"ჩვენ მოგვისმენია ევროპარლამენტარებთან ერთგვარი პინგ-პონგი, ბრალდებები, რომ ევროკავშირი ჩვენგან ომს ელოდება, მიუღებელია"
20/07/2022 10:27:14 პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, "ბრალდებები, რომ ევროკავშირი ჩვენგან ომს ელოდება, მიუღებელია". ამის შესახებ მან ევროპარლამენტის დელეგაციასთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრეს–კონფერენციაზე განაცხადა.
"საჭიროა, რომ ჩვენ გადავიდეთ ერთმანეთთან ჭიდილიდან, რომელიც არა მხოლოდ შიგნით არის, არამედ გარეთაცაა და ჩვენ მოგვისმენია ევროპარლამენტარებთან ერთგვარი პინგ-პონგი, მე ისიც ვთქვი, რომ შეიძლება, ზოგჯერ სჯობდეს, რომ პასუხები არ იყოს და მოვუწოდე, რომ გადავიყვანოთ ეს დიალოგი ცოტა სხვა ფორმებში, მაგრამ მივმართავ ხელისუფლებას, არის რაღაცები რაც არ შეიძლება ითქვას, არის რაღაც ბრალდებები, მაგალითად იმაზე, რომ ევროკავშირი ჩვენგან ელოდება მეორე ფრონტს და ომს, ეს არის მიუღებელი. არ შეიძლება ამ პირობებში დავიწყოთ რაიმე სახის დიალოგი იმ ადამიანებთან, რომლებიც აქ ჩამოდიან იმისთვის, რომ ყველანაირად გვაჩვენონ, რომ მხარს უჭერენ ამ ჩვენ ძალიან რთულ პროცესს, რომელიც მიგვიყვანს კანდიდატის სტატუსამდე", – განაცხადა პრეზიდენტმა.
ბოლო პერიოდში „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები და მათი მხარდამჭერები საუბრობენ, რომ დასავლეთის ქვეყნებს საქართველოს ომში ჩაბმა სურთ. ისინი ქვეყნის ომში ჩართვის მცდელობაში თავდაპირველად ადანაშაულებდნენ ოპოზიციასა და უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებს, შემდეგ ევროკავშირის მიერ კანდიდატის სტატუსზე გადაწყვეტილების მიღებაც ომში ჩართვაზე უარს დაუკავშირეს.


