"ნედ პრაისის მიერ გაკეთებული განცხადება აშშ-ს მიერ საქართველოსთვის „ყვითელი ბარათის“ ჩვენებას ჰგავს"
21/07/2022 09:35:13 პოლიტიკა
პარლამენტის ვიცე-სპიკერის, პარტია „მოქალაქეების” ერთ-ერთი ლიდერის ლევან იოსელიანის განცხადებით, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად მოხდა, როდესაც ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტს საქართველოში საკუთარი ელჩის ხელისუფლებისგან დაცვა დასჭირდა.
მისი თქმით, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერის, ნედ პრაისის მიერ საქართველოსთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებები, „ყვითელი ბარათის“ ჩვენებას ჰგავს.
„სათამაშო მოედანზე ფეხბურთელს რომ ყვითელ ბარათს ამოუღებენ ხოლმე, დაახლოებით, ამ სიტუაციასთან გვაქვს საქმე. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ნამდვილად პირველი შემთხვევაა, როდესაც სახელმწიფო დეპარტამენტს საკუთარი ელჩის საქართველოში დაცვა მოუწია და ნუ დაგვავიწყდება, რომელ ქვეყანაზეა საუბარი - ამერიკის შეერთებულ შტატებზე, რომელმაც კოლოსალური ძალისხმევა გაიღო, უამრავი ფული დახარჯა იმისათვის, რომ საქართველოში დღეს ის დემოკრატიული სტანდარტი ყოფილიყო, როგორიც არის - არშემდგარი, მაგრამ მაინც, თავისი დემოკრატიის ხარისხით რეგიონში გამორჩეულია", განაცხადა ლევან იოსელიანმა „პალიტრანიუსის“ ეთერში.
პარლამენტის ვიცე-სპიკერი ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს საქართველოში, კელი დეგნანს და და ევროკავშირის ელჩს საქართველოში, კარლ ჰარცელს მხარდაჭერას უცხადებს და მათ გაწეული სამუშაოსთვის მადლობას უხდის.
ცნობისათვის: აშშ- ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერმა ნედ პრაისმა გუშინ ბრიფინგი საქართველოზე საუბრით გახსნა. მისი თქმით, "დეზინფორმაცია და პერსონალური თავდასხმები აშშ- ის ელჩ კელი დეგნანზე და მის გუნდზე არ შეესაბამება პარტნიორებს შორის არსებულ თანამშრომლობას".
ბოლო პერიოდში „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები და მათი მხარდამჭერები საუბრობენ, რომ დასავლეთის ქვეყნებს საქართველოს ომში ჩაბმა სურთ. ისინი ქვეყნის ომში ჩართვის მცდელობაში თავდაპირველად ადანაშაულებდნენ ოპოზიციასა და უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებს, შემდეგ ევროკავშირის მიერ კანდიდატის სტატუსზე გადაწყვეტილების მიღებაც ომში ჩართვაზე უარს დაუკავშირეს.
8 ივლისს მიხეილ ყაველაშვილმა, რომელმაც "ქართული ოცნების" რიგები თანაგუნდელებთან – სოზარ სუბართან და დიმიტრი ხუნდაძესთან ერთად "შიდა პოლიტიკურ პროცესებზე საზოგადოებისთვის მეტი ინფორმაციის მიწოდების" მიზნით დატოვა, ევროკავშირზე შეთქმულების თეორიის გავრცელების შემდეგ სამიზნეში საქართველოში აშშ–ის ელჩ კელი დეგნანი ამოიღო.
ცოტა ხნის წინ აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა აღნიშნა, რომ ნარატივი, რომ ვინმეს საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ ომში ჩაბმა სურს, ФСБ-ს სახელმძღვანელოდან ამოღებული დეზინფორმაციაა.
მოგვიანებით, მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ გაავრცელა წერილი, რომელშიც აღნიშნა, რომ აშშ-ის საელჩომ "მთავსრი არხის" დირექტორის ნიკა გვარამიას საქმესთან დაკავშირებით ანგარიში მოსთხოვა:
„მას შემდეგ რაც, მე ნ. გვარამიას საქმეზე გამოვაცხადე განაჩენი, მე მქონდა შეხვედრა თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობაში ა.შ.შ.- ს საელჩოს ერთ-ერთი თანამშრომელთან (ა.შ.შ.-ს იუსტიციის დეპარტამენტის ხაზით კევინ ბურკთან), რომელმაც საუბრისას გამომკითხა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და მითხრა, რომ ელჩს აინტერესებს ამ საქმეზე რატომ მივიღე გამამტყუნებელი განაჩენი და განსაკუთრებით რატომ გამოვიყენე სასჯელად თავისუფლების აღკვეთა. ჩემი შეფასებით ეს იყო ანგარიშის მოთხოვნა კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით. ამას კი მოაყოლა, რომ სულ რამდენიმე დღეში დაგეგმილი ვიზიტში(სადაც 6 სისხლის პროფილის მოსამართლე) მივდიოდით ა.შ.შ-ში და სადაც ყველაფერი უკვე გაწერილი იყო, სამწუხაროდ ჩემი მონაწილეობა არასასურველი იქნებოდა და სიიდან ამოღებული ვიყავი".
ელჩი დეგნანი მოსამართლის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ "ნებისმიერი ვარაუდი, რომ აშშ ერეოდა სასამართლო პროცესში, სიმართლეს არ შეესაბამება".
მიუხედავად იმისა, რომ აშშ–ის ელჩმა არერთხელ გააკეთა კომენტარი ბრალდებებზე მის წინააღმდეგ კამპანია არ წყდება.
მაგალითად, 20 ივლისს მმართველი პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ ელოდა ელჩი დეგნანისგან სასამართლო ხელისუფლების გადაწყვეტილებებში ჩარევაზე ბრალდების უარყოფას:
"ჩვენთვის საინტერესოა, მივიღოთ მკაფიო პასუხი იმასთან დაკავშირებით, თუ რა მოხდა, განხორციელდა თუ არა ზეწოლა, თან ასეთი უხეში ფორმით, როგორზეც საუბრობს მოსამართლე ჩხიკვაძე, ეს ფაქტი ან უნდა იყოს უარყოფილი ძალიან მკაფიოდ და ცხადად, ან ვიღაცამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა იმაზე, რომ კონკრეტული თანამშრომლის მხრიდან ზეწოლა განხორციელდა ქართველ მოსამართლეზე“.


