"სახელმწიფოს სამივე ფორმალური სახელისუფლებო შტოდან ღიად გვესმის ანტიამერიკული განცხადებები, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოში „კლანურ“ მმართველობას"
15/07/2022 15:53:23 პოლიტიკა
"სამწუხაროდ, საქართველოს სახელმწიფოს სამივე ფორმალური სახელისუფლებო შტოდან, უკვე ღიად გვესმის ანტიამერიკული განცხადებები, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოში „კლანურ“ მმართველობას, რომელიც ემსახურება ერთ რუს ოლიგარქს და არა ქართველი ხალხის ინტერესს", - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, „რუსული ოლიგარქიული რეჟიმი თავს ესხმის ამერიკის შეერთებულ შტატებს და ამით თავს ესხმის საქართველოს ეროვნულ ინტერესებს".
„ამერიკის შეერთებული შტატების როლი საქართველოში მშვიდობის და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, დემოკრატიული ღირებულებების მხარდაჭერად და საქართველოს ეკონომიკური კეთილდღეობის გაუმჯობესების მიმართულებით იყო და არის არსებითი და შეუცვლელი. ქართველი ხალხი ხედავს და აფასებს შეერთებული შტატების ეგზისტენციურ როლს ჩვენი ქვეყნის ევროპული და დემოკრატიული მომავლის უზრუნველსაყოფად. ამ რეალობაში, საქართველოსთვის შეერთებული შტატების როლის არათუ არასწორი კუთხით წარმოჩენა, არამედ, ამ როლში ბუნდოვანების შემოტანაც კი, არის ფუნდამენტურად ანტიქართული, ანტიეროვნული და ანტიდასავლური მოვლენა, რომლითაც მხოლოდ საქართველოს მტრები ხეირობენ. სამწუხაროდ, საქართველოს სახელმწიფოს სამივე ფორმალური სახელისუფლებო შტოდან, უკვე ღიად გვესმის ანტიამერიკული განცხადებები, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოში კლანურ მმართველობას, რომელიც ემსახურება ერთ რუს ოლიგარქს და არა ქართველი ხალხის ინტერესს. ამიტომ, როგორც ევროკავშირის რეკომენდაციებშია ნათქვამი, საქართველოს ევროპული და მშვიდობიანი მომავლისთვის აუცილებელია - დეოლიგარქიზაცია.
რუსული ოლიგარქიული რეჟიმი თავს ესხმის ამერიკის შეერთებულ შტატებს და ამით თავს ესხმის საქართველოს ეროვნულ ინტერესებს. რუსული ოლიგარქიული რეჟიმი ამას ზუსტად იმ ე.წ. არგუმენტებით აკეთებს, რა „არგუმენტებიც“ აქვს რუსეთს დასავლურ სამყაროს. ეს „არგუმენტებია“ რომ თითქოს არსებობს „სუვერენული დემოკრატია“ „სუვერენული სასამართლო სისტემა“, რომლის მიერ არაადამიანური, არასამართლიანი, პოლიტიკურად მოტივირებული და ძალადობრივი გადაწყვეტილებების მიღება/აღსრულებაზე რეაგირება არ არის დასავლური სამყაროს კომპეტენცია. ამავე გზავნილებით რუსეთი აკრიტიკებდა ე.წ. მაგნიტსკის სიას და ამავე „არგუმენტით“ რუსეთი აკრიტიკებს ყველა იმ დაწესებულ სანქციას, რომელიც ძალადობრივი სისტემის მომსახურე რუსი მოსამართლეების წინააღმდეგ გაიცა. მადლობას ვუხდით შეერთებულ შტატებს ქართველი ხალხის ურყევი მხარდაჭერისთვის. გამოვთქვამთ რწმენას, რომ მათ შორის შეერთებული შტატების დახმარებით, ქართველი ხალხი შეძლებს გაატაროს ფუნდამენტური დემოკრატიული რეფორმები, რაც დააჩქარებს ჩვენი ქვეყნის ევროპულ ინტეგრაციას, მოიტანს ქვეყნის დეოლიგარქიზაციას და ქვეყნისთვის გააჩენს ახალ ფართო ეკონომიკურ შესაძლებლობებს. ქართველი ხალხი აუცილებლად შეძლებს, უახლოეს მომავალში ჰყავდეს ხელისუფლება, რომელიც თავს არ დაესხმება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს და გაუფრთხილდება საქართველოს სტრატეგიულ მოკავშირესთან მეგობრულ ურთიერთობებს”, - აღნიშნულია განცხადებაში.
ცნობისთვის: ბოლო პერიოდში „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები და მათი მხარდამჭერები საუბრობენ, რომ დასავლეთის ქვეყნებს საქართველოს ომში ჩაბმა სურთ. ისინი ქვეყნის ომში ჩართვის მცდელობაში თავდაპირველად ადანაშაულებდნენ ოპოზიციასა და უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებს, შემდეგ ევროკავშირის მიერ კანდიდატის სტატუსზე გადაწყვეტილების მიღებაც ომში ჩართვაზე უარს დაუკავშირეს.
8 ივლისს მიხეილ ყაველაშვილმა, რომელმაც "ქართული ოცნების" რიგები თანაგუნდელებთან – სოზარ სუბართან და დიმიტრი ხუნდაძესთან ერთად "შიდა პოლიტიკურ პროცესებზე საზოგადოებისთვის მეტი ინფორმაციის მიწოდების" მიზნით დატოვა, ევროკავშირზე შეთქმულების თეორიის გავრცელების შემდეგ სამიზნეში საქართველოში აშშ–ის ელჩ კელი დეგნანი ამოიღო.
აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა რამდენჯერმე აღნიშნა, რომ ნარატივი, რომ ვინმეს საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ ომში ჩაბმა სურს, ФСБ-ს სახელმძღვანელოდან ამოღებული დეზინფორმაციაა.
15 ივლისს "მთავარი არხის" დირექტორის ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ განცხადება გაავრცელა, რომელშიც დაადასტურა, რომ გვარამიას საქმეზე გამოტანილი განაჩენის შემდეგ აშშ-ში დაგეგმილი სასამართლოს მხარდამჭერი პროგრამიდან მოხსნეს.
ჩხიკვაძის თქმით, ამ საქმესთან დაკავშირებით სხვადასხვა პირი მასზე ზეწოლის მოხდენას ცდილობს:
"მას შემდეგ რაც, მე ნ. გვარამიას საქმეზე გამოვაცხადე განაჩენი, მე მქონდა შეხვედრა თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობაში ა.შ.შ.- ს საელჩოს ერთ-ერთი თანამშრომელთან(ა.შ.შ.-ს იუსტიციის დეპარატამენტის ხაზით კევინ ბურკთან), რომელმაც საუბრისას გამომკითხა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და მითხრა, რომ ელჩს აინტერესებს ამ საქმეზე რატომ მივიღე გამამტყუნებელი განაჩენი და განსაკუთრებით რატომ გამოვიყენე სასჯელად თავისუფლების აღკვეთა. ჩემი შეფასებით ეს იყო ანგარიშის მოთხოვნა კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით. ამას კი მოაყოლა, რომ სულ რამდენიმე დღეში დაგეგმილი ვიზიტში(სადაც 6 სისხლის პროფილის მოსამართლე) მივდიოდით ა.შ.შ-ში და სადაც ყველაფერი უკვე გაწერილი იყო, სამწუხაროდ ჩემი მონაწილეობა არასასურველი იქნებოდა და სიიდან ამოღებული ვიყავი. ეს ვითარება ჩემთვის გამაოგნებელი აღმოჩნდა. თუმცა, ყველაფერი ამით არ დასრულებულა და ახლა უკვე ზოგიერთი პოლიტიკური ძალა „სანქციებითაც“ მემუქრება ამ კონკრეტული საქმის განხილვის შედეგის გამო, და არ მინდა რომ იგივე გაიარონ ჩემმა კოლეგა მოსამართლეებმა, რომლებსაც, როგორც უკვე აშკარად ჩანს, ამ საქმის განხილვა მოუწევთ დაუფარავი და დიდი ზეწოლის ქვეშ".
მოგვიანებით, მოსამართლეს გამოეხმურა ელჩი დეგნანი და აღნიშნა, "ნებისმიერი ვარაუდი, რომ აშშ ერეოდა სასამართლო პროცესში, სიმართლეს არ შეესაბამება".


