Accentnews.ge
მაჭარაშვილი – ჩხიკვაძის განცხადებაზე: "ამ საკითხზე აშშ-ის საელჩოს პოზიცია გვაინტერესებს"

მაჭარაშვილი – ჩხიკვაძის განცხადებაზე: "ამ საკითხზე აშშ-ის საელჩოს პოზიცია გვაინტერესებს"

15/07/2022 10:16:24 პოლიტიკა

"ქართული ოცნების“ წევრი დეპუტატის გურამ მაჭარაშვილის შეფასებით, მოსამართლის განცხადებაში მითითებული ფაქტი, რომ ამერიკის საელჩოს წარმომადგენელმა კონკრეტულ საქმეზე მოსთხოვა ანგარიში, მართლმსაჯულების საქმიანობაში ჩარევაა.

„რა თქმა უნდა, ამ საკითხზე ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს პოზიცია გვაინტერესებს. ჩვენ ბევრი რეფორმა განვახორციელეთ, მათ შორის სტრატეგიული პარტნიორების დახმარებით, მაგრამ რაც მოვისმინეთ, დაუშვებელია, რადგან მოსამართლის განცხადებაში მითითებული ფაქტი, რომ აშშ-ს საელჩოს წარმომადგენელმა მას კონკრეტულ საქმეზე ანგარიში მოსთხოვოს, ეს მართლმსაჯულების საქმიანობაში ჩარევაა. ასევე მოვისმინეთ ევროპარლამენტარ გალერის სააპელაციო სასამართლოს მიმართ მოწოდება, რომ ნიკა გვარამია გაამართლოს. საინტერესოა, თავისი ქვეყნის სასამართლოს თუ მიმართავს და ეტყვის, როგორი გადაწყვეტილება მიიღოს. ჩვენ ვართ სამართლებრივი სახელმწიფო. შესაბამისად, ყველამ ნება უნდა იბოძოს და პატივი სცეს იმ ფუნდამენტურ პრინციპს, რასაც მართლმსაჯულების დამოუკიდებლობა ჰქვია", - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

"მთავარი არხის" დირექტორის ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე ამბობს, რომ ამ საქმესთან დაკავშირებით სხვადასხვა პირები ზეწოლის მოხდენას ცდილობენ.

მისი თქმით, აშშ-ის საელჩომ ამ საქმეზე ანგარიში მოსთხოვა:

მას შემდეგ რაც, მე ნ. გვარამიას საქმეზე გამოვაცხადე განაჩენი, მე მქონდა შეხვედრა თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობაში აშშ- ს საელჩოს ერთ-ერთი თანამშრომელთან (ა.შ.შ.-ს იუსტიციის დეპარტამენტის ხაზით კევინ ბურკთან), რომელმაც საუბრისას გამომკითხა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და მითხრა, რომ ელჩს აინტერესებს ამ საქმეზე რატომ მივიღე გამამტყუნებელი განაჩენი და განსაკუთრებით რატომ გამოვიყენე სასჯელად თავისუფლების აღკვეთა. ჩემი შეფასებით ეს იყო ანგარიშის მოთხოვნა კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით. ამას კი მოაყოლა, რომ სულ რამდენიმე დღეში დაგეგმილ ვიზიტში(სადაც 6 სისხლის პროფილის მოსამართლე) მივდიოდით აშშ-ში და სადაც ყველაფერი უკვე გაწერილი იყო, სამწუხაროდ ჩემი მონაწილეობა არასასურველი იქნებოდა და სიიდან ამოღებული ვიყავი. ეს ვითარება ჩემთვის გამაოგნებელი აღმოჩნდა. თუმცა, ყველაფერი ამით არ დასრულებულა და ახლა უკვე ზოგიერთი პოლიტიკური ძალა „სანქციებითაც“ მემუქრება ამ კონკრეტული საქმის განხილვის შედეგის გამო, და არ მინდა რომ იგივე გაიარონ ჩემმა კოლეგა მოსამართლეებმა, რომლებსაც, როგორც უკვე აშკარად ჩანს, ამ საქმის განხილვა მოუწევთ დაუფარავი და დიდი ზეწოლის ქვეშ".

მოსამართლის აღნიშნულ განცხადებას ტელეკომპანია „რუსთავი 2“ ავრცელებს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ლაშა ჩხიკვაძემ ნიკა გვარამიას 3 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. განაჩენი 16 მაისს გამოცხადდა. გვარამია დამნაშავედ იქნა ცნობილი ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ხელმძღვანელობის პერიოდში უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში. ეს გადაწყვეტილება მოსამართლემ მაშინ, გამოაცხადა, როცა საქართველოს უკვე ჰქონდა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სატატუსის მისაღებად განაცხადი. გვარამიას საქმე მოხვდა ევროპარლამენტის რეზოლუციაშიც, რომელიც 9 ივნისს მიიღეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S