Accentnews.ge
"კარლ ჰარცელი მხოლოდ უარყოფით როლს ასრულებდა ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობებში"

"კარლ ჰარცელი მხოლოდ უარყოფით როლს ასრულებდა ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობებში"

20/07/2022 11:14:43 პოლიტიკა

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი, რომელსაც უფლეებამოსილების ვადა ეწურება, მხოლოდ უარყოფით როლს ასრულებდა ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობებში.

ირაკლი კობახიძემ იმედი გამოთქვა, რომ "მომავალი ელჩი განსხვავებულად იმოქმედებს".

„მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, ვიდრე ის იყო ევროკავშირის მოქმედი ელჩი, სხვადასხვა მიზეზის გამო, მათ შორის იმის გამო, რომ ჩვენ გვქონდა განაცხადი წარდგენილი ევროკავშირში, ჩვენ ვერიდებოდით მასზე კომენტარის გაკეთებას. ეს იყო მიმდინარე პროცესი და ასე შემდეგ, თუმცა დღეს, როდესაც მან უკვე დაასრულა თავისი მისია, თამამად შეიძლება, ითქვას, რომ სამწუხაროდ, კარლ ჰარცელი მხოლოდ უარყოფით როლს ასრულებდა ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობებში. ეს არის ძალიან სამწუხარო მოვლენა. ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ მომავალი ელჩი განსხვავებულად იმოქმედებს“, – განაცხადა კობახიძემ.

საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენლობას ელჩი კარლ ჰარცელი 2018 წლის სექტემბრიდან ხელმძღვანელობს, უფლებამოსილების 4-წლიანი ვადა მას მიმდინარე წლის სექტემბერში ეწურება. ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჟოზეფ ბორელმა საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელის თანამდებობაზე პაველ ჰერჩინსკი დაასახელა. პაველ ჰერჩინსკი ევროკავშირის საგარეო სამსახურის ერთიანი უსაფრთხოების და თავდაცვის პოლიტიკისა და კრიზისებზე რეაგირების დირექტორატის ხელმძღვანელია. მანამდე მას პოლიტიკისა და უსაფრთხოების კომიტეტში პოლონეთის ელჩის თანამდებობა ეკავა.

ცნობისთვის: მიმდინარე წლის 30 მაისს კარლ ჰარცელმა განაცხადა, რომ „საქართველოს შეეძლო, უკეთესად მომზადებულიყო იმ ისტორიული მომენტისთვის“, რომელიც „ასოცირებული ტრიოს“ ქვეყნებისთვის (უკრაინა, საქართველო, მოლდოვა) ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას გულისხმობდა. ელჩმა აღნიშნა, რომ ბოლო წლის განმავლობაში ევროკავშირს შეკითხვები გაუჩნდა მრავალ საკითხზე: არჩევნებზე; 5 ივლისის ძალადობრივ მოვლენებზე; უმცირესობების უფლებებზე; ჟურნალისტების დაცულობაზე; მართლმსაჯულების მიმართ ნდობის გაზრდასა და კანონის უზენაესობაზე; ადამიანის უფლებებზე, მათ შორის - პირადი ცხოვრების უფლების შემლახველ ფარული ჩაწერების პრაქტიკაზე და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებაზე.

ელჩმა აღნიშნა, რომ საქართველომ „შეანელა რეფორმების ტემპი“ და აქვს პრობლემები, რომელიც „პირდაპირ უკავშირდება ევროკავშირის მთავარ ღირებულებებს“ და რომელთა დაკავშირებითაც იყო „ევროკავშირის საჯარო რეაქციები“.

ბოლო პერიოდში „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები და მათი მხარდამჭერები საუბრობენ, რომ დასავლეთის ქვეყნებს საქართველოს ომში ჩაბმა სურთ. ისინი ქვეყნის ომში ჩართვის მცდელობაში თავდაპირველად ადანაშაულებდნენ ოპოზიციასა და უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებს, შემდეგ ევროკავშირის მიერ კანდიდატის სტატუსზე გადაწყვეტილების მიღებაც ომში ჩართვაზე უარს დაუკავშირეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S