რეალური მოვლენები "ოცნების" პროპაგანდის წინააღმდეგ

20-07-2022 21:31:10 პოლიტიკა ,ინტერვიუ

მმართველი პარტიის პროპაგანდის ინტენსიფიკაციის ფონზე, თითქოს დასავლეთი საქართველოს ომში ჩათრევას ცდილობს, უფრო შორს რომ არ წავიდეთ, მხოლოდ ბოლო რამდენიმე დღეში მოხდა მინიმუმ ორი მნიშვნელოვანი ფაქტი, რომლებიც სწორედ რომ საპირისპიროს ადასტურებენ: თუ აქამდე ერევანსა და ბაქოს შორის მთავარ „მომრიგებლად“ კრემლი გვევლინებოდა, 16 ივლისს თბილისში შედგა სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების პირველი პირისპირ შეხვედრა, მაღალი ალბათობით, აშშ–ის მხარდაჭერით, შესაძლოა, ჩართულობითაც; ევროკავშირი ევროპული დედაქალაქების რუსეთის ენერგეტიკული მარწუხებიდან გამოსახსნელად მშვიდობიან, სტაბილურ, სანდო ენერგეტიკულ კავშირებს ინტენსიურად ეძებს და ამ მიზნით აზერბაიჯანული გაზის იმპორტის გაორმაგებაზე იწყებს მუშაობას, რომელმაც სამხრეთის გაზის დერეფნით საქართველოს ტერიტორია უნდა გაიაროს. 18 ივლისს ბაქოში გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა უთხრა, რომ აზერბაიჯანი ევროკავშირისთვის „საიმედო და სანდო“ პარტნიორია და უკვე მიღებულია გადაწყვეტილება, რომ აზერბაიჯანული გაზის იმპორტი 2027 წლამდე ეტაპობრივად გაორმაგდება. შესაბამისად, სამხრეთის გაზის დერეფანიც ევროკავშირის დახმარებით გაფართოვდება, რაც ადასტურებს იმას, რომ ამ რეგიონში მათ შორის, დასავლეთი გრძელვადიანი მშვიდობით ყველაზე მეტად არის დაინტერესებული. ამ ფონზე კი საქართველოში სამიზნეში ამოიღეს დასავლეთის ქვეყნების ელჩები და უფრო და უფრო ძლიერდება ანტიდასავლური პროპაგანდა.

„რასაც ბოლო თვეების მანძილზე ვაკვირდებით, ნამდვილად არ ემსახურება იმ მიზანს, რომ საქართველომ მიიღოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი; ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობის სურვილს და მისწრაფებას, რომ ჩვენი ქვეყანა რაც შეიძლება სწრაფად დაუახლოვდეს ევროკავშირს და გახდეს როგორც ევროკავშირის, ისე ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი და ასევე ცხადყოფს, რომ საქართველოს ხელისუფლება ყველა ღონეს ხმარობს, ქვეყანა მაქსიმალურად დააშოროს დასავლეთს. დასავლეთი არანაირად არ არის დაინტერესებული, საქართველოში იყოს დესტაბილიზაცია, არასტაბილური მდგომარეობა. დასავლეთი მაქსიმალურად ცდილობს, გამოიყენოს ალტერნატიული გზები, რათა რუსეთის გვერდის ავლით მიიღოს რესურსები და ამ პროცესში საქართველოს გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. საქართველო იქნებოდა ყველაზე უფრო ძლიერი დასაყრდენი დასავლეთისთვის, თუ ამ პროცესს საქართველოს ხელისუფლება არ შეუშლიდა ხელს“,– ამბობს „აქცენტთან“ თემის კომენტირებისას დიპლომატი, EPRC-ს უფროსი მკვლევარი, საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე გიგი გიგიაძე და დასძენს, რომ „ადრე თუ გვიან საქართველოს ხელისუფლებას მოუწევს უკვე სერიოზულად დალაპარაკება ევროკავშირთან იმ შესაძლებლობებზე, რომელიც ყოველთვის იყო საქართველოში და არის“.

„სტრატეგიული ანალიზის ცენტრის“ დამფუძნებელი, მე–10 მოწვევის პარლამენტის წევრი, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე თეონა აქუბარდია მიიჩნევს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ დასავლეთთან გეოპოლიტიკური ვაჭრობა წამოიწყო.

თეონა აქუბარდია: უკრაინაში რუსეთის აგრესიის შემდგომ სრულად შეიცვალა უსაფრთხოების გარემო უარესისკენ და საქართველოსთვის გამოჩნდა როგორც გაზრდილი საფრთხეები, ისე შესაძლებლობები. ამ შესაძლებლობებს შორისაა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის საკითხი. მოლდოვამ და უკრაინამ სტატუსის მიღება შეძლეს, ჩვენ ევროპული პერსპექტივა მოგვენიჭა, თუმცა შესაძლებლობა კვლავ რჩება, საქართველომ წინაპირობების შესრულების შემთხვევაში კანდიდატის სტატუსი მიიღოს. ასევე შესაძლებლობაა ის, რომ დასავლეთი სრულიად ერთიანია რუსეთის წინააღმდეგ, რომელსაც ჩვენი ტერიტორიები აქვს ოკუპირებული – საქართველო აღარაა მარტო რუსეთთან დაპირისპირების კონტექსტში. შესაძლებლობები გაჩნდა რეგიონთან მიმართებაშიც, რომელსაც პოტენციალი აქვს, იყოს ალტერნატიული მარშრუტი, გაზის რესურსი უკრაინის ომის ფონზე, როდესაც დასავლეთი უარს ამბობს რუსულ გაზზე, რადგან ეს დამატებითი რესურსია ამ ომის გაგრძელების. ის ფაქტი, რომ დასავლეთისთვის კასპიის ზღვიდან გაზის მიწოდება ხორციელდება, უნიკალური გეოპოლიტიკური შესაძლებლობაა, რომელიც საქართველოს შევარდნაძის ადმინისტრაციის პერიოდიდან მოყოლებული აქვს და რუსული გაზის ალტერნატივად აქცევს. რეგიონის მიმართ დასავლეთის ინტერესი გაზრდილია, რაც ერთის მხრივ, გამოიხატება ევროკავშირისა და ბაქოს ახალ შეთანხმებაში, რომლის მიხედვითაც, დასავლეთისთვის იზრდება გაზის მიწოდება „შაჰდენიზ 2“–ის მილსადენით; ამასთან, გრძელვადიანი მშვიდობის უზრუნველყოფის კუთხით დასავლეთის გააქტიურებით საქართველოს შუამავლობით: გახსოვთ, რომ უსაფრთხოების საბჭოს ბოლო სხდომა, რომელსაც ამერიკელი მაღალჩინოსანიც ესწრებოდა, ამ მიზნით ჩატარდა, როდესაც სომეხი სამხედრო ტყვეებისა და რუკების გაცვლა მოხდა ბაქოსა და ერევანს შორის.

– შეთანხმების პროცესში ვმონაწილეობდით, მაგრამ ზურგს გვიმაგრებდა დასავლეთი...

– რა თქმა უნდა. ეს მხოლოდ ჩვენი დიპლომატიის ცალსახად გამარჯვება არ იყო. საქართველო ჯერ კიდევ არის დასავლეთის დასაყრდენი რეგიონში და ეს როლი ქვეყანამ ითამაშა როგორც დასავლეთის დასაყრდენმა. ამასთან, არ მგონია, დასავლეთის როლის გარეშე მომხდარიყო აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრების პირველი პირისპირ დიალოგი თბილისში, მიუხედავად იმისა, რომ ამას ღიად არ აღინიშნავენ. თუმცა, ვფიქრობ, შეხვედრის მეორე დღეს აშშ–ის სახელმწიფო მდივნის მისალმება დიალოგისადმი სწორედ ამის მანიშნებელი იყო.

შესაბამისად, ყველაზე მეტად სწორედ დასავლეთია დაინტერესებული, რომ ჩვენს რეგიონში იყოს მშვიდობა და სტაბილურობა. რადგან ერთის მხრივ, ეს დემოკრატიის და მშვიდობის ინტერესია, მეორეს მხრივ, ალტერნატიული რესურსები საქართველოზე გადის. თუ საქართველო ამ ჯაჭვიდან ამოვარდნილია და არის რუსეთის გავლენის ქვეშ, მთელი ეს პროექტი იშლება. ამდენად, წმინდა რუსული სტილის პროპაგანდაა, როდესაც დასავლეთს აბრალებენ საქართველოს ომში ჩართვის სურვილს. ამასთან, ეს არის გეოპოლიტიკური თამაშიც, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა წამოიწყო თავისი გუნდის მეშვეობით, იქნებიან ესენი ირაკლი კობახიძე და მამუკა მდინარაძე, თუ ე.წ. „განდგომილები“. საკმაოდ ორგანიზებული ქსელი შექმნეს: საკრებულოების თავმჯდომარეები, მოსამართლეები და პირდაპირი შტურმი მიმდინარეობს არა მხოლოდ აშშ–ის ელჩ კელი დეგნანზე, არამედ უკვე წასულ ელჩ კარლ ჰარცელზეც, რომ თითქოს მან გააკეთა ყველაფერი ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობების გასაფუჭებლად. ურთიერთობების გაფუჭება გამოიწვია არა კონკრეტულმა დიპლომატმა, არამედ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ქვეყნის ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგო ქმედებებმა და მხოლოდ და მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის პირადი კეთილდღეობის უზრუნველყოფის მიზნით წამოწყებულმა კამპანიამ. ძალიან საშიშია, რომ ამ ვითარებაში საქართველოს დასავლეთს აშორებენ, ამყოფებენ სრულ იზოლაციაში და მარტოს ტოვებენ რუსეთთან. სამწუხაროდ, ბატონი კობახიძე, რომელიც ამბობს, რომ „არაფერს გაუტარებს“ კელი დეგნანს, მარტივად „უტარებს“ რუსეთს ბიჭვინთის ანექსიას, რომელიც რიგით მეორე შემდგარი ფაქტია. ამაზე დუმილი, ხოლო ელჩებისთვის „პასუხის მოთხოვნა“ სხვა არაფერია, თუ არა საქართველოს საწინააღმდეგოდ რუსული ინტერესების გატარება, რაც ქვეყნისთვის შესაძლოა, დამღუპველი აღმოჩნდეს.

– ბრძანეთ, "საშიში გეოპოლიტიკური თამაში წამოიწყესო". რას გულისხმობთ?

– ღიად მიმდინარეობს დასავლეთთან ვაჭრობა, რათა ბიძინა ივანიშვილი სანქციებისგან დაიცვან და ამ ვითარებაში საქართველოს შიგნით რუსეთის პოზიციებს კიდევ უფრო აძლიერებენ.

– თქვენც აღნიშნეთ, რომ დასავლეთის ინტერესი გაიზარდა რეგიონის მიმართ. ცხადია, ეს შეგვეძლო, მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობებისთვის გამოგვეყენებინა, მაგრამ განსხვავებული მიდგომა ვარჩიეთ...

– ცხადია. იმ ვითარებაში, როდესაც რუსეთიდან პროდუქციის ტრანსპორტირება არც თუ ისე მისაღებია ბევრი ქვეყნისთვის, გაზრდილია ტვირთნაკადი საქართველოს მიმართულებით, მათ შორის რკინიგზით. საქართველოს დღეს ღრმაწყლოვანი პორტი რომ ჰქონოდა, მეტ ეკონომიკურ სარგებელსაც მიიღებდა, ასევე გაიზრდებოდა მისი გეოპოლიტიკური დანიშნულება: შევარდნაძის გაბედული გადაწყვეტილებით საქართველოსთვის შეძენილი გეოპოლიტიკური ფუნქციის, როგორც დამაკავშირებლის ადეკვატური გამოყენება მოხდებოდა ღრმაწყლოვანი პორტის, მაგისტრალური გზების მშენებლობის დროულად დასრულების შემთხვევაში და რკინიგზა რომ ყოფილიყო იმ მდგომარეობაში, რომ ამ ტვირთების გატარება უპრობლემოდ შესძლებოდა. ამდენად, როდესაც შესაძლებლობები მეტი ჩნდება, მათ შორის, ინფრასტრუქტურაა მოსაწესრიგებელი, ასევე საჭიროა მოლაპარაკებები. კატასტროფაა, რომ აზერბაიჯანში არც კი უხსენებიათ საქართველო, რომელზეც გადის მილსადენები და ეს არა დასავლეთის ან აზერბაიჯანის, ჩვენი ხელისუფლების ბრალია! იმ დღეს, როდესაც ბაქოში ასეთ მნიშვნელოვან შეთანხმებას მოეწერა ხელი, პრემიერ–მინისტრი წერილს უგზავნის ურსულა ფონ დენ ლაიენს ერთადერთი მიზნით – ბიძინა ივანიშვილის ფინანსები იყოს ხელშეუხებელი და არ იმისთვის, რომ საქართველოს ჰქონდეს პროექტში სარგებელი და იყოს უსაფრთხო, რადგან ნებისმიერი გეოპოლიტიკური პროექტი დამატებითი უსაფრთხოების გარანტიების შემქმნელია, მაგრამ ამ გარანტიებს მუშაობა, დიპლომატია სჭირდება და არა საჯარო ლანძღვა, რომელსაც დღეს ვისმენთ. ხოლო თუ რაიმე სარგებელი შექმნილი მოცემულობით საჩუქრად მიიღო საქართველომ, ამას არათუ იყენებენ, აზიანებენ! ეს ეროვნული უსაფრთხოების პრიზმიდან სრულიად აუხსნელია!

– და რით ევაჭრებიან დასავლეთს? მილს ვერ გადაკეტავენ, აზერბაიჯანული გაზი მაინც გაივლის საქართველოზე ...

– კურსის შეცვლით: თუ დასავლეთი ივანიშვილს სანქციებს დაუწესებს, საქართველოს წაიყვანენ რუსეთისკენ, ხოლო საქართველოს გარეშე რეგიონის მნიშვნელობა სუსტდება. აქ როგორც ჩანს, ძალიან აქტიურად მუშაობს რუსეთი, მუშაობს დასავლეთიც. ხოლო საქართველოს ხელისუფლება, როგორც ჩანს, მეტად არის გადახრილი რუსეთისკენ, ვიდრე საქართველოს ინტერესების უზრუნველყოფისკენ, რადგან ამ ვითარების, ხელის გულზე არსებული შესაძლებლობების (ეკონომიკური თუ პოლიტიკური კუთხით) გამოუყენებლობა, მეგობარი დასავლეთისგან, რომელიც გაძლევს შესაძლებლობას, გადარჩე, მხოლოდ მტრის ხატის შექმნა, ცალსახა ვაჭრობაა საგარეო ვექტორით.

– ამ კონტექსტში საინტერესოა აზერბაიჯანის და სომხეთის საგარეო საქმეა მინისტრების პირველი პირისპირ შეხვედრა...

– ასევე არ დაგვავიწყდეს, რომ სომხეთში CIA–ს უფროსი იყო ჩასული. ეს ინფორმაცია გააჟღერეს სომხურმა მედიასაშუალებებმა.

უშიშროების საბჭოს მდივანმა გუშინ გამოაცხადა, რომ ყარაბაღიდან სომხეთის შეიარაღებული ძალები გავლენ შეთანხმების შესაბამისად და ამ შეხვედრის პარალელურად ალბათ ეს პოზიტიური შედეგი უნდა დავინახოთ. გარდა ამისა, რეგიონისთვის მნიშვნელოვანი თემაა იმ კორიდორების გახსნა, რომელთაც სავაჭრო პოტენციალი ექნებათ და აქაც იკვეთება დასავლეთის ინტერესები. რადგან ეს მხოლოდ სომხეთ–აზერბაიჯანს არ ეხება, აქ ჩართულია თურქეთიც. ამასთან, პოსტ საბჭოთა ქვეყნებშიც, რომლებიც რუსეთის დასაყრდენად და ევრაზიული კავშირის წევრად ითვლებოდნენ, ცვლილებებია საგარეო პოლიტიკის კუთხით და ამ ვითარებაზე სად არის საქართველო?! ამაზე მსჯელობა არ მიმდინარეობს.

– ამ სურათში საქართველოს მხრიდან კურსის ცვლილებით ვაჭრობა ალოგიკურად მოჩანს...

– ცხადია, ალოგიკურია, რადგან საბოლოო ჯამში, ეს სავაჭრო თემა არაა და ბიძინა ივანიშვილს მოუწევს არა მხოლოდ ქვეყნის ევროპისკენ სვლის უცვლელობის დადასტურება, არამედ წინაპირობების შესრულება, რადგან ამის გარეშე პარტნიორობა არ გამოვა! ამ ღია ვაჭრობით ქვეყანა ძალიან საშიშ პროცესში შეჰყავთ! მგონია, რომ სექტემბერში აქედან გამომდინარე რაღაც ცვლილებები უნდა დადგეს, მით უფრო იმ ფონზე, როდესაც ყაველაშვილი დღეს უკვე არა მხოლოდ კელი დეგნანს, ბიძინა ივანიშვილს სთხოვს, რომ მათ შორის შეხვედრა დაადასტუროს. თუ მსგავსი შეხვედრა მართლაც შედგა, ეს დადასტურებაა არაფორმალური მმართველობის, მეორე მხრივ – რაღაც კომუნიკაცია დაწყებულია.

– ცვლილებებში რას გულისხმობთ?

– ბევრი ჭორი და ვარაუდია, რომ შესაძლოა, სექტემბერში შეიცვალოს პრემიერი, შესაძლოა, ივანიშვილი დაბრუნდეს...

– ეს ხომ ფორმალური ცვლილება იქნება...

– ბიძინა ივანიშვილის დაბრუნება არ იქნება ფორმალური ცვლილება. ეს იქნება პასუხისმგებლობის აღება პირის მიერ, რომელიც რეალურადაა პასუხისმგებელი გადაწყვეტილებებზე. ეჭვი არავის ეპარება, რომ ღარიბაშვილი არ დგას გადაწყვეტილებების უკან.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები