Accentnews.ge
"აშშ არ იშურებს ძალისხმევას, რათა პუტინის არაპროვოცირებული ომი უკრაინაში არ გავრცელდეს სხვა ქვეყნებზე, მათ შორის – საქართველოზე"

"აშშ არ იშურებს ძალისხმევას, რათა პუტინის არაპროვოცირებული ომი უკრაინაში არ გავრცელდეს სხვა ქვეყნებზე, მათ შორის – საქართველოზე"

15/07/2022 11:40:43 პოლიტიკა

საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი „ქართული ოცნებიდან“ წასული წევრების მიერ მის მიმართ გამოთქმულ კრიტიკას კიდევ ერთხელ ეხმიანება და აცხადებს, რომ აშშ ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ უკრაინაში პუტინის მიერ დაწყებული ომი სხვა ქვეყნებზე, მათ შორის საქართველოზე არ გავრცელდეს.

"აშშ არ იშურებს ძალისხმევას, რომ პუტინის არაპროვოცირებული ომი უკრაინაში არ გავრცელდეს სხვა ქვეყნებზე, იქნება ეს საქართველო, თუ ნებისმიერ სხვა ქვეყანა. ჩვენ ყოველდღიურად ძალიან ბევრს ვშრომობთ, რათა შეწყდეს ეს ომი, რაც შეიძლება მალე. ეს გაუმართლებელი ომი დაიწყო პუტინმა და მასვე შეუძლია დაასრულოს. აშშ აკეთებს ყველაფერს, რომ აღდგეს მშვიდობა და სტაბილურობა და გავაგრძელებთ ჩვენს თანამშრომლობას იმისთვის, რომ საქართველოს ჰქონდეს წარმატებული მომავალი, გახდეს ევროკავშირის, ნატო–ს წევრი, ჩვენ ძალიან კარგი პარტნიორობა გვაქვს წლების მანძილზე, მიუხედავად იმისა რომელი პარტიაა მმართველი", – აცხადებს ელჩი.

ბოლო პერიოდში „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები და მათი მხარდამჭერები საუბრობენ, რომ დასავლეთის ქვეყნებს საქართველოს ომში ჩაბმა სურთ. ისინი ქვეყნის ომში ჩართვის მცდელობაში თავდაპირველად ადანაშაულებდნენ ოპოზიციასა და უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებს, შემდეგ ევროკავშირის მიერ კანდიდატის სტატუსზე გადაწყვეტილების მიღებაც ომში ჩართვაზე უარს დაუკავშირეს.

8 ივლისს მიხეილ ყაველაშვილმა, რომელმაც "ქართული ოცნების" რიგები თანაგუნდელებთან – სოზარ სუბართან და დიმიტრი ხუნდაძესთან ერთად "შიდა პოლიტიკურ პროცესებზე საზოგადოებისთვის მეტი ინფორმაციის მიწოდების" მიზნით დატოვა, ევროკავშირზე შეთქმულების თეორიის გავრცელების შემდეგ სამიზნეში საქართველოში აშშ–ის ელჩ კელი დეგნანი ამოიღო.

ცოტა ხნის წინ აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა აღნიშნა, რომ ნარატივი, რომ ვინმეს საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ ომში ჩაბმა სურს, ФСБ-ს სახელმძღვანელოდან ამოღებული დეზინფორმაციაა.

23 ივნისს ევროსაბჭო დაეთანხმა ევროკომისიის რეკომენდაციას, რომლის თანახმად, უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი უნდა მისცენ სავალდებულოდ შესასრულებელი პირობებით, ხოლო საქართველომ ჯერ კონკრეტული პირობები უნდა შეასრულოს და ამის მიხედვით გადაწყდეს მისთვის სტატუსის მინიჭების საკითხი.

17 ივნისს ევროკომისიამ გამოაქვეყნა რეკომენდაციები, რომელთა თანახმად, უკრაინას და მოლდოვას უნდა მიენიჭოთ ევროპული პერსპექტივა და ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი სავალდებულოდ შესასრულებელი პირობებით, საქართველოს კი - ევროპული პერსპექტივა. ევროკომისიის რეკომენდაციით, საქართველოს კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად 12 მოთხოვნის შესრულება მოუწევს. 12 პირობას შორისაა პოლიტიკური პოლარიზაციის დაძლევა, ინსტიტუტების გამართულად მუშაობა და მათი დამოუკიდებლობა, სასამართლოს რეალური დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა, ელიტური კორუფციის შემთხვევების ეფექტიანად გამოძიება, დეოლიგარქიზაცია, თავისუფალი მედიაგარემო და ა.შ.

13 ივლისს ცნობილი გახდა, რომ ევროკომისია 2023 წლისთვის მოამზადებს შეფასებას, როგორ ასრულებს საქართველო გაწერილ 12 რეკომენდაციას. ევროკომისიამ 12 პრიორიტეტის შესრულების ვადად თავდაპირველად 2022 წლის დეკემბერი დაასახელა და მიუთითა, რომ ევროკომისია „მონიტორინგს გაუწევს საქართველოს პროგრესს ამ პრიორიტეტების განხორციელების პროცესში და გააკეთებს მოხსენებას 2022 წლის ბოლოსთვის“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S