Accentnews.ge
ზურაბიშვილმა გერმანიის ბუნდესტაგის ვიცე-პრეზიდენტთან, მათ შორის ევროინტეგრაციაზე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე და რეგიონში საქართველოს როლზე ისაუბრა

ზურაბიშვილმა გერმანიის ბუნდესტაგის ვიცე-პრეზიდენტთან, მათ შორის ევროინტეგრაციაზე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე და რეგიონში საქართველოს როლზე ისაუბრა

19/07/2022 14:06:00 პოლიტიკა

ორბელიანების სასახლეში გამართულ შეხვედრაზე საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გერმანიის ბუნდესტაგის ვიცე-პრეზიდენტ კატრინ გიორინგ-ეკარდტთან, მათ შორის ევროინტეგრაციაზე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე და რეგიონში საქართველოს როლზე ისაუბრა.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ბუნდესტაგის ვიცე-პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მიმართ გერმანიის ურყევი მხარდაჭერა.

"საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესთან დაკავშირებით საუბრისას, საქართველოს პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ევროკავშირისა და მისი წევრი ქვეყნების მხარდაჭერის მნიშვნელობას. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, დასანანია, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი ვერ მიიღო, მაგრამ ევროკავშირის მხრიდან საქართველოს ევროპული პერსპექტივის აღიარება ისტორიული დატვირთვის მქონეა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში.

საქართველოს პრეზიდენტმა ისაუბრა ევროინტეგრაციის გზაზე ინსტიტუციური რეფორმების განხხორციელების მნიშვნელობაზე, ევროპული საბჭოს რეკომენდაციების შესრულების თვალსაზრისით საპარლამენტო საქმიანობის გააქტიურების საჭიროებაზე და საკანონმდებლო პროცესში ყველა საპარლამენტო პარტიის ჩართულობის აუცილებლობაზე, რაც თავისთავად ხელს შეუწყობს დეპოლარიზაციას და ევროპული საბჭოს რეკომენდაციების შესრულებას.

თავის მხრივ, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ბუნდესტაგის ვიცე-პრეზიდენტმა ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესში საქართველოს დახმარების მზაობა გამოთქვა", – აცხადებს პრეზიდენტის ადმინისტრაცია.

მისი ცნობით, პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ "საქართველო განუხრელად ასრულებს რუსეთის მიმართ დაწესებულ საერთაშორისო სანქციებს":

"მხარეებმა ისაუბრეს უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებულ ომზე, საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ უკრაინაში ომი დიდი ტრაგედიაა და უმძიმესი შედეგები აქვს. ის საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ უკრაინის, არამედ ევროპისა და მსოფლიოს მშვიდობას. უკრაინაში მიმდინარე ომმა, შავ ზღვაზე უკრაინული პორტების ბლოკადამ უდიდესი გამოწვევის წინაშე დააყენა გლობალური სასურსათო უსაფრთხოება. პრეზიდენტის განცხადებით, საქართველო განუხრელად ასრულებს რუსეთის მიმართ დაწესებულ საერთაშორისო სანქციებს".

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, საქართველომ XX საუკუნის დასაწყისიდან საკუთარ თავზე გამოსცადა რუსეთის აგრესია, რომელიც 1992-1993 და 2008 წლებშიც განმეორდა და ახლაც გრძელდება რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციით.

"პრეზიდენტმა ბუნდესტაგის ვიცე-პრეზიდენტთან საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მდგომარეობა უფრო და უფრო მძიმდება: მიმდინარეობს რეგიონის რუსიფიკაცია, ირღვევა მოსახლეობის უფლებები, აკრძალულია ქართული ენა და გაქრობის საფრთხის წინაშეა აფხაზური ენა", – ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გარდა ამისა, პრეზიდენტმა რეგიონში საქართველო როლზეც ისაუბრა.

"ზურაბიშვილის განცხადებით, უკრაინის ომმა გაზარდა ჩვენი რეგიონის სატრანზიტო, ენერგეტიკული და სავაჭრო პოტენციალი, რისთვისაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია რეგიონის სტაბილურობისა უსაფრთხოების კიდევ უფრო გაძლიერება. ამ თვალსაზრისით, ხაზი გაესვა 16 ივლისს აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას თბილისში, რაც პოზიტიური ნაბიჯია რეგიონში მშვიდობის გაძლიერებისა და სტაბილურობისთვის და ასევე გამოხატავს, თბილისის იმ ისტორიულ როლს, რომელიც რეგიონში მშვიდობის ხელშეწყობას უკავშირდება“, – აღნიშნულია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S