"რეგიონში ხალხი ფოკუსირებულია მომავალზე"
19/07/2022 17:04:38 პოლიტიკა
აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი აცხადებს, რომ არ იცის, რაზე საუბრობს დეპუტატი მიხეილ ყაველაშვილი, როცა იგი მისი და ექს–პრემიერ ბიძინა ივანიშვილის შესაძლო შეხვედრას ახსენებს.
როგორც დიპლომატი ამბობს, მას თბილისში მიმდინარე პროცესებზე თვალი არ უდევნებია.
„მე ვიყავი მესტიაში და ვსტუმრობდი საქართველოს ძალიან პოზიტიურ და შთამბეჭდავ ადგილებს და თვალი არ მიდევნებია რა ხდებოდა თბილისში. ყველაზე სასიამოვნო რაც რეგიონებში მოგზაურობისას აღმოვაჩინე, ის არის, რომ თუ გინდა ნახო, რა არის ამ ქვეყნის მომავალი, ხალხი რეგიონში არის ძალიან ფოკუსირებული მომავალზე, არა ამაზე. მე არ შემიძლია დავადასტურო ვიღაცის ჭორები, რადგან არ ვიცი რაზე საუბრობს ის“, - განაცხადა კელი დეგნანმა ზუგდიდში სტუმრობისას.
მიხეილ ყაველაშვილი, რომელმაც "ქართული ოცნება" იმ მიზეზით დატოვა, რომ "საზოგადოებას ღიად ესაუბრებოდა", ინტერესდება პარტია „ქართული ოცნების" დამფუძნებელ ბიძინა ივანიშვილსა და აშშ-ის ელჩ კელი დეგნანს შორის შეხვედრა ხომ არ გაიმართა. ყაველაშვილმა პარლამენტში ჟურნალისტებთან საუბრის დროს თქვა, რომ "იყო ამაზე საუბარი".
მიხეილ ყაველაშვილის ამასწინანდელი წერილის შესახებ დეგნანმა 8 ივლისს ისაუბრა და შემდეგი აღნიშნა: „ეს წერილი, რომელიც სავსე იყო ტყუილებით და კონსპირაციული თეორიებით, სიმართლე გითხრათ, ბოლომდე ვერ წავიკითხე“.


