Accentnews.ge
ოხანაშვილი –პრეზიდენტის მიერ რიგგარეშე სესიის მოწვევაზე: „ქართული ოცნების“ გუნდი შოუში მონაწილეობას არ მიიღებს"

ოხანაშვილი –პრეზიდენტის მიერ რიგგარეშე სესიის მოწვევაზე: „ქართული ოცნების“ გუნდი შოუში მონაწილეობას არ მიიღებს"

15/07/2022 16:09:32 პოლიტიკა

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ანრი ოხანაშვილის განცხადებით, პარლამენტში რიგგარეშე სესიის მოწვევა სრულიად ალოგიკური და შეუსაბამოა 12-პუნქტიან გეგმასთან.

მისი თქმით, „ქართული ოცნება“ პარლამენტში რიგგარეშე სესიის სხდომაში მონაწილეობას არ მიიღებს.

„ძალიან რბილად რომ შევაფასოთ, ეს არის სრულიად ალოგიკური, არათანმიმდევრული და შეუსაბამო უპირველეს ყოვლისა, 12-პუნქტიან გეგმასთან და 12-პუნქტიანი გეგმის სულისკვეთებასთან, ვინაიდან პირველივე პუნქტი მიუთითებს იმაზე, რომ საჭიროა, დეპოლარიზაციაზე მხარეებმა იმუშაონ. მთელი არსი ისაა, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა ერთად დაჯდომა და საკითხების განხილვა, მომზადება უნდა შეძლონ. საკითხები ჯერ ჩვენ უნდა განგვეხილა მრგვალ მაგიდასთან, გვემსჯელა და ისე გაგვეტანა პლენარულ სხდომაზე. მივიღეთ რა? საქართველოს პრეზიდენტი, რომელიც თვითონ საუბრობს ხოლმე შერიგებაზე, დეპოლარიზაციაზე, ახლა ხელს უწყობს, რომ ამ ყველაფერმა პოლიტიკური სახე მიიღოს და პოლიტიკური ტრიბუნა მიეცეთ მხარეებს, რათა კიდევ პოლიტიკური შეფასებები გაკეთდეს. პოლიტიკური შეფასება უკვე ყველას მხრიდან გაკეთებულია – რომ გვაქვს 12 პუნქტი და ისინი შესასრულებელია. ამას სჭირდება მუშაობა და არა ტრიბუნა. 12 პუნქტიდან გამომდინარე, როგორც კი დაგვჭირდება საკითხებზე სესია, ამას ვერავინ დაგვასწრებს, რადგან ეს საქმეზეა დამოკიდებული. ასეთი მოცემულობა გვაქვს. "ქართული ოცნების“ გუნდი არ მიიღებს მონაწილეობას ამ შოუში. შესაბამისად, ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას 12 პუნქტის თითოეულ პუნქტზე და მომდევნო კვირას ველოდებით ოპოზიციას ანტიოლიგარქიული საკითხების შესაბამის ფორმატში განსახილველად“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტის რიგგარეშე სესიის მოწვევის გადაწყვეტილება მიიღო. მოგვიანებით გამართულ საგანგებო ბრიგინზე მან ამ გადაწვენილების მოტივაციაზე ისაუბრა. ზურაბიშვილის თქმით, ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულება დღეს ქვეყანაში ყველაზე დიდი გამოწვევაა და რომ ახლა შესვენება გამართლებული არ არის.

საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილმა რიგგარეშე სესიის დანიშვნის მოთხოვნით პრეზიდენტს 13 ივლისს მიმართა.

მიმართვაში, რომელსაც ხელს ენმ, "ლელო", "რესპუბლიკური პარტია", "საქართველოსთვის", "სტრატეგია აღმაშენებელი" და დამოუკიდებელი დეპუტატები აწერენ ხელს, აღნიშნულია, რომ სხდომა შემდეგი დღის წესრიგით უნდა წარიმართოს:

  • „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (რეგისტრაციის N 07-3/92);
  • „ეროვნული ანტიკორუფციული სააგენტოს შესახებ” საქართველოს კანონის პროექტისა და მისი თანმდევი საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი (რეგისტრაციის #07-3/71);
  • „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (რეგისტრაციის N 07-3/96);
  • „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (რეგისტრაციის N 07-3/106).

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S