"მნიშვნელოვანია, ყველა პოლიტიკურმა ძალამ გვერდზე გადადოს განსხვავებები და ერთად იმუშაოს სტატუსის მინიჭებისთვის"
20/07/2022 10:40:37 პოლიტიკა
ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე დევიდ მაკალისტერი აცხადებს, რომ მნიშვნელოვანია, საქართველოში ყველა პოლიტიკურმა ძალამ გვერდზე გადადოს განსხვავებები და ერთად იმუშაოს, რათა ქვეყანას ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიენიჭოს. ამის შესახებ მან საქარტველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
"ქვეყნისთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭება გახლავთ აღიარება, რომ ევროპის პარლამენტი მხარს უჭერს ქართველ ხალხს და მზად არის, რომ საქართველო დაუახლოოს ევროპულ კავშირს. თუმცა ჩვენ მიგვაჩნია, რომ საქართველომ უნდა გადაჭრას გარკვეული პრიორიტეტული საკითხები იმისათვის, რომ მან მიიღოს კანდიდატის სტატუსი. ეს პრიორიტეტები ძალიან მკაფიოდ არის გამოსახული ევროპის კომისიის მოსაზრებაში. ქალბატონ ზურაბიშვილთან ვისაუბრეთ თუ რამდენად მნიშვნელოვანია, რომ გაერთიანდეს ყველა პოლიტიკური ძალა და გვერდზე გადადონ განსხვავებები და მათ კონსტრუქციულად ისაუბრონ და იმუშაონ ერთი მიზნის მისაღწევად, რაც საქართველოსთვის ევროპის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაა. სამწუხაროდ, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ საქართველოზე, ერთი სიტყვა ყოველთვის წამოიჭრება ხოლმე, ეს არის - პოლარიზაცია და ეს არის პროცესი, პოლიტიკური დისკურსი, რომელიც ხასიათდება ძალიან მკაცრი რიტორიკით და უუნარობით თუ სურვილის არ ქონით იმისათვის, რომ ადამიანებმა, დაპირისპირებულმა პოლიტიკურმა მხარეებმა იმუშაონ ერთად მიუხედავად იმისა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია იმ მიზნის მიღწევა ქვეყნისათვის, რა მიზანიც ქვეყანას აქვს დასახული. ევროპის კავშირი ყოველთვის მოუწოდებდა დაპირისპირებულ მხარეებს, რომ რამენაირად მიაღწიონ შეთანხმებას იმ ძირითად რეფორმებზე და დემოკრატიის განვითარებაზე და კანონის უზენაესობის გაძლიერებაზე, რაც საქართველოსთვის ასე მნიშვნელოვანია. შარლ მიშელი ხელმძღვანელობს და ჩართულია ამ პროცესში და ეს უკვე თავისთავად უჩვენებს იმ უდიდეს მხარდაჭერას, რომელიც საქართველოს აქვს ევროპული საბჭოსაგან.
პრეზიდენტო, თქვენც ძალიან მნიშვნელოვანი განაცხადები გააკეთეთ და მოუწოდეთ ყველა მხარეს ერთიანობისკენ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოში ამ ეტაპზე. ჩვენ ძალიან დიდი იმედი მოგვცა იმ ფაქტმა, რომ ძალიან სერიოზულად მიმდინარეობს მუშაობა 12 პუნქტიან გეგმაზე. როგორც მმართველმა პარტიამ, ასევე ოპოზიციამ, სამოქალაქო ორგანიზაციებმაც წარმოადგინეს თავიანთი გეგმები, ეს ასახავს კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, როგორც ყველას მიერ გაზიარებულ მიზანს“, - განაცხადა დევიდ მაკალისტერმა.
ცნობისთვის: 23 ივნისს ევროსაბჭო დაეთანხმა ევროკომისიის რეკომენდაციას, რომლის თანახმად, უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი უნდა მისცენ სავალდებულოდ შესასრულებელი პირობებით, ხოლო საქართველომ ჯერ კონკრეტული პირობები უნდა შეასრულოს და ამის მიხედვით გადაწყდეს მისთვის სტატუსის მინიჭების საკითხი.
17 ივნისს ევროკომისიამ გამოაქვეყნა რეკომენდაციები, რომელთა თანახმად, უკრაინას და მოლდოვას უნდა მიენიჭოთ ევროპული პერსპექტივა და ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი სავალდებულოდ შესასრულებელი პირობებით, საქართველოს კი - ევროპული პერსპექტივა. ევროკომისიის რეკომენდაციით, საქართველოს კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად 12 მოთხოვნის შესრულება მოუწევს. 12 პირობას შორისაა პოლიტიკური პოლარიზაციის დაძლევა, ინსტიტუტების გამართულად მუშაობა და მათი დამოუკიდებლობა, სასამართლოს რეალური დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა, ელიტური კორუფციის შემთხვევების ეფექტიანად გამოძიება, დეოლიგარქიზაცია, თავისუფალი მედიაგარემო და ა.შ.
ევროკომისიის საგარეო საქმეთა პრეს–სპიკერი პიტერ სტანო ამბობს, რომ საქართველოსთან დაკავშირებით ანალიტიკური ანგარიში 2022 წლის დეკემბრისთვის მომზადდება. მისი თქმით, დოკუმენტი იმ პრიორიტეტებს შეეხება, რაც საქართველოსთვის იყო განსაზღვრული. მეორე ანგარიში კი გაფართოების საკითხებს ეხება და ის 2023 წლის შემოდგომაზე იქნება მზად. მას არ დაუზუსტებია, რას გულისხმობდა ევროკომისიის წარმომადგენელი, როდესაც ევროპარლამენტში თქვა, რომ ქართულ პოლიტიკურ ელიტას მეტ დროს აძლევენ.


