"რაც განაცხადა ბატონმა პრაისმა, სრული ჭეშმარიტებაა, ჩვენ პატივი უნდა ვცეთ ერთმანეთს, ეს უნდა იყოს პრიორიტეტი"
21/07/2022 12:34:25 პოლიტიკა
"რაც განაცხადა ბატონმა პრაისმა, სრულიად ჭეშმარიტებაა, ჩვენ პატივი უნდა ვცეთ ერთმანეთს, ეს უნდა იყოს პრიორიტეტი", – ასე ეხმიანება აშშ–ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი სახელმწიფო დეპარტამენტში გუშინ გამართულ ბრიფინგს.
მისი თქმით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა გუშინ დაადასტურა, რომ ვაშინგტონი კარგად არის ინფორმირებული და ინტერესით აკვირდება საქართველოში მიმდინარე მოვლენებს.
„მე, როგორც საქართველოში აშშ-ის ელჩი და შეერთებული შტატების წარმომადგენელი ამ ქვეყანაში, ყოველთვის მოხარული ვარ, ვუპასუხო შეკითხვებს, რომლებიც ეხება საქართველოში აშშ-ის მუშაობას. ჩვენ აქ ვიმყოფებით, რათა მხარი დავუჭიროთ საქართველოს მოსახლეობას და თქვენს მისწრაფებებს, გახდეთ სრულფასოვნად ინტეგრირებული ევროატლანტიკურ ოჯახში. როგორც მოისმინეთ ნედ პრაისისგან, ვაშინგტონი ძალიან კარგად არის ინფორმირებული იმასთან დაკავშირებით, თუ რა ხდება აქ, საქართველოში, დიდი ინტერესით აკვირდება ამბებს და აქ განვითარებულ მოვლენებს, რადგან საქართველო არის აშშ-ის მნიშვნელოვანი პარტნიორი და ჩვენ ძალიან ვზრუნავთ ამ ქვეყნის წარმატებაზე. სწორედ ამიტომ ჩვენ ვუჭერდით მხარს საქართველოს ასე მჭიდროდ და ფართოდ ბოლო 30 წლის განმავლობაში. მე ახლახან ვიმყოფებოდი სვანეთისა და სამეგრელოში, სადაც შესანიშნავ ხალხს შევხვდი და აშშ-ის მიერ დაფინანსებულ პროექტებს გავეცანი. შესანიშნავი იყო იმ ადამიანებისა და პროექტების ნახვა, რომლებსაც აშშ დაეხმარა წლების განმავლობაში საზოგადოებრივი ჯანდაცვის, განათლების, უსაფრთხოების, ეკონომიკური განვითარების სფეროებში. ეს იყო კარგი შეხსენება იმისა, რომ საქართველოს მოსახლეობას ძალიან სურს ევროპისკენ ამ გზის გაგრძელება და აშშ ძალიან ამაყია, რომ შეუძლია ამის მხარდაჭერა. ჩვენ ამას 30 წლის განმავლობაში ვაკეთებდით და გავაგრძელებთ ამის კეთებას.
ბატონმა პრაისმა აღნიშნა, რომ პარტნიორები ერთმანეთთან ასე არ ურთიერთობენ. მე ვფიქრობ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. როგორც დიპლომატი, საქართველოში წარმოვადგენ ამერიკას, ამერიკის პრეზიდენტს, ამერიკელ ხალხს და ნებისმიერი განაცხადი ჩემ მიმართ არ აღიქმება მხოლოდ პერსონალურად, არამედ – როგორც ამერიკელი ხალხის მიმართ. რაც განაცხადა ბატონმა პრაისმა, სრული ჭეშმარიტებაა. ჩვენ პატივი უნდა ვცეთ ერთმანეთს, ჩვენ უნდა მოვეპყროთ ერთმანეთს როგორც პარტნიორები. ვფიქრობ, ეს უნდა იყოს პრიორიტეტი. როდესაც ხდება ასეთი საკითხების წამოწევა, რაც არის სპეკულაცია, ჭორაობა და ა.შ. ეს ძალიან დამაბნეველია ხალხისთვის და ხელს არ უწყობს ჩვენს ამ პარტნიორობას და ურთიერთობას. ჩვენ შეგვიძლია, განსხვავებული მოსაზრებები, უთანხმოება განვიხილოთ პირადად“, – განაცხადა კელი დეგნანმა.
ცნობისათვის: აშშ- ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერმა ნედ პრაისმა გუშინ ბრიფინგი საქართველოზე საუბრით გახსნა. მისი თქმით, "დეზინფორმაცია და პერსონალური თავდასხმები აშშ- ის ელჩ კელი დეგნანზე და მის გუნდზე არ შეესაბამება პარტნიორებს შორის არსებულ თანამშრომლობას".
ბოლო პერიოდში „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები და მათი მხარდამჭერები საუბრობენ, რომ დასავლეთის ქვეყნებს საქართველოს ომში ჩაბმა სურთ. ისინი ქვეყნის ომში ჩართვის მცდელობაში თავდაპირველად ადანაშაულებდნენ ოპოზიციასა და უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებს, შემდეგ ევროკავშირის მიერ კანდიდატის სტატუსზე გადაწყვეტილების მიღებაც ომში ჩართვაზე უარს დაუკავშირეს.
8 ივლისს მიხეილ ყაველაშვილმა, რომელმაც "ქართული ოცნების" რიგები თანაგუნდელებთან – სოზარ სუბართან და დიმიტრი ხუნდაძესთან ერთად "შიდა პოლიტიკურ პროცესებზე საზოგადოებისთვის მეტი ინფორმაციის მიწოდების" მიზნით დატოვა, ევროკავშირზე შეთქმულების თეორიის გავრცელების შემდეგ სამიზნეში საქართველოში აშშ–ის ელჩ კელი დეგნანი ამოიღო.
ცოტა ხნის წინ აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა აღნიშნა, რომ ნარატივი, რომ ვინმეს საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ ომში ჩაბმა სურს, ФСБ-ს სახელმძღვანელოდან ამოღებული დეზინფორმაციაა.
მოგვიანებით, მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ გაავრცელა წერილი, რომელშიც აღნიშნა, რომ აშშ-ის საელჩომ "მთავსრი არხის" დირექტორის ნიკა გვარამიას საქმესთან დაკავშირებით ანგარიში მოსთხოვა:
„მას შემდეგ რაც, მე ნ. გვარამიას საქმეზე გამოვაცხადე განაჩენი, მე მქონდა შეხვედრა თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობაში ა.შ.შ.- ს საელჩოს ერთ-ერთი თანამშრომელთან (ა.შ.შ.-ს იუსტიციის დეპარტამენტის ხაზით კევინ ბურკთან), რომელმაც საუბრისას გამომკითხა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და მითხრა, რომ ელჩს აინტერესებს ამ საქმეზე რატომ მივიღე გამამტყუნებელი განაჩენი და განსაკუთრებით რატომ გამოვიყენე სასჯელად თავისუფლების აღკვეთა. ჩემი შეფასებით ეს იყო ანგარიშის მოთხოვნა კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით. ამას კი მოაყოლა, რომ სულ რამდენიმე დღეში დაგეგმილი ვიზიტში(სადაც 6 სისხლის პროფილის მოსამართლე) მივდიოდით ა.შ.შ-ში და სადაც ყველაფერი უკვე გაწერილი იყო, სამწუხაროდ ჩემი მონაწილეობა არასასურველი იქნებოდა და სიიდან ამოღებული ვიყავი".
ელჩი დეგნანი მოსამართლის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ "ნებისმიერი ვარაუდი, რომ აშშ ერეოდა სასამართლო პროცესში, სიმართლეს არ შეესაბამება".
მიუხედავად იმისა, რომ აშშ–ის ელჩმა არერთხელ გააკეთა კომენტარი ბრალდებებზე მის წინააღმდეგ კამპანია არ წყდება.
მაგალითად, 20 ივლისს მმართველი პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ ელოდა ელჩი დეგნანისგან სასამართლო ხელისუფლების გადაწყვეტილებებში ჩარევაზე ბრალდების უარყოფას:
"ჩვენთვის საინტერესოა, მივიღოთ მკაფიო პასუხი იმასთან დაკავშირებით, თუ რა მოხდა, განხორციელდა თუ არა ზეწოლა, თან ასეთი უხეში ფორმით, როგორზეც საუბრობს მოსამართლე ჩხიკვაძე, ეს ფაქტი ან უნდა იყოს უარყოფილი ძალიან მკაფიოდ და ცხადად, ან ვიღაცამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა იმაზე, რომ კონკრეტული თანამშრომლის მხრიდან ზეწოლა განხორციელდა ქართველ მოსამართლეზე“.


