Accentnews.ge
"აშშ-ს საელჩოში არავინაა ისეთი, ვინც ცდილობს ზეწოლის მოხდენას რომელიმე მოსამართლეზე"

"აშშ-ს საელჩოში არავინაა ისეთი, ვინც ცდილობს ზეწოლის მოხდენას რომელიმე მოსამართლეზე"

21/07/2022 12:46:37 პოლიტიკა

საქართველოში აშშ–ის ელჩ კელი დეგნანის განცხადებით, აშშ-ს საელჩოში არავინაა ისეთი, ვინც ცდილობს ზეწოლის მოხდენას რომელიმე მოსამართლეზე.

„სასამართლო სისტემის წარმომადგენლებთან ჩვენი მუშაობა ორიენტირებულია დავეხმაროთ საქართველოს, განავითაროს დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი, გამჭვირვალე სასამართლო სისტემა. იმისთვის, რომ გამოტანილი გადაწყვეტილებები ეფუძნებოდეს კანონს, წარდგენილ მტკიცებულებებს და ამ გადაწყვეტილებების მიღება დამოუკიდებლად ხდებოდეს. სამწუხაროა იმის მოსმენა, რომ აქ მოსამართლეებზე ზეწოლა ხორციელდება და მინდა დაგარწმუნოთ, რომ ეს ზეწოლა არ მოდის აშშ-ის საელჩოსგან. მოხარული ვარ, რომ მქონდა მოსამართლეებთან შეხვედრის პატივი და ამ შეხვედრებზე განვიხილეთ ძალიან წარმატებული თანამშრომლობა, რომელიც აშშ-ს საქართველოსთან აქვს და ეხმარება საქართველოს, რომ ჰქონდეს უფრო დამოუკიდებელი და გამჭვირვალე სასამართლო სისტემა და ეს არის ძალიან წარმატებული თანამშრომლობა. აშშ-ს საელჩოში არავინ არის ისეთი, ვინც ცდილობს ზეწოლისა და გავლენის მოხდენას რომელიმე მოსამართლეზე ან გავლენის მოხდენას რომელიმე საქმეზე გადაწყვეტილებზე“, - აღნიშნა ელჩმა.

ცნობისათვის: აშშ- ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერმა ნედ პრაისმა გუშინ ბრიფინგი საქართველოზე საუბრით გახსნა. მისი თქმით, "დეზინფორმაცია და პერსონალური თავდასხმები აშშ- ის ელჩ კელი დეგნანზე და მის გუნდზე არ შეესაბამება პარტნიორებს შორის არსებულ თანამშრომლობას".

ბოლო პერიოდში „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები და მათი მხარდამჭერები საუბრობენ, რომ დასავლეთის ქვეყნებს საქართველოს ომში ჩაბმა სურთ. ისინი ქვეყნის ომში ჩართვის მცდელობაში თავდაპირველად ადანაშაულებდნენ ოპოზიციასა და უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებს, შემდეგ ევროკავშირის მიერ კანდიდატის სტატუსზე გადაწყვეტილების მიღებაც ომში ჩართვაზე უარს დაუკავშირეს.

8 ივლისს მიხეილ ყაველაშვილმა, რომელმაც "ქართული ოცნების" რიგები თანაგუნდელებთან – სოზარ სუბართან და დიმიტრი ხუნდაძესთან ერთად "შიდა პოლიტიკურ პროცესებზე საზოგადოებისთვის მეტი ინფორმაციის მიწოდების" მიზნით დატოვა, ევროკავშირზე შეთქმულების თეორიის გავრცელების შემდეგ სამიზნეში საქართველოში აშშ–ის ელჩ კელი დეგნანი ამოიღო.

ცოტა ხნის წინ აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა აღნიშნა, რომ ნარატივი, რომ ვინმეს საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ ომში ჩაბმა სურს, ФСБ-ს სახელმძღვანელოდან ამოღებული დეზინფორმაციაა.

მოგვიანებით, მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ გაავრცელა წერილი, რომელშიც აღნიშნა, რომ აშშ-ის საელჩომ "მთავსრი არხის" დირექტორის ნიკა გვარამიას საქმესთან დაკავშირებით ანგარიში მოსთხოვა:

„მას შემდეგ რაც, მე ნ. გვარამიას საქმეზე გამოვაცხადე განაჩენი, მე მქონდა შეხვედრა თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობაში ა.შ.შ.- ს საელჩოს ერთ-ერთი თანამშრომელთან (ა.შ.შ.-ს იუსტიციის დეპარტამენტის ხაზით კევინ ბურკთან), რომელმაც საუბრისას გამომკითხა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და მითხრა, რომ ელჩს აინტერესებს ამ საქმეზე რატომ მივიღე გამამტყუნებელი განაჩენი და განსაკუთრებით რატომ გამოვიყენე სასჯელად თავისუფლების აღკვეთა. ჩემი შეფასებით ეს იყო ანგარიშის მოთხოვნა კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით. ამას კი მოაყოლა, რომ სულ რამდენიმე დღეში დაგეგმილი ვიზიტში(სადაც 6 სისხლის პროფილის მოსამართლე) მივდიოდით ა.შ.შ-ში და სადაც ყველაფერი უკვე გაწერილი იყო, სამწუხაროდ ჩემი მონაწილეობა არასასურველი იქნებოდა და სიიდან ამოღებული ვიყავი".

ელჩი დეგნანი მოსამართლის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ "ნებისმიერი ვარაუდი, რომ აშშ ერეოდა სასამართლო პროცესში, სიმართლეს არ შეესაბამება".

მიუხედავად იმისა, რომ აშშ–ის ელჩმა არერთხელ გააკეთა კომენტარი ბრალდებებზე მის წინააღმდეგ კამპანია არ წყდება.

მაგალითად, 20 ივლისს მმართველი პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ ელოდა ელჩი დეგნანისგან სასამართლო ხელისუფლების გადაწყვეტილებებში ჩარევაზე ბრალდების უარყოფას:

"ჩვენთვის საინტერესოა, მივიღოთ მკაფიო პასუხი იმასთან დაკავშირებით, თუ რა მოხდა, განხორციელდა თუ არა ზეწოლა, თან ასეთი უხეში ფორმით, როგორზეც საუბრობს მოსამართლე ჩხიკვაძე, ეს ფაქტი ან უნდა იყოს უარყოფილი ძალიან მკაფიოდ და ცხადად, ან ვიღაცამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა იმაზე, რომ კონკრეტული თანამშრომლის მხრიდან ზეწოლა განხორციელდა ქართველ მოსამართლეზე“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S