გახარია: "ღარიბაშვილის წერილი დასტურია, რომ სახელმწიფო პერსონალურ ინტერესებს ემსახურება"
18/07/2022 17:41:06 პოლიტიკა
ყოფილი პრემიერ–მინისტრი, პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია „ტვიტერზე“ ეხმიანება საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის წერილს ევროკომისიის პრეზიდენტ ურზულა ფონ დერ ლაიენისადმი.
„პრემიერ–მინისტრ ღარიბაშვილის წერილი ევროკომისიის პრეზიდენტისადმი არის დასტური იმისა, რომ სახელმწიფო პერსონალურ ინტერესებს ემსახურება. მჯერა, რომ კომისია გვერდში დაუდგება საქართველოს ინსტიტუციური დემოკრატიის მშენებლობაში, რათა დასრულდეს არაფორმალური მმართველობა და გავხდეთ ევროპული ოჯახის წევრი“,– წერს გახარია.
9 ივნისს მიღებული ევროპარლამენტის რეზოლუციის საკითხზე 18 ივლისს, ღია წერილით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ევროკომისიის პრეზიდენტს ურზულა ფონ დერ ლაიენს.
ღარიბაშვილი რეზოლუციის, სწორედ, იმ ნაწილს ეხება, რომელიც საქართველოს ყოფილი პრემიერის, ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილსადმი სანქციების დაკისრების განხილვას შეეხება იმ როლის გამო, რომელიც მან საქართველოში პოლიტიკური პროცესის გაუარესებაში შეასრულა.
ამასთან ამბობს, რომ მისთვის პირადად შეურაცხმოყოფელია ბრალდებები „არაფორმალური მმართველობის შესახებ“.


