დეგნანი – მოსამართლე ჩხიკვაძეზე: „ეს არ არის საკითხი, რომლისგანაც სკანდალი უნდა შეიქმნას“
19/07/2022 16:30:51 პოლიტიკა
„ეს არ არის საკითხი, რომლისგანაც სკანდალი უნდა შეიქმნას“, – ასე უპასუხა საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა ჟურნალისტების კითხვას მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის აშშ-ში გაცვლითი პროგრამიდან მოხსნის თაობაზე.
"ამერიკა საქართველოს დიდი ხნის მეგობარია და ზოგჯერ ხდება ისე, რომ მეგობრებს განსხვავებული მოსაზრებები აქვთ. ამ შემთხვევაში, უნდა დავსხდეთ და ერთმანეთს მოსაზრებები გავუზიაროთ. ეს შეიძლება, იყოს პირადი საუბარი ან საჯარო გამოსვლა, როდესაც ეს სერიოზული შეშფოთების საგანია. ამ შემთხვევაში, საჯარო განცხადება იქნა გაკეთებული, სადაც გამოვხატეთ ამერიკის შეერთებული შტატების შეშფოთება დროის კონკრეტულ მონაკვეთში კონკრეტულ განაჩენთან დაკავშირებით. ამაზე არ საუბრობდა მხოლოდ აშშ, ამაზე საუბრობდა სახალხო დამცველიც და არასამთავრობო ორგანიზაციებიც. ყველამ გამოთქვა თავისი მოსაზრება ამ საკითხთან დაკავშირებით. ეს საიდუმლოდ არ მომხდარა, ყველაფერი საჯარო იყო. ეს არის საკითხი, რომლისგანაც არანაირი სკანდალი არ უნდა შეიქმნას. ეს რუტინული პროცესია. აშშ-მა ძალიან დიდი დრო დაუთმო საქართველოს მართლმსაჯულების სისტემაზე მუშაობას, შესაძლებლობების განვითარებას, ცდილობდა, გაეუმჯობესებინა პროფესიონალიზმი, გამჭვირვალობა, მართლმსაჯულების სისტემის დამოუკიდებლობა. გაცვლითი პროგრამებით მიგვყავს სხვადასხვა სპეციალობის ადამიანები, მათ შორის მოსამართლეები, პროკურატურის და სხვა უწყებების თანამშრომლები, რაც ხელს უწყობს ქვეყანაში მართლმსაჯულების გამჭვირვალობას და დამოუკიდებლობას. ეს არის რუტინული, ჩვეულებრივი პროცესი. როდესაც ადამიანებს სურთ ამგვარი ამბები შეატრიალონ და იმაზე დიდად გამოაჩინონ ვიდრე ეს სინამდვილეშია, მათ საკუთარი მიზნები ამოძრავებთ“, – აცხადებს კელი დეგნანი.
ლაშა ჩხიკვაძემ რამდენიმე დღის წინ წერილი გაავრცელა, რომელშიც აშშ-ს ზეწოლაში ადანაშულებდა.


