„მინიმალური იყო შანსი, დეკემბერში დადებითი შეფასება მიგვეღო, ამიტომ ევროკომისიის გადაწყვეტილება უნდა გვაწყობდეს“

14-07-2022 20:18:17 პოლიტიკა ,ინტერვიუ

აქტუალურ საკითხებზე ინტერვიუ რონდელის ფონდის ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორ კახა გოგოლაშვილთან.

– ბატონო კახა, ევროკავშირის გადაწყვეტილებიდან მოკლე დროში შევიტყვეთ, რომ კანდიდატის სტატუსის მისაღებად განსაზღვრული 12 პუნქტის შესრულების ხარისხის შეფასება 2023 წლისთვის გადავადდა. როგორ ფიქრობთ, რით იყო ეს ახალი გადაწყვეტილება განპირობებული?

– ვფიქრობ, ევროკომისიაში არარეალურად მიაჩნიათ, რომ საქართველომ დეკემბრამდე შეძლოს განსაზღვრული 12 პუნქტის იმგვარად შესრულება, რომ შემდეგ მათ ანგარიშის მომზადება მოასწრონ. მოგეხსენებათ, დეკემბრის შუა რიცხვებიდან ევროკომისიის დიდი ნაწილი შვებულებაში გადის. ამასთან, დეპოლარიზაციის დასრულებას არანაირი პირი არ უჩანს. ამის გარეშე კი ცხადია, დანარჩენი პუნქტების შესრულება შეუძლებელია. ზაფხულის ბოლოსთვის უნდა ყოფილიყო ყველა რეფორმა დასრულებული, რომ სიღრმისეულად შეეფასებინათ პროგრესი, ხოლო „ქართული ოცნება“ სექტემბრამდე სესიის მოწვევასაც არ აპირებენ. შესაბამისად, სექტემბრამდე არანაირ კანონს არ მიიღებენ და თუ სექტემბერში დაიწყებენ დებატებს, დეკემბრამდე რომც შეძლონ რეკომენდაციების შესრულება, ევროკომისია ვეღარ მოასწრებს შეფასებას. ამიტომაც, მათ თქვეს, რომ „ვინაიდან ქართული მხარე არ ჩქარობს, არც ჩვენ ვიჩქარებთ“ – 2023–ში მათ მაინც უნდა მოამზადონ ახალი ანგარიში და შეიმუშაონ გაფართოების საკითხებთან დაკავშირებით ახალი კომუნიკაცია, სადაც მიმოიხილავენ გაფართოების თემაში ჩართულ ყველა ქვეყანას, მათ შორის უკრაინას და მოლდოვას და მოამზადებენ ანგარიშს საქართველოზეც. ეს ჩვენ ვჩქარობდით, რადგან ამას პოლიტიკური მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის. ამდენად, ეს პრაგმატული გათვლაა და ნუ დავაბრალებთ ევროკომისიას. მათ რეალისტურად შეაფასეს მოცემულობა. თუ ისინი მსგავს განცხადებას არ გააკეთებდნენ, შემდეგ ევროკომისიას დაჰბრალდებოდა, „ანგარიში არ მოამზადესო“.

– კონტექსტის გათვალისწინებით ეს ჩვენთვის პოზიტიური გადაწყვეტილება უფროა თუ ნეგატიური? თქვენც ბრძანეთ, რომ 2023 წელს შეფასდება მათ შორის უკრაინის და მოლდოვის პროგრესი, რომელთაც ჩვენ ჩამოვრჩებით. თუ მათ მიერ განხორციელებული რეფორმები დადებითად შეფასდა, ისინი შესაძლოა, ევროინტეგრაციის შემდეგ ეტაპზე გადავიდნენ და ჩვენ კიდევ უფრო ჩამოვრჩებით...

– აქ მნიშვნელოვანია, რა გარემოა ჩვენთან. რეალურად, ეს გადაწყვეტილება ჩვენ უნდა გვაწყობდეს: თუ დეკემბერში დაჩქარებულად მომზადდება ანგარიში, რა თქმა უნდა, ჩვენ რეფორმები დასრულებული არ გვექნება, შესაბამისად, ანგარიშიც უარყოფითი იქნება. ასეთ შემთხვევაში მინიმუმ, ერთი (ან მეტიც) წელი მოგვიწევს ლოდინი, ვიდრე ევროკომისია დაუბრუნდება ამ საკითხს და დაუბრუნდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მართლაც მკაფიოდ ვაჩვენებთ პროგრესს. არც ისეთი ბიუროკრატიაა ევროკავშირში: მზადდება სხვადასხვა ანგარიშები, მათ შორის, ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის, არსებობს დიალოგი ადამიანის უფლებების, უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით – ბევრი ფორმატია და თუ ისინი რეალურად დაინახავენ პროგრესს, ცხადია, ევროკომისიას ანგარიშის რაც შეიძლება სწრაფად მომზადებას დაავალებენ. ამდენად, სისტემა საკმაოდ მოქნილია. ამჟამად ისინი გეგმავენ, 2023 წლის შემოდგომისთვის მოამზადონ გაფართოების საკითხებზე მთლიანი ანგარიში, მათ შორის, საქართველოსაც განიხილავენ, მაგრამ თუ საქართველო, როგორც უკვე ვთქვი, რეალურ პროგრესს აჩვენებს, პროცესს თავად არ შეაფერხებენ. თავად ის გარემოება, რომ არ გვაქვს ვალდებულება, უკვე დეკემბრისთვის იყოს მზად ანგარიში საქართველოზე, კარგია, რადგან ვიმეორებ, მინიმალური იყო შანსი, დადებითი შეფასება მიგვეღო. კომისია დაწერდა, რომ ნაწილი რეკომენდაციებისა შესრულდა, მაგრამ არა ყველა და საკითხი გრძელვადიან „მოგზაურობაში“ გადაინაცვლებდა. ამდენად, ერთის მხრივ, მეტი დრო გვაქვს, რეალური პროგრესი ვაჩვენოთ, მაგრამ პრობლემა ისაა, რომ ეს საკითხი მუდმივად პოლიტიკური ანგარიშსწორებისთვის იქნება გამოყენებული როგორც ოპოზიციის, ისე მმართველი გუნდის მხრიდან. შესაძლოა, ამ გადაწყვეტილების შემდეგ ევროსკეპტიკოსები გააქტიურდნენ ძველი რიტორიკით, „გვატყუებს ევროკავშირი, არ სურთ, სტატუსი მოგვცენ, რადგან ომში არ ჩავერთეთო“ და ა.შ. – მოვისმენთ ათასგვარ დემაგოგიას; ხელისუფლება ოპოზიციას გადააბრალებს, „კომისიაში მონაწილეობას გვთავაზობდით და თქვენ ყველაფერი ჩაშალეთო“; ოპოზიცია კი გადააბრალებს ხელისუფლებას, „არაფერი გააკეთეთო“ – ყველა პოლიტიკური ჯგუფი, უპირველესად, ანტიდასავლური, ამ გადაწყვეტილებას მთლიანად პროცესის დისკრედიტაციისთვის და ერთმანეთის „ჩასაძირად“ გამოიყენებს. პრორუსულ ჯგუფებს რა მიზანი აქვთ, გასაგებია, მაგრამ საზოგადოებამ კარგად უნდა გააცნობიეროს, რეალურად რა არის, მათ შორის, ხელისუფლების პრიორიტეტი და ყველა აქტორს მოსთხოვოს პროცესის პოზიტიური გზით წარმართვისთვის მუშაობა. ვფიქრობ, მოსახლეობისგან საკმარისი ზეწოლა არაა. ის რომ მიტინგზე 200 000 ადამიანი გამოვიდა და ვერაფერზე შეთანხმდა, საკმარისი არაა. უნდა გამოვიდნენ კონკრეტულ თემებით და საკითხებით, რომლებიც კავშირში იქნება ევროკავშირის რეკომენდაციებთან. საზოგადოებრივი წნეხი უნდა იყოს ძალიან მკაფიო, კონკრეტული, პრინციპული და კონსტრუქციული! შენ თუ დააყენებ მთავრობის გადადგომის მოთხოვნას (მით უფრო, თუ აცნობიერებ, რომ მმართველი გუნდი ძალაუფლების შენარჩუნებას ცდილობს), ცხადია, ის ციხე–სიმაგრეში გამაგრდება. კონსტრუქციულობის ალტერნატივა სამოქალაქო დაპირისპირებაა: ხელისუფლებას ჰყავს მხარდამჭერი ჯგუფები, რომლებიც ხელჩართულ ბრძოლაში ჩართვისთვის მზად არიან. ამდენად, გადადგომა და სასწრაფოდ არჩევნების ჩანიშვნა, რეალისტური სცენარი არ არის! იმავდროულად, საზოგადოება დიალოგში ოპოზიციასთანაც უნდა ჩაერთოს, რადგან პოლიტიკურ პროცესში პოლიტიკური ძალების გარეშე მაინც არაფერი გამოვა.

სადღეისოდ, სამწუხაროდ, პოლიტიკური ძალები მოწყვეტილნი არიან საზოგადოებას და მასების მოთხოვნებს. ამიტომ დიალოგი აუცილებელია!

– მით უფრო, რომ ამ გაუცხოებით მაინც სახელისუფლებო გუნდი სარგებლობს: მას ხელთ უპყრია ძალაუფლების ბერკეტები, ჰყავს ადმინისტრაციული რესურსი...

– ხელისუფლებამ შექმნა კასტა: საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებულთა რაოდენობა 300–400 ათასამდე აღწევს. ამას ემატება მათ უკან მდგომი ოჯახები. ამ გაჭირვებულ ქვეყანაში მათი ამოცანაა, შეინარჩუნონ პოზიცია, ხელფასი. ის ასე ადვილად კერძო სექტორში სამსახურს ვერ მოიძიებს, არ აქვს კონკურენციაში შესვლის რესურსი. ამას ემატება კერძო სექტორის დიდი ნაწილი, რომელსაც მმართველი გუნდისგან პრივილეგირებული მხარდაჭერა აქვს. ეს ყველაფერი ადამიანების კასტას ქმნის, რომელთათვისაც პრიორიტეტული ის კი არ არის, რა პოლიტიკას ახორციელებს ხელისუფლება, არამედ ის, რომ არ შეიცვალოს ხელისუფლება და ამგვარად შეინარჩუნოს პირადი სტაბილურობა.

სწორედ ამიტომ, საზოგადოებრივი პროტესტი მიმართული უნდა იყოს ხელისუფლებასთან ძალიან მჭიდრო კომუნიკაციის მოთხოვნაზე. მაგალითად, უამრავი ადამიანი გამოვიდა აქციაზე. მათ რომ გამოეყოთ ადამიანთა ჯგუფი, რომელიც მოლაპარაკებას აწარმოებს ხელისუფლებასთან, ვფიქრობ, მმართველი გუნდი 200 000–კაციან მიტინგს დიალოგზე უარს ვერ ეტყვის, მით უმეტეს, რომ ახლა ვალდებულება აქვს აღებული, ხელი შეუწყოს დიალოგს. ეს უნდა იყოს ცივილური,ზემოხსენებული მოთხოვნების ირგვლივ დიალოგი, სხვა შემთხვევაში, თქვან, რომ „გააგრძელებენ პროტესტს და უხერხულობის შექმნას“. ასეთი მიდგომა უნდა იყოს, მაგრამ სამწუხაროდ, ვფიქრობ, რომ ყველას არასწორად მიჰყავს პროცესი, მათ შორის, სამოქალაქო საზოგადოებას, რომელიც ვერ ახერხებს ეფექტური ზეწოლის განხორციელებას.

– კვლავ ევროკომისიის ახალ გადაწყვეტილებას რომ დავუბრუნდეთ, იყო შეფასებები, რომ საქართველო ამ 12 პუნქტის შესრულებას წლის ბოლომდე რომ ვერ მოასწრებდა, იცოდნენ ევროკავშირშიც. ამიტომ, პროცესის დაწყება და მზაობის ჩვენება შესაძლოა, საკმარისი ყოფილიყო კანდიდატის სტატუსის მისაღებად. მაგრამ რადგან პროგრესის შეფასება გადავადდა, უკვე კონკრეტულ შედეგებს მოითხოვენ...

– მზაობის დემონსტრირება ევროსაბჭოს გადაწყვეტილებამდე იქნებოდა საკმარისი. რა იყო გასაკეთებელი, ეს ისედაც ვიცოდით, რადგან ყველა ამაზე ლაპარაკობდა. ამიტომ, ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე განაცხადის წარდგენისთანავე რომ დაგვეწყო რეფორმები, გაგვეცოცხლებინა შარლ მიშელის შეთანხმება და გვეჩვენებინა პროგრესი, კანდიდატის სტატუსს (შესაძლოა, სამი–ოთხი პირობით) მივიღებდით. მაგრამ ჩვენ ყველაფერი პირიქით გავაკეთეთ და ექვსი თვე რომ მოგვცეს პირობების შესასრულებლად, ეს უკვე სახუმარო აღარაა: პირობებს მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიჩნევენ შესრულებულად, თუ კონკრეტულ კანონებს მივიღებთ და იმპლემენტაციას განვახორციელებდით. ამდენად, ილუზია არ უნდა გვქონდეს, რომ მხოლოდ პროცესის დაწყება იქნებოდა საკმარისი! შანსი ხელიდან გავუშვით და ახლა ყველაფრის ბოლომდე შესრულებას მოგვთხოვენ. არც ისაა გამორიცხული, პირობები დაგვიმძიმონ.

– ფონს სამწუხაროდ კიდევ უფრო ამძიმებს ანტიდასავლური ისტერია, ევროკავშირის და აშშ–ის ელჩებს კი უწევთ განმარტებების კეთება, რომ არ „ითრევენ“ საქართველოს ომში, რომ ევროკავშირში წევრობა კონკრეტულ კრიტერიუმების დაკმაყოფილებას მოითხოვს, ხოლო საქართველომ პროგრესი უნდა აჩვენოს...

– აქ ვფიქრობ, ყველაფერი აშკარაა: მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნება“ პროდასავლური ძალებისგან გათავისუფლდა, დარჩა გაურკვეველი, ამორფული ძალა, რომლისთვისაც სულ ერთია ევროკავშირი, რუსეთი... როგორც ჩანს, ახლა ხდება შემდგომი დიფერენცირება – ევროკავშირში გაწევრიანების მოწინააღმდეგეები და ჯგუფი, რომელიც ნეიტრალურია ან ევროინტეგრაციას უბრალოდ არ ეწინააღმდეგება. როგორც ჩანს, ამ უკანასკნელმა ევროინტეგრაციის მოწინააღმდეგეებს შესთავაზა, პარტიიდან ფორმალურად გავიდნენ და იქიდან რადიკალურად „მიაწვნენ“ დასავლეთს, „ვნახოთ, მასები თუ აგვყვებიანო“. სავარაუდოდ, რადიკალების მიმხრობაც სურთ. ისინი ხედავენ, რომ რუსული პროპაგანდის შედეგად ქვეყანაში გაჩნდნენ საკმაოდ მრავალრიცხოვანი პრორუსული ძალები და ეს საარჩევნო ხმები სხვა ძალებს რატომ დაუთმონ? „ოცნებიდან“ ფორმალურად გამოყოფილი ევროსკეპტიკური ჯგუფი მისი პრორუსული რიტორიკით რუსული პროპაგანდით ტვინარეული მასების ნაწილს მაინც მიიმხრობს და შემდეგ, საარჩევნოდ შესაძლოა, პარტიაც ჩამოაყალიბონ. მიიზიდავენ პრორუსულ ძალებს და მათთან ერთად შევლენ კოალიციაში კვლავ „ოცნებასთან“.

– მაგრამ საზოგადოებრივი აზრის კვლევები, არჩევნების შედეგები აჩვენებენ, რომ მკვეთრად პრორუსულ ძალებს მაქსიმუმ, 5%–იანი მხარდაჭერა აქვთ...

– მათ მხოლოდ მკვეთრად პრორუსული პოზიციის მქონენი არ სჭირდებათ: სჭირდებათ იმედგაცრუებულები, დაეჭვებულები... მაგალითად, თუ ქვეყნის ევროინტეგრაციას 82% უჭერს მხარს, დანარჩენი 18% სავარაუდოდ, ამ კურსის მოწინააღმდეგეა და რატომ დაკარგონ ეს ხმები? თუ აქედან 10%–ს მაინც აიღებენ, ხოლო 40%–ს – „ქართული ოცნება“, ეს ხმების 50% გამოდის და მოვლენათა მსგავსი სცენარით განვითარების შემთხვევაში, პროპორციული საარჩევნო სისტემის პირობებშიც კი იმარჯვებენ. მგონია, რომ ეს დაგეგმილი პოლიტ–ტექნოლოგიაა. არ ვიცი საიდან, მაგრამ სპეციალისტები ჰყავთ ჩამოყვანილი და გეგმაზომიერად მოქმედებენ.

– მინდა, გკითხოთ, ორი დღის წინ ჯერ პრემიერ–მინისტრის, შემდეგ დეპუტატების მიერ გამოქვეყნებულ ბიძინა ივანიშვილის მხარდამჭერ წერილებზე, რამაც პროცესზე დამკვირვებლების ნაწილს გაუჩინა განცდა, რომ ივანიშვილს სანქციები უახლოვდება. ამასთან, პრემიერ ღარიბაშვილის წერილში თითქოს ერთგვარი მინიშნება იყო პოლიტიკაში ივანიშვილის ღიად დაბრუნებაზე. თქვენ რამდენად რეალისტურად გესახებათ ივანიშვილის სანქცირება და მისი პოლიტიკაში ღიად მობრუნება იქნება სანქციების ასარიდებლად გადადგმული ნაბიჯი?

– მგონია, რომ სანქციების თემა „ქართულმა ოცნებამ“ თავად გააზვიადა, რადგან ამ საკითხის ირგვლივ კონსოლიდაციის გაზრდა სურთ. კერძოდ, „ქართული ოცნების“ ამომრჩეველთა დიდმა ნაწილმა ამ პარტიას ივანიშვილის ფაქტორის გათვალისწინებით მისცა ხმას. ბოლო პერიოდში კი ამავე პარტიის წევრები აქტიურად საუბრობენ, რომ „ივანიშვილი საერთოდ ჩამოშორდა პოლიტიკასო“, ხოლო ამომრჩეველი აკვირდება ღარიბაშვილს, კობახიძეს ... და არ მოსწონს რა ისინი, სვამს კითხვას, „ჩვენ ამათთვის არ მიგვიცია ხმაო“. როგორც ჩანს, ეს ესმით „ქართულ ოცნებაში“ და ცდილობენ, აჩვენონ, თუ რამდენად ერთგულია გუნდი ივანიშვილის. სხვათა შორის, ამ მიმართულებით, თუმცა მათ საწინააღმდეგოდ თამაში პრეზიდენტმაც წამოიწყო, როდესაც თქვა, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ივანიშვილის ხსენება, „მთავრობის ბრალიაო“. ჩემთვის ეს კიდევ ერთი მტკიცებულებაა იმისა, რომ მიმდინარეობს ხალხის საჩვენებლად ბრძოლა, ვინ უფრო იცავს მას. ხოლო თუ ივანიშვილს დაცვა სჭირდება, უნდა მოიგონონ საფუძველი, თუ რა წარმოშობს დაცვის საჭიროებას და მოიგონეს კიდეც – თურმე დასავლეთი მისთვის სანქციების დაწესებას აპირებს და უნდა „გადაარჩინონ“. ამდენად, ივანიშვილის „გადარჩენა“ საარჩევნო სტრატეგია ხდება. როგორც წინა არჩევნებზე იყო სლოგანი, „გადავარჩინოთ გარეჯი“, ახლა სლოგანია „გადავარჩინოთ ივანიშვილი, როგორც ერის მამა და საგანძური“.

საყურადღებოა, რომ ივანიშვილის სანქცირების საკითხი არ მეორდება არც ევროკომისიის რეკომენდაციებში და არც ევროსაბჭოს გადაწყვეტილებაში. ამდენად, ევროპარლამენტის რეზოლუცია იყო ივანიშვილის გაფრთხილება, მოუშვას „მარწუხები“ ოპოზიციაზე, ხელისუფლებისგან დამოუკიდებელ მედიაზე. პირველ რიგში, ეს ეხება ალბათ, სააკაშვილს, ახლა უკვე გვარამიასაც. სააკაშვილი უცხოეთში სამკურნალოდ რომ გაუშვან, დარწმუნებული ვარ, ამას პოზიტიური გამოხმაურება მოჰყვება არა იმიტომ, რომ სააკაშვილს გავლენა აქვს, არამედ იმიტომ, რომ მათ არ მოსწონთ, როდესაც საქართველოში შუა საუკუნეების კონტურები იხატება: ერთმა მეფემ მეორე შეცვალა და წინამორბედი დილეგში ჩააგდო! მიუღებელ რამეებს ამბობდა ნიკა გვარამია, რაც ნამდვილად არ არის მისასალმებელი, მაგრამ ამის გამო მედიამენეჯერს დილეგში რომ ჩააგდებ, ცხადია, ამას ევროპაში არ გაპატიებენ!

– ამ კონტექსტში საყურადღებოა ინციდენტი, რომელიც აშშ–ის საელჩოს ტერიტორიაზე მოხდა. ვგულისხმობ, „ქართული ოცნების“ დეპუტატის თავდასხმას „ტვ პირველის“ ხელმძღვანელზე...

– ზოგიერთ პარლამენტში, მათ შორის, ევროპულში, ხდება ხოლმე ფიზიკური დაპირისპირება, მაგრამ საელჩოში მუშტი–კრივს რომ გამართავენ თან პარლამენტის წევრები, მით უფრო, რომ ამ ქცევას გაკიცხვა არ მოჰყვება, წარმოუდგენელია. მეტიც, უცნაური რამ თქვა კობახიძემ, „კანონიერიც იყო და მორალურიცო“ [მმართველი გუნდის დეპუტატის ქცევა – რედ]. არ ვიცი, გაუგებარია, რომელ ეთიკაზე ან კანონიერებაზეა საუბარი. მე–18 თუ მე–19 საუკუნეებში დუელს უკაცრიელ ადგილზე მართავდნენ და 21–ე საუკუნეში მსგავსი ქცევა...

– ვფიქრობ, აქ მნიშვნელოვანია, ამ ურთულეს გეოპოლიტიკურ გარემოში ვისთან თანამშრომლობითაც წარმოგიდგენია გადარჩენა, მათ რა წარმოდგენა ექმნებათ შენზე, როგორც პოლიტიკურ გუნდზე, ქვეყანაზე. სახეზე ხომ ინციდენტების „კრებული“ გვაქვს.

– ცხადია. 11 წელი ვიმუშავე საგარეო საქმეთა სამინისტროში, კარგად მახსოვს სხვადასხვა ეტაპები და საქართველოს არც ერთი ხელისუფლების პირობებში არ მახსენდება, მსგავსი აღვირახსნილი დამოკიდებულება აშშ–ის ელჩის მიმართ. ადმინისტრაციები ფრთხილად ეკიდებოდნენ ამერიკელებთან ურთიერთობებს, რადგან ჩვენი დამცველი სხვა არავინ იყო. მსგავსი დამოკიდებულება ვლადიმირ პუტინსაც კი არ ჰქონდა ბოლო მომენტამდე – უკრაინაში ომის დაწყებამდე.

– არც დღესაა განსხვავებული მოცემულობა დამცველის კონტექსტში...

– მოცემულობა იგივეა, მაგრამ თითქოს აღარ ეშინიათ [მმართველ გუნდს – რედ.] რუსეთმა რომ დაგვიპყროს – გამოდის, რომ ეს ტრაგედიად არ აღიქმება. ან შესაძლოა, იმგვარი ურთიერთობა დაამყარეს რუსულ მხარესთან, რომ მსგავსი ქცევით მათ აწონებენ თავს, „ამერიკელებს როგორ ველაპარაკებით! საერთოდაც, მათ საქართველოდან წასვლა მოუწევთ, ჭკუით მოიქცნენ!“.

– ეს ძალიან რთული სცენარია. თუ საზოგადოების დამოკიდებულებას გავიხსენებთ დეკლარირებული საგარეო პოლიტიკური კურსისადმი, სად ხედავს ქართველი ხალხი საკუთარ მომავალს, ვფიქრობ, ეს მათ შორის რუსეთის ფაქტორითაცაა განპირობებული. ამდენად, მოვლენები თქვენს მიერ ხსენებული მძიმე სცენარით რომ განვითარდეს, ამას ნიადაგის შემზადება, საზოგადოებრივი აზრის „გადატეხვა“ სჭირდება. ფიქრობთ, რომ ეს კამპანია აქეთკენაცაა მიმართული?

– დიახ, ასე მოჩანს! ხელისუფლებაში ხედავენ, რომ მოსახლეობის დამოკიდებულებას მყისიერად ვერ შეცვლიან, მაგრამ მე უკანასკნელი მოვლენებიდან ბევრი რამ მენიშნა. მაგალითად, როდესაც უკრაინელებმა განაცხადეს, „კარგი იქნებოდა, საქართველოს მეორე ფრონტი გაეხსნაო“, ამაზე მთელი პროპაგანდა აეწყო და აბსოლუტურად პროდასავლური ადამიანებიც კი სრულიად ღიად, აღშფოთებით ლაპარაკობდნენ, „რას ბედავენ უკრაინელებიო“ – ძალიან ბევრს შეუტრიალდა ტვინი. იმავდროულად რომელიმე ამერიკელს რომ ეთქვა, „კარგი წინადადებაა, შეუტიონ ცხინვალს, ჩვენ მხარს დავუჭერთო“, განწყობები სრულიად შეიცვლებოდა.

– მაგრამ ამერიკელებს ეს არ უთქვამთ, ამიტომ, უნდა თქვას სხვამ, „ყურში გვიჩურჩულებენო“?...

– დიახ, ამერიკელებს არ უთქვამთ, მაგრამ შესაძლებელია ადამიანების დარწმუნება, თითქოს რეალურად თქვეს. „ქართულმა ოცნებამ“ ამაში რესურსი დაინახა, რომ შეთქმულების თეორიებით ადამიანთა ნაწილის პროდასავლური კურსიდან შემობრუნება შესაძლებელია და ამ გზავნილებს ინტენსიურად ავრცელებენ. აქედან კი ძალიან არასახარბიელო დასკვნების გამოტანაა შესაძლებელი: ხელისუფლებას აწუხებს, რომ საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილი პროდასავლურია. მისთვის უფრო კომფორტული იქნებოდა, დასავლეთისადმი მხარდაჭერა არა 80%, არამედ, ვთქვათ, 60% ყოფილიყო – ასეთ პირობებში საზოგადოებრივი აზრით მანიპულირება უფრო იოლია.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები