Accentnews.ge
"ელჩ დეგნანზე თავდასხმა ფართო კამპანიის ნაწილია, რომელიც დასავლეთისთვის ხელის კვრას გულისხმობს"

"ელჩ დეგნანზე თავდასხმა ფართო კამპანიის ნაწილია, რომელიც დასავლეთისთვის ხელის კვრას გულისხმობს"

19/07/2022 09:51:07 პოლიტიკა

აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოში იან კელი აცხადებს, რომ სიცრუა, თითქოს ამერიკა ან მისი ელჩი საქართველოს ომში ჩათრევად ცდილობდნენ.

მისი თქმით, ამგვარი განცხადებები უფრო ფართო ტენდენციის ნაწილია, რომელიც დასავლეთისთვის ხელის კვრას გულისხმობს.

„ეს სრული სიცრუეა. შეუძლებელია ამერიკა ან ამერიკის ელჩი ცდილობდნენ საქართველოს ომში ჩათრევას. ამასთან, ესაა უფრო ფართო ტენდენციის თუ კამპანიის ნაწილიც კი, რომელიც გულისხმობს – დასავლეთისთვის ხელის კვრას; ისეთი გზით, როგორიც ე.წ. „პერსონაჟის მკვლელობა“, მისი რეპუტაციის დაზიანებაა – ელჩი დეგნანისა და სხვა ევროპელი დიპლომატების მიმართ. ასევე იმ კუთხით, რომ არ სრულდება ის შეთანხმებები და დაპირებები, რომლებიც საქართველომ დასავლურ ქვეყნებთან წლების წინ ან ახლახან გააფორმა და კონკრეტული რეფორმების გატარებას შეეხება. ვფიქრობ, საქართველოს ყველა მეგობარი ამერიკასა და ევროპაში ძალიან შეშფოთებულია ამ ტენდენციებით“, – აცხადებს კელი „ამერიკის ხმასთან“ საუბრისას.

იგი განმარტავს, რომ საქართველოს პოლიტიკური ცხოვრების მცოდნეებს მმართველი პარტიის მიერ ძალაუფლების კონსოლიდირების და ერთპარტიული მმართველობის გაძლიერების მცდელობა არ უკვირთ, რადგან ეს დამოუკიდებლობის მოპოვებიდან დღემდე ბევრჯერ უნახავთ, მათ შორის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და მიხეილ სააკაშვილის ლიდერობის პერიოდშიც. თუმცა მისი აზრით, ახლა ყველაზე უპრეცედენტო – კეთილისმსურველების შეურაცხყოფის უწყვეტი ტენდენციაა:

„ამერიკაში ბევრია შეწუხებული ერთპარტიული მმართველობისკენ სვლის ტენდენციით, ოპოზიციის დემონიზაციისა და სრული მარგინალიზაციისკენ მიმართული ქმედებებით. უპრეცედენტოა შეთანხმებების დარღვევისა და საქართველოს მეგობრების შეურაცხყოფის უწყვეტი ნაკადი. კელი დეგნანი კი, რა თქმა უნდა, საქართველოს მეგობარია, ისევე როგორც მე, და ბევრი ადამიანი სახელმწიფო დეპარტამენტში, თავდაცვის დეპარტამენტში თუ კაპიტოლიუმში. ჩვენ, ყველა, შეშფოთებულები და დაბნეულები ვართ, ვცდილობთ გავიგოთ რა ხდება. ამას ექნება გავლენა ამერიკა-საქართველოს ურთიერთობებზე. დასავლეთს რუსეთის აგრესიული იმპერიალისტური მიზნების შესახებ ილუზიები აღარ აქვს და პრო-დასავლურად განწყობილი ქვეყნების მაქსიმალურ მხარდაჭერას ცდილობს. ამ ფონზე, განსაკუთრებით სამწუხაროა, რომ ერთ დროს რეფორმატორ ქვეყნებს შორის მოწინავე საქართველო, უკანა რიგებში აღმოჩნდა და ისე გამოიყურება, თითქოს ის მართლაც დგამს ისეთ ნაბიჯებს, რომ არ იყოს რეფორმისტულ გზაზე და ხელს კრავს დასავლეთს“.

რაც შეეხებათ დეპუტატებს, რომლემბაც „მოქალაქეებისთვის სიმართლის თქმის“ მოტივით პარტია დატოვეს, ვაშინგტონში არ სჯერათ, რომ ეს დამოუკიდებლად მიმდინარე პროცესია და ამბობენ, რომ ეს პოლიტიკოსებიც ძირითადად მმართველი გუნდის მოსაზრებებს აჟღერებენ:

„თუკი მმართველ პარტიას ჰგონია, რომ მათგან გამოყოფილი ამ პარლამენტარების ყოლა მათ რაღაცნაირად უფრო იმუნურს, დაცულს გახდის დასავლეთის კრიტიკისგან მაშინ, როცა ისინი დასავლეთისა და დასავლელი დიპლომატების შესახებ ტყუილებს ავრცელებენ, ისინი ძალიან ცდებიან. ეს მკაფიოდ უარყოფითი [პროცესია]. მმართველი პარტიის ფრაქციის შექმნა, არ მგონია, რომ ვინმეს გაასულელებს. ეს ერთგვარი სიტემური, [სისტემის შიგნით არსებული] კონტროლირებული ოპოზიციის შექმნის მცდელობას უფრო ჰგავს, რაც რეგონის სხვა ქვეყნებში უკვე გვინახავს და ძალიან, ძალიან სამწუხაროა ჩემთვის, რომ მსგავსი ტაქტიკის გამოყენებას საქართველოშიც ვხედავ“.

ბოლო პერიოდში „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები და მათი მხარდამჭერები საუბრობენ, რომ დასავლეთის ქვეყნებს საქართველოს ომში ჩაბმა სურთ. ისინი ქვეყნის ომში ჩართვის მცდელობაში თავდაპირველად ადანაშაულებდნენ ოპოზიციასა და უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებს, შემდეგ ევროკავშირის მიერ კანდიდატის სტატუსზე გადაწყვეტილების მიღებაც ომში ჩართვაზე უარს დაუკავშირეს.

8 ივლისს მიხეილ ყაველაშვილმა, რომელმაც "ქართული ოცნების" რიგები თანაგუნდელებთან – სოზარ სუბართან და დიმიტრი ხუნდაძესთან ერთად "შიდა პოლიტიკურ პროცესებზე საზოგადოებისთვის მეტი ინფორმაციის მიწოდების" მიზნით დატოვა, ევროკავშირზე შეთქმულების თეორიის გავრცელების შემდეგ სამიზნეში საქართველოში აშშ–ის ელჩ კელი დეგნანი ამოიღო.

ცოტა ხნის წინ აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა აღნიშნა, რომ ნარატივი, რომ ვინმეს საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ ომში ჩაბმა სურს, ФСБ-ს სახელმძღვანელოდან ამოღებული დეზინფორმაციაა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S