"ნაცვლად იმისა, რომ სტრატეგიულ პარტნიორთან განვიხილავდეთ მზარდ საფრთხეებს, იგივე ლავროვის ბოლოდროინდელ განცხადებებს, ვაფუჭებთ იმას, რაც აშენებულა!"
21/07/2022 13:45:43 პოლიტიკა
საქართველო–ამერიკის დიპლომატიური ურთიერთობებიდან 30 წელი შესრულდა და ამ ხნის განმავლობაში ვერ ვიხსენებ ვერც ერთ ეპიზოდს, ასეთი დაძაბული ურთიერთობები გვქონოდა პარტნიორთან,– ასე აფასებს საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი თენგიზ ფხალაძე საქართველოში აშშ–ის ელჩ კელი დეგნანზე ორკესტრირებულ შეტევას, რასაც აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტში მწვავე კრიტიკით უპასუხეს.
ფხალაძის შეფასებით, სრულიად წარმოუდგენელი და დაუშვებელია ის, რაც ხდება, რადგან მსგავსი დამოკიდებულება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს აზიანებს, ამიტომ რიტორიკა მყისიერად შესაცვლელია და უნდა დავუბრუნდეთ კონსტრუქციული ურთიერთობების რეჟიმს:
„თუ კი საქართველო რუსეთმა ბოლომდე ვერ გადაყლაპა, თუ კი დღეს საქართველოს სახელმწიფო არსებობს, უპირველესად, ეს აშშ–ის დამსახურებაა! ნაცვლად იმისა, რომ ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორთან ვსაუბრობდეთ გამოწვევებზე, განვიხილადეთ მაგალითად, ბიჭვინთის თემატიკას (რომელიც ბოლო პერიოდში ფაქტობრივად იჩუქა რუსეთმა), განვიხილავდეთ მზარდ საფრთხეებს, იგივე ლავროვის ბოლოდროინდელ განცხადებებს, ვაფუჭებთ იმას, რაც აშენებულა! ეს დამაზიანებელია საქართველოს სახელმწიფოსთვის და ყველამ უნდა ავიმაღლოთ ამასთან დაკავშირებით ხმა!“
მისი ხედვით, ამ პროცესში ყველაზე მნიშვნელოვანია საზოგადოების დამოკიდებულება, რადგან პოლიტიკოსები გრძნობენ საზოგადოების მიერ მონიშნულ „წითელ ხაზებს“:
„ის, რომ ცალკეული პოლიტიკოსი დღეს თავს უფლებას აძლევს, ამგვარად ილაპარაკოს სტრატეგიულ პარტნიორთან, ზერელედ უყურებდეს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პერსპექტივას ან სხვა იმ საკითხებს, რაც უაღრესად მნიშვნელოვანია ქართული სახელმწიფოებრიობისთვის, ეს ჩემთვის უპირველეს ყოვლისა, მეტყველებს საზოგადოების სისუსტეზე და იმაზე, რომ ამ პოლიტიკოსებს მივეცით უფლება, დაივიწყონ, რომ ისინი საზოგადოების მსახურები არიან და გველაპარაკებიან ისე, როგორც არ უნდა ელაპარაკებოდნენ საზოგადოებას. უპირველესად, საზოგადოებამ უნდა დაამტკიცოს, რომ მას არა მხოლოდ სურს, შეუძლია, ამ ქვეყანაში ნამდვილად იყოს დასავლური კულტურა, დემოკრატია, დასავლური პოლიტიკური ინსტიტუტები!“.
***
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენელი ნედ პრაისი ტრადიციულ ბრიფინგზე გამოეხმაურა საქართველოში აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის მიმართ ხელისუფლების წარმომადგენლების რიტორიკას და განაცხადა, რომ ელჩს ვაშინგტონისგან სრული მხარდაჭერა აქვს.
ნედ პრაისმა 20 ივლისის ბრიფინგი საქართველოზე საუბრით გახსნა და თქვა, რომ საელჩო თბილისში ყველაფერს აკეთებს საქართველოს მოსახლეობის ევროატლანტიკური მისწრაფების მხარდასაჭერად.
მისი თქმით, დეზინფორმაცია და პირადი თავდასხმა კელი დეგნანსა და მის გუნდზე არ არის შესაბამისი იმ კომუნიკაციისა, რაც პარტნიორებს აქვთ.
"როგორც იცით, ევროპულმა საბჭომ საქართველოს გაუფართოვა ევროპული პერსპექტივა და მისცა საგზაო რუკა რეფორმებისა, რომელიც უნდა შესრულდეს იმისთვის, რათა საქართველომ მიიღოს კანდიდატის სრული სტატუსი. ჩვენ ვიცით, რომ საქართველოს მოქალაქეები, დიდი უმრავლესობით, მხარს უჭერენ ევროკავშირში გაწევრიანებას და ჩვენ, ცხადია, მხარს ვუჭერთ ამ მისწრაფებას. თუმცა, ბოლო დროს საქართველოს ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენლის რიტორიკა, თითქოს, მიზნად ისახავს საქართველოს მოქალაქეების ამ მიზნიდან გადახვევას. ელჩი დეგნანი და მისი გუნდი თბილისში მოწოდებულნი არიან, რომ იმუშაონ საქართველოს მოქალაქეებთან და მხარი დაუჭირონ მათ ევროატლანტიკურ მისწრაფებას. ელჩ დეგნანს ჩვენი სრული მხარდაჭერა აქვს. დეზინფორმაცია და პირადი თავდასხმა ელჩ დეგნანსა და მის გუნდზე არ არის შესაბამისი იმ კომუნიკაციისა, რაც პარტნიორებს აქვთ. ჩვენ განვაგრძობთ საერთო მიზნების მხარდაჭერას. 30 წელია მხარდამხარ ვმუშაობთ დემოკრატიულ რეფორმებზე, ეკონომიკურ განვითარებასა და უსაფრთხოების თანამშრომლობაზე, რაც უცვლელი რჩება. დღეს, აშშ მუშაობს ჩვენს პარტნიორებსა და მოკავშირეებთან ერთად, რათა პრეზიდენტ პუტინის ომი უკრაინაში დაასრულოს რაც შეიძლება მალე, რომ უზრუნველყოს უსაფრთხო მომავალი მთელი რეგიონისთვის. აშშ მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ვაგრძელებთ მშვიდობიანი მცდელობების მხარდაჭერას, რათა დასრულდეს საქართველოს ტერიტორიების 20%-ის ოკუპაცია".
20 ივლისს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ევროკავშირის ელჩ კარ ჰარცელზე, რომელსაც უფლებამოსილების ვადა ამოეწურა, განაცხადა, რომ ამ დიპლომატმა მხოლოდ ნეგატიური როლი ითამაშა საქართველო ევროკავშირის ურთიერთობებში. თემის კომენტირება არ ისურვა ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ კი თქვა, რომ ჰარცელს შეეძლო უკეთ ემუშავა, რათა საქართველო მიეღო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი.
აშშ–ის ელჩმა მსგავს დამოკიდებულებას შოკისმომგვრელი უწოდა, ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკური ხელმძღვანელის ჟოზეფ ბორელის პრე–სპიკერმა პიტერ სტანომ კი განაცხადა, რომ საკუთარი განუხორციელებელი ამბიციების გამო სხვების დადანაშაულება მხოლოდ ადასტურებს მეტი დროის საჭიროებას იმის გასაგებად, თუ როგორ მუშაობს ევროკავშირი:
„საქართველო: ევროკავშირის დღის წესრიგით გათვალისიწნებული რეფორმების განხორცილება ადგილობრივი პოლიტიკოსების ამოცანაა, საკუთარი განუხორციელებელი ამბიციების გამო სხვების დადანაშაულება მხოლოდ ადასტურებს იმას, რომ მეტი დროა საჭირო იმის გასაგებად, თუ როგორ მუშაობს ევროკავშირი და ეს რეფორმები საშინაო დავალებაა. ევროკავშირი სრულ მხარდაჭერას უცხადებს კარლ ჰარცელს, რომელმაც დიდი სამუშაო გასწია ევროკავშირ-საქართველოს დაახლოებისთვის".


