"ევროპის გაფართოება დამსახურებაზე დაფუძნებული პროცესია, მოითხოვს რეფორმებს"
20/07/2022 10:30:39 პოლიტიკა
ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე დევიდ მაკალისტერი აცხადებს, რომ "ევროპის გაფართოება დამსახურებაზე დაფუძნებული პროცესია, რომელიც მოითხოვს რეფორმებს". ამის შესახებ მან საქარტველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
"მინდა, კიდევ ერთხელ გავუსვა ხაზი ევროპის პარლამენტის პოზიციას, რომ ევროპის გაფართოება რჩება მხოლოდ დამსახურებაზე დაფუძნებულ პროცესად, რომელიც მოითხოვს შესაბამისი რეფორმების გატარებას. განსაკუთრებით დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებების და საბაზრო ეკონომიკის სფეროში. ეს პროცესი მიესადაგება აბსოლუტურად ყველა ქვეყანას, რომელსაც სურს ევროკავშირში გაწევრიანება და ის არ არის რაიმე ვაჭრობის საგანი. საქართველოს შეფასება გაგრძელდება ამ დამსახურებების საფუძველზე და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება დამოკიდებულია კოპენჰაგენის კრიტერიუმების დაკმაყოფილებაზე", – განაცხადა ევროპარლამენტარმა.
მისი თქმით, საქართველომ კონსტიტუციაში ასახა ევროპის კავშირსა და ნატო-ში გაწევრიანების მიზანი და ამას ძალიან დიდი მხარდაჭერა აქვს მოსახლეობის მხრიდან.
"ევროპარლამენტის წევრები სიამოვნებით დავეხმარებით და მხარს დავუჭერთ თქვენი ქვეყნის გაწევრიანებას“, - განაცხადა დევიდ მაკალისტერმა.
ცნობისთვის: 23 ივნისს ევროსაბჭო დაეთანხმა ევროკომისიის რეკომენდაციას, რომლის თანახმად, უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი უნდა მისცენ სავალდებულოდ შესასრულებელი პირობებით, ხოლო საქართველომ ჯერ კონკრეტული პირობები უნდა შეასრულოს და ამის მიხედვით გადაწყდეს მისთვის სტატუსის მინიჭების საკითხი.
17 ივნისს ევროკომისიამ გამოაქვეყნა რეკომენდაციები, რომელთა თანახმად, უკრაინას და მოლდოვას უნდა მიენიჭოთ ევროპული პერსპექტივა და ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი სავალდებულოდ შესასრულებელი პირობებით, საქართველოს კი - ევროპული პერსპექტივა. ევროკომისიის რეკომენდაციით, საქართველოს კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად 12 მოთხოვნის შესრულება მოუწევს. 12 პირობას შორისაა პოლიტიკური პოლარიზაციის დაძლევა, ინსტიტუტების გამართულად მუშაობა და მათი დამოუკიდებლობა, სასამართლოს რეალური დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა, ელიტური კორუფციის შემთხვევების ეფექტიანად გამოძიება, დეოლიგარქიზაცია, თავისუფალი მედიაგარემო და ა.შ.
ევროკომისიის საგარეო საქმეთა პრეს–სპიკერი პიტერ სტანო ამბობს, რომ საქართველოსთან დაკავშირებით ანალიტიკური ანგარიში 2022 წლის დეკემბრისთვის მომზადდება. მისი თქმით, დოკუმენტი იმ პრიორიტეტებს შეეხება, რაც საქართველოსთვის იყო განსაზღვრული. მეორე ანგარიში კი გაფართოების საკითხებს ეხება და ის 2023 წლის შემოდგომაზე იქნება მზად. მას არ დაუზუსტებია, რას გულისხმობდა ევროკომისიის წარმომადგენელი, როდესაც ევროპარლამენტში თქვა, რომ ქართულ პოლიტიკურ ელიტას მეტ დროს აძლევენ.


