელიც ზედმიწევნით მიყვება საკვანძო რეფორმების განხორციელებისას მიღწეულ პროგრესს.

მისი თქმით, ევროკავშირი საქართველოს ძლიერი პარტნიორია. საქართველომ კი ევრკავშირისგან აღიარებული ევროპული პერსპექტივა უნდა გამოიყენოს:

„ევროკავშირში გაწევრიანება ერთ ღამეში არ ხდება. ის წლების განმავლობაში გაწერილი, დეტალური პროცესია და მოიცავს სიღრმისეულ მუშაობას, წევრობისთვის დადგენილი ყველა კრიტერიუმის მიმართულებით. გაწევრიანების ტემპი დამოკიდებულია რეფორმების პროცესში წინსვლაზე, უპირველეს ყოვლისა, ფუნდამენტურ სფეროებში, რომლებიც დაკავშირებულია ევროკავშირის ძირითად ღირებულებებთან, მათ შორის, კანონის უზენაესობასთან, დემოკრატიულ ინსტიტუტებთან და ადამიანის უფლებებთან ყველასთვის, გამონაკლისის გარეშე. ამჟამად, ევროკავშირმა საქართველოს შესთავაზა, დაიწყოს მუშაობა ევროკომისიის მიერ განსაზღვრულ 12 პრიორიტეტზე, კანდიდატის სტატუსის მისაღებად და ამ პროცესის წარმატებით გასაგრძელებლად[...] დასაკარგი დრო არ არის, რადგან ევროპის თვალი და ყური ამჟამად ამ რეგიონისკენაა მომართული. საქართველოსთვის გამოწვევაა 12 პრიორიტეტი, რაც უფრო მალე შესრულდება, როგორც კი ეს მოხდება, ქვეყანა ძალიან მძლავრ გზავნილს გაუგზავნის ევროკავშირს და მის წევრ ქვეყნებს, რომ საქართველო დაბრუნდა სწორ გზაზე და შესაძლებელია მასზე დაყრდნობა, წინსვლის იმედით".

კითხვაზე, "რამდენად უკავშირდებოდა, ამ ეტაპზე, საქართველოსათვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე უარი იმ ფაქტს, რომ ჩვენს ქვეყანაში არ მიმდინარეობს სამხედრო ოპერაციები?" ჰარცელმა შემდეგი განაცხადა:

„ევროკომისიამ საქართველო, უკრაინა და მოლდოვა მათი დამსახურებების მიხედვით და დადგენილ კრიტერიუმებზე დაყრდნობით შეაფასა. ამ კრიტერიუმებს შორის ნამდვილად არ არის სამხედრო ოპერაციების მიმდინარეობა“.

ევროკომისია 2023 წლისთვის მოამზადებს შეფასებას, როგორ ასრულებს საქართველო გაწერილ 12 რეკომენდაციას. ამის შესახებ ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულების ანგარიშის განხილვისას 13 ივლისს გახდა ცნობილი.

კერძოდ, ევროკომისიის წარმომადგენელმა მიხაელ რუპმა განაცხადა, რომ "ფრთხილი განხილვების" შემდეგ გადაწყვიტეს, რომ არ უნდა "დააჩქარონ ქართული პოლიტიკური ელიტა ქვეყნის დეპოლიტიზებისას, საერთო მაგიდასთან დაჯდომისას, რათა სიღრმისეულად იმუშაონ რეფორმებზე".

"როგორც ევროპულმა საბჭომ გვთხოვა, ჩვენ მოვამზადებთ ანგარიშს, თუ როგორ არის შესრულებული გაფართოების პაკეტში გაწერილი პრიორიტებები 2023 წლისთვის. ეს საქართველოს პოლიტიკურ სისტემას საკმარის დროს მისცემს, რათა სიღრმისეულად იმუშაოს აღნიშნულ პრიორიტეტებზე", - განაცხადა რუპმა

ცნობისთვის: 23 ივნისს ევროსაბჭო დაეთანხმა ევროკომისიის რეკომენდაციას, რომლის თანახმად, უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი უნდა მისცენ სავალდებულოდ შესასრულებელი პირობებით, ხოლო საქართველომ ჯერ კონკრეტული პირობები უნდა შეასრულოს და ამის მიხედვით გადაწყდეს მისთვის სტატუსის მინიჭების საკითხი.

17 ივნისს ევროკომისიამ გამოაქვეყნა რეკომენდაციები, რომელთა თანახმად, უკრაინას და მოლდოვას უნდა მიენიჭოთ ევროპული პერსპექტივა და ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი სავალდებულოდ შესასრულებელი პირობებით, საქართველოს კი - ევროპული პერსპექტივა. ევროკომისიის რეკომენდაციით, საქართველოს კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად 12 მოთხოვნის შესრულება მოუწევს. 12 პირობას შორისაა პოლიტიკური პოლარიზაციის დაძლევა, ინსტიტუტების გამართულად მუშაობა და მათი დამოუკიდებლობა, სასამართლოს რეალური დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა, ელიტური კორუფციის შემთხვევების ეფექტიანად გამოძიება, დეოლიგარქიზაცია, თავისუფალი მედიაგარემო და ა.შ.

ევროკომისიამ 12 პრიორიტეტის შესრულების ვადად თავდაპირველად 2022 წლის დეკემბერი დაასახელა და მიუთითა, რომ ევროკომისია „მონიტორინგს გაუწევს საქართველოს პროგრესს ამ პრიორიტეტების განხორციელების პროცესში და გააკეთებს მოხსენებას 2022 წლის ბოლოსთვის“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S