Accentnews.ge
ბოჭორიშვილი ჰარცელზე კობახიძის განცხადების შეფასებისგან თავს იკავებს

ბოჭორიშვილი ჰარცელზე კობახიძის განცხადების შეფასებისგან თავს იკავებს

20/07/2022 17:21:05 პოლიტიკა

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი თავს იკავებს, შეაფასოს "ქართული ოცნების" თავმჯდომარის განცხადება კარლ ჰარცელთან დაკავშირებით. საუბარია ირაკლი კობახიძის განცხადებაზე, რომ კარლ ჰარცელი ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობებში მხოლოდ უარყოფით როლს ასრულებდა.

კითხვაზე, ეთანხმებიან თუ არა პარტიის ლიდერს და რაში გამოიხატება ჰარცელის უარყოფითი როლი, მაკა ბოჭორიშვილი არ პასუხობს, თუმცა იმედოვენებს, რომ ჰარცელის შემცვლელთან ნაყოფიერი და პოზიტიური დინამიკის მქონე თანამშრომლობა ექნება.

“ზოგადად ვისურვებდი და მე მოველი, რომ საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობები სხვა განზომილებაში გადავა და ბევრად უფრო პოზიტიური დინამიკით იქნება დახასიათებული. მე მოველი, რომ სექტემბრიდან ევროკავშირის ახალ ელჩთან მუშაობით ბევრად უფრო პოზიტიური დინამიკა შევქმნათ საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში და საქართველომ მიიღოს ის პროგრესი, რასაც ქვეყანა ნამდვილად იმსახურებს”, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

ირაკლი კობახიძემ დღეს, 20 ივლისს ჟურნალისტებს უთხრა, რომ ჰარცელს ევროკავშირსა და საქართველოს ურთიერთობებში მხოლოდ უარყოფითი როლი ჰქონდა.

მანამდე, 15 ივლისს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელთან, კარლ ჰარცელთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრაზე "ხაზი გაუსვა საქართველოსა და ევროკავშირს შორის ორმხრივი ურთიერთობების განვითარებაში კარლ ჰარცელის მნიშვნელოვან წვლილს და მას მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა".

24 ივნისს, ევროპულმა საბჭომ უკრაინას და მოლდოვას მიანიჭა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი სავალდებულოდ შესასრულებელი პირობებით, ხოლო საქართველოს - ევროპული პერსპექტივა. კანდიდატის სტატუსის მისაღებად, საქართველომ წლის ბოლომდე უნდა შეასრულოს 12 რეკომენდაცია. მათ შორისაა, პოლიტიკური პოლარიზაციის დაძლევა, ინსტიტუტების გამართულად მუშაობა და მათი დამოუკიდებლობა, სასამართლოს რეალური დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა, ელიტური კორუფციის შემთხვევების ეფექტიანად გამოძიება, დეოლიგარქიზაცია, თავისუფალი მედიაგარემო და ა.შ.

ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენლობას საქართველოში ელჩი კარლ ჰარცელი 2018 წლის სექტემბრიდან ხელმძღვანელობს, უფლებამოსილების 4-წლიანი ვადა მას მიმდინარე წლის სექტემბერში ეწურება.

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჟოზეფ ბორელმა საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელის თანამდებობაზე პაველ ჰერჩინსკი დაასახელა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S