"შოკირებული ვიყავი ელჩი ჰარცელის მისამართით კომენტარების მოსმენისას"
21/07/2022 12:44:39 პოლიტიკა
"შოკირებული ვიყავი ამ კომენტარების მოსმენისას ელჩი ჰარცელის მისამართით", - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა განაცხადა.
დიპლომატის შეფასებით, ეს განცხადება უპატივცემულობა იყო იმ ადამიანის მიმართ, რომელმაც ამდენი იმუშავა საქართველოს ევროპული მომავლისთვის.
„შოკირებული ვიყავი ამ კომენტარების მოსმენისას ელჩი ჰარცელის მისამართით. ისეთი უპატივცემულობაა ადამიანის მიმართ, რომელიც ამდენად ბეჯითად მუშაობდა 4 წლის განმავლობაში საქართველოს ევროპული მომავლისთვის. ძნელი წარმოსადგენია ვინმე, ვინც მეტი გააკეთა საქართველოს დასახმარებლად მის ევროპულ გზაზე აქ მუშაობის პერიოდში. მე სრულად ვუჭერ მხარს იმას, თუ რამდენად ბეჯითად ცდილობდა საქართველოს დახმარებას. ყველამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა საკუთარ ქმედებებზე და აღიაროს ელჩის მიერ შესრულებული ძალიან კარგი სამუშაო. მან შესანიშნავი მესიჯი დაუტოვა საქართველოს მოსახლეობას და აღწერა თუ რამდენად სასიამოვნო იყო მისთვის საქართველოში ყოფნა“, - განაცხადა დეგნანმა.
გუშინ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ "საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი მხოლოდ უარყოფით როლს ასრულებდა ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობებში".
ცნობისთვის: მიმდინარე წლის 30 მაისს კარლ ჰარცელმა განაცხადა, რომ „საქართველოს შეეძლო, უკეთესად მომზადებულიყო იმ ისტორიული მომენტისთვის“, რომელიც „ასოცირებული ტრიოს“ ქვეყნებისთვის (უკრაინა, საქართველო, მოლდოვა) ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას გულისხმობდა. ელჩმა აღნიშნა, რომ ბოლო წლის განმავლობაში ევროკავშირს შეკითხვები გაუჩნდა მრავალ საკითხზე: არჩევნებზე; 5 ივლისის ძალადობრივ მოვლენებზე; უმცირესობების უფლებებზე; ჟურნალისტების დაცულობაზე; მართლმსაჯულების მიმართ ნდობის გაზრდასა და კანონის უზენაესობაზე; ადამიანის უფლებებზე, მათ შორის - პირადი ცხოვრების უფლების შემლახველ ფარული ჩაწერების პრაქტიკაზე და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებაზე.
ელჩმა აღნიშნა, რომ საქართველომ „შეანელა რეფორმების ტემპი“ და აქვს პრობლემები, რომელიც „პირდაპირ უკავშირდება ევროკავშირის მთავარ ღირებულებებს“ და რომელთა დაკავშირებითაც იყო „ევროკავშირის საჯარო რეაქციები“.
ბოლო პერიოდში „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები და მათი მხარდამჭერები საუბრობენ, რომ დასავლეთის ქვეყნებს საქართველოს ომში ჩაბმა სურთ. ისინი ქვეყნის ომში ჩართვის მცდელობაში თავდაპირველად ადანაშაულებდნენ ოპოზიციასა და უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებს, შემდეგ ევროკავშირის მიერ კანდიდატის სტატუსზე გადაწყვეტილების მიღებაც ომში ჩართვაზე უარს დაუკავშირეს.


