Accentnews.ge
"12 პუნქტზე მუშაობა უნდა დაიწყოს ბრიუსელში, ველოდები, აქედან წავიდნენ ხელისუფლების წარმომადგენლები, რომ კომისიასთან გაარკვიონ ზოგიერთი დეტალი"

"12 პუნქტზე მუშაობა უნდა დაიწყოს ბრიუსელში, ველოდები, აქედან წავიდნენ ხელისუფლების წარმომადგენლები, რომ კომისიასთან გაარკვიონ ზოგიერთი დეტალი"

20/07/2022 10:28:46 პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ევროკომისიის 12 პრიორიტეტზე მუშაობა უნდა დაიწყოს ბრიუსელში და მოელის, რომ "ქვეყნიდან წავიდნენ ხელისუფლების წარმომადგენლები, რომ კომისიასთან გაარკვიონ ზოგიერთი დეტალი". ამის შესახებ მან ევროპარლამენტის დელეგაციასთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრეს–კონფერენციაზე განაცხადა.

"ჩვენ უნდა გვესმოდეს და ალბათ, ეს არის მთავარი ამ ქვეყნისთვის, რომ ევროპული პერსპექტივა, რომელიც მოგვენიჭა ევროპარლამენტის და ასევე, ევროპული საბჭოს მიერ, უაღრესად მნიშვნელოვანია. ზოგჯერ ჩვენ ეს გვავიწყდება და ვერ ვხედავთ, რომ ეს არის გადადგმული ნაბიჯი, რომელზეც უკან დახევა არ იქნება. ეს მოითხოვს ჩვენგან, რომ ამ ევროპული პერსპექტივის ღირსი ვიყოთ. მეორე მხრივ, შეიძლება კიდევ უფრო მნიშვნელოვანი იყოს უახლოესი მომავლისთვის ის განცხადება, რომ ჩვენ მოგვენიჭება კანდიდატის სტატუსი წლის ბოლოს, თუკი იმ მთავარ რეკომენდაციებს შევასრულებთ, რასაც 12 პუნქტს ვეძახით და რაზეც მუშაობა უნდა დაიწყოს. ეს მუშაობა უნდა დაიწყოს ბრიუსელში, სადაც ველოდები, რომ აქედან წავიდნენ ხელისუფლების წარმომადგენლები, რომ კომისიასთან გაარკვიონ ზოგიერთი დეტალი", – განაცხადა ზურაბიშვილმა.

მისი თქმით, სრულიად გაუგებარია მისთვისაც და ევროპარლამენტარი მეგობრებისთვისაც, რომ არ ქვეყანამ ამ პრიორიტეტების შესრულებაზე მუშაობა ახლავე არ დაიწყოს:

"უნდა დაიწყოს მუშაობა პარლამენტში და ამისთვის ხელი მოვაწერე განცხადებას, რომ შედგეს საზაფხულო სესია, რამეთუ როცა გვაქვს ექვსი თვე, სრულიად გაუგებარია და სრულიად გაუგებარი ჩვენი ევროპარლამენტარი მეგობრებისთვის, რომ არ დავიწყოთ ახლავე მუშაობა. ერთად მუშაობა ნიშნავს, მუშაობას პარლამენტში, სესიის სხდომებზე ან კომიტეტებში და ასევე ხელისუფლების მიერ წარდგენილ სამუშაო ჯგუფებში. ყველამ ყველგან უნდა იმუშაოს, იმაზე უარის თქმა და ამაზე კი - არ გამოვა ასე,თუ ჩვენ რეალურად გვინდა ის, რასაც რეალურად უჭერს მხარს ჩვენი საზოგადოების 85%".

პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ პპრიორიტეტების შესრულებზე მტავარი პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება, თუმცა "პროცესს სჭირდება კონსტრუქციული ოპოზიცია, რომელიც ყველაფერზე არ დაიწყებს ოპონირებას":

"აქ არის ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა, პირველ რიგში, უმრავლესობის, რამეთუ მთავარი ბერკეტი არის უმრავლესობის – პარლამენტში იქნება თუ მთავრობაში. მათ ხელშია მიღწევა კანდიდატურის, ასევე ამას სჭირდება კონსტრუქციული ოპოზიცია, რომელიც ყველაფერზე არ დაიწყებს ოპონირებას. მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ მთავარი პასუხისმდეგლობა არის ხელისუფლების".

ცნობისთვის: 23 ივნისს ევროსაბჭო დაეთანხმა ევროკომისიის რეკომენდაციას, რომლის თანახმად, უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი უნდა მისცენ სავალდებულოდ შესასრულებელი პირობებით, ხოლო საქართველომ ჯერ კონკრეტული პირობები უნდა შეასრულოს და ამის მიხედვით გადაწყდეს მისთვის სტატუსის მინიჭების საკითხი.

17 ივნისს ევროკომისიამ გამოაქვეყნა რეკომენდაციები, რომელთა თანახმად, უკრაინას და მოლდოვას უნდა მიენიჭოთ ევროპული პერსპექტივა და ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი სავალდებულოდ შესასრულებელი პირობებით, საქართველოს კი - ევროპული პერსპექტივა. ევროკომისიის რეკომენდაციით, საქართველოს კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად 12 მოთხოვნის შესრულება მოუწევს. 12 პირობას შორისაა პოლიტიკური პოლარიზაციის დაძლევა, ინსტიტუტების გამართულად მუშაობა და მათი დამოუკიდებლობა, სასამართლოს რეალური დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა, ელიტური კორუფციის შემთხვევების ეფექტიანად გამოძიება, დეოლიგარქიზაცია, თავისუფალი მედიაგარემო და ა.შ.

ევროკომისიის საგარეო საქმეთა პრეს–სპიკერი პიტერ სტანო ამბობს, რომ საქართველოსთან დაკავშირებით ანალიტიკური ანგარიში 2022 წლის დეკემბრისთვის მომზადდება. მისი თქმით, დოკუმენტი იმ პრიორიტეტებს შეეხება, რაც საქართველოსთვის იყო განსაზღვრული. მეორე ანგარიში კი გაფართოების საკითხებს ეხება და ის 2023 წლის შემოდგომაზე იქნება მზად. მას არ დაუზუსტებია, რას გულისხმობდა ევროკომისიის წარმომადგენელი, როდესაც ევროპარლამენტში თქვა, რომ ქართულ პოლიტიკურ ელიტას მეტ დროს აძლევენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S