"ივანიშვილი საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნების გამო თავისუფალ სამყაროს უპირისპირდება და უზარმაზარ ზიანს აყენებს ჩვენს ქვეყანას"
21/07/2022 11:31:42 პოლიტიკა
"უახლეს ისტორიაში ამასთან შედარებადი არცერთი ეპიზოდი არ ყოფილა ხელისუფლების მხრიდან შეერთებულ შტატებთან, ევროპასთან და თავისუფალ სამყაროსთან დაპირისპირებისა, - ასე ეხმიანება „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე გიგა ბოკერია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერის ნედ პრაისის განცხადებას.
მისი თქმით, ეს ყველაფერი ხდება, „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილისა და მისი გარემოცვის „პირადი ინტერესებისთვის ჩვენი ეროვნული ინტერესების ღალატის ფასად“.
„იმის ნაცვლად, რომ ჩვენ ახლა ნაბიჯებს ვდგამდეთ ჩვენი უსაფრთხოების განსამტკიცებლად, გარე მტრისგან თავის დასაცავად, ჩვენი თავისუფლების დასაცავად, ჩვენს ისტორიულ სივრცეში დაბრუნებისთვის, რასაც თავისუფალი სამყარო ჰქვია, ეს კაცი საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნების გამო, ამ სამყაროს უპირისპირდება და უზარმაზარ ზიანს აყენებს ჩვენს ქვეყანას“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.
ცნობისათვის: აშშ- ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერმა ნედ პრაისმა გუშინ ბრიფინგი საქართველოზე საუბრით გახსნა. მისი თქმით, "დეზინფორმაცია და პერსონალური თავდასხმები აშშ- ის ელჩ კელი დეგნანზე და მის გუნდზე არ შეესაბამება პარტნიორებს შორის არსებულ თანამშრომლობას".
ბოლო პერიოდში „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები და მათი მხარდამჭერები საუბრობენ, რომ დასავლეთის ქვეყნებს საქართველოს ომში ჩაბმა სურთ. ისინი ქვეყნის ომში ჩართვის მცდელობაში თავდაპირველად ადანაშაულებდნენ ოპოზიციასა და უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებს, შემდეგ ევროკავშირის მიერ კანდიდატის სტატუსზე გადაწყვეტილების მიღებაც ომში ჩართვაზე უარს დაუკავშირეს.
8 ივლისს მიხეილ ყაველაშვილმა, რომელმაც "ქართული ოცნების" რიგები თანაგუნდელებთან – სოზარ სუბართან და დიმიტრი ხუნდაძესთან ერთად "შიდა პოლიტიკურ პროცესებზე საზოგადოებისთვის მეტი ინფორმაციის მიწოდების" მიზნით დატოვა, ევროკავშირზე შეთქმულების თეორიის გავრცელების შემდეგ სამიზნეში საქართველოში აშშ–ის ელჩ კელი დეგნანი ამოიღო.
ცოტა ხნის წინ აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა აღნიშნა, რომ ნარატივი, რომ ვინმეს საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ ომში ჩაბმა სურს, ФСБ-ს სახელმძღვანელოდან ამოღებული დეზინფორმაციაა.
მოგვიანებით, მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ გაავრცელა წერილი, რომელშიც აღნიშნა, რომ აშშ-ის საელჩომ "მთავსრი არხის" დირექტორის ნიკა გვარამიას საქმესთან დაკავშირებით ანგარიში მოსთხოვა:
„მას შემდეგ რაც, მე ნ. გვარამიას საქმეზე გამოვაცხადე განაჩენი, მე მქონდა შეხვედრა თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობაში ა.შ.შ.- ს საელჩოს ერთ-ერთი თანამშრომელთან (ა.შ.შ.-ს იუსტიციის დეპარტამენტის ხაზით კევინ ბურკთან), რომელმაც საუბრისას გამომკითხა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და მითხრა, რომ ელჩს აინტერესებს ამ საქმეზე რატომ მივიღე გამამტყუნებელი განაჩენი და განსაკუთრებით რატომ გამოვიყენე სასჯელად თავისუფლების აღკვეთა. ჩემი შეფასებით ეს იყო ანგარიშის მოთხოვნა კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით. ამას კი მოაყოლა, რომ სულ რამდენიმე დღეში დაგეგმილი ვიზიტში(სადაც 6 სისხლის პროფილის მოსამართლე) მივდიოდით ა.შ.შ-ში და სადაც ყველაფერი უკვე გაწერილი იყო, სამწუხაროდ ჩემი მონაწილეობა არასასურველი იქნებოდა და სიიდან ამოღებული ვიყავი".
ელჩი დეგნანი მოსამართლის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ "ნებისმიერი ვარაუდი, რომ აშშ ერეოდა სასამართლო პროცესში, სიმართლეს არ შეესაბამება".
მიუხედავად იმისა, რომ აშშ–ის ელჩმა არერთხელ გააკეთა კომენტარი ბრალდებებზე მის წინააღმდეგ კამპანია არ წყდება.
მაგალითად, 20 ივლისს მმართველი პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ ელოდა ელჩი დეგნანისგან სასამართლო ხელისუფლების გადაწყვეტილებებში ჩარევაზე ბრალდების უარყოფას:
"ჩვენთვის საინტერესოა, მივიღოთ მკაფიო პასუხი იმასთან დაკავშირებით, თუ რა მოხდა, განხორციელდა თუ არა ზეწოლა, თან ასეთი უხეში ფორმით, როგორზეც საუბრობს მოსამართლე ჩხიკვაძე, ეს ფაქტი ან უნდა იყოს უარყოფილი ძალიან მკაფიოდ და ცხადად, ან ვიღაცამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა იმაზე, რომ კონკრეტული თანამშრომლის მხრიდან ზეწოლა განხორციელდა ქართველ მოსამართლეზე“.


